USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
კობახიძე - „საქართველოს რკინიგზის“ მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა
თარიღი:  33
„საქართველოს რკინიგზის“ მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა - ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება, ეს არის მკაფიო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც საქართველომ გააკეთა საკუთარი მომავლის, ეკონომიკური სიძლიერისა და გლობალურ პროცესებში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის ისტორიულ მნიშვნელობას და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებზე ისაუბრა.
“რკინიგზა ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ეკონომიკისა და დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი საყრდენი. საქართველოს ახალი ხვალინდელი დღის შესაქმნელად მუხლჩაუხრელად მუშაობს 10 000-ზე მეტი რკინიგზელი. 1872 წელს დაფუძნებული ქართული რკინიგზა დღეს, 153 წლის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადადის - ეტაპზე, რომელიც პასუხობს XXI საუკუნის გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სტანდარტებს და გლობალური ვაჭრობის ახალ რეალობას. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, 100-ზე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ლიანდაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია, რაც თანამედროვე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებულა. ამ პროექტის დასრულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, შემცირდა საოპერაციო ხარჯები, გაძლიერდა უსაფრთხოება და გაუმჯობესდა მგზავრთა კომფორტი. ჩვენ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ ხვალინდელ ეკონომიკას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს შუა დერეფანში და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში, როდესაც მიწოდების ჯაჭვები იცვლება, იზრდება უსაფრთხო, პროგნოზირებადი და სანდო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა.
“ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააზრებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გამყარებული უნდა იყოს. სწორედ ამ პოლიტიკის გამოხატულებაა საქართველოს მთავრობის ინიციატივები, ანაკლიის ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენი მომავალი სწორედ ინტერმოდალური ტრანზიტული ფუნქციაა, რომელიც ყველა სახის ტრანსპორტს ერთიან ეკოსისტემაში მოაქცევს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური პროცესების გაციფრულება, რაც აქტიურად მიმდინარეობს. შუა დერეფანი არის არა უბრალოდ ალტერნატიული გზა, არამედ ახალი სტანდარტი ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს ამ დერეფნის საკვანძო, სანდო და შეუცვლელ რგოლად - ქვეყანად, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას. რკინიგზის მოდერნიზაცია სწორედ ამ ხედვის ნაწილია. ის აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და ქმნის მყარ საფუძველს იმ მზარდი სავაჭრო ნაკადების მისაღებად, რომლებიც მომავალ წლებში ევროპასა და აზიას შორის კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში. აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე, არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი ნაბიჯებით შენდება საქართველოს უკეთესი მომავალი.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის