USD 2.6950
EUR 3.1604
RUB 3.4588
Tbilisi
კობახიძე - რა გაკეთდა ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის გასაზრდელად 1 წელიწადში?
Date:  366

საქართველოს მთავრობის მეთაური ტურიზმში გასული წლისა და 2024 წლის პირველი კვარტალის შედეგებით კმაყოფილია. როგორც მის წლიურ ანგარიშში წერია „ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება“.

28 ივნისს პარლამენტის წინაშე 1-წლიანი ანგარიშის წარდგენისას, რაც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, ირაკლი კობახიძე ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრებს და იმ სტატისტიკას წარმოადგენს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ის აქტივობები, რომელიც გასული წლის ივნისიდან მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. თუმცა ბიუჯეტისა და მიღებული შედეგების შესახებ საუბარი არ არის.

ანგარიშის მიხედვით, მარკეტინგული აქტივობების ხარისხიანი და მრავალფეროვანი შეთავაზებების ფორმირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შემდეგი ღონისძიებები გატარდა:

  • საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, განხორციელდა ინტეგრირებული კამპანია საერთაშორისო პლატფორმაზე − Bloomberg;
  • განხორციელდა ინტეგრირებული პიარ და მარკეტინგული კამპანია − KPNR გერმანიაში. კამპანიის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ისეთ ტუროპერატორებსა და გამოცემებთან, როგორებიც არის: TUI, DVR, Berliner Zeitung, Der Tagesspiegel, Frankfurter Allgemeine Zeitung, Falstaff, Globetrotter და სხვა;
  • ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ითანამშრომლა მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან − Skyscanner-თან;
  • ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე − Expedia 2023 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის მარკეტინგული კამპანია განახორციელა;
  • მარკეტინგული კამპანიის − The Hollywood Reporter-ის ფარგლებში ამერიკულ ჟურნალში ფილმის − „მოქალაქე წმინდანის“ შესახებ რეკლამა განთავსდა და ხელი შეეწყო მის პოპულარიზაციას;
  • ხორციელდება მარკეტინგული კამპანია − Treasures of Georgia, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ეწვივნენ ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი − Bettany Hughes და მისი გადამღები ჯგუფი. აღნიშნულის ფარგლებში მომზადდა ერთსაათიანი დოკუმენტური მასალა საქართველოს შესახებ − „Treasures of Georgia“, რომელიც გაშუქდა ბრიტანულ ტელევიზიაში − „Channel 4“ და სოციალურ არხებზე;
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საერთაშორისო გამოფენებს: Top Resa − საფრანგეთი, TT Warsaw − პოლონეთი, WTM London − დიდი ბრიტანეთი, MATKA − ფინეთი, FITUR − ესპანეთი, New York Travel and Adventure Show − აშშ, BaltTour − ლატვია, Health Tourism Expo − გერმანია, EMITT − თურქეთი, Satte India Expo Market − ინდოეთი, ITB Berlin 2024 − გერმანია, KITF 2024 − ყაზახეთი, ATM Dubai − არაბთა გაერთიანებული საამიროები, Riyadh Travel Fair − საუდის არაბეთი;
  • ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024, სადაც საქართველო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი;
  • განხორციელდა 63 პრესტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნიდან მოწვეულმა 304-ამდე მედიის წარმომადგენელმა და შედგა 9 გაცნობითი ტური 102 ტუროპერატორისთვის. ასევე განხორციელდა ციფრული ღონისძიება − „Traverse Winter Edition 2024“, სადაც მონაწილეობა მიიღო 150-ამდე ინფლუენსერმა;
  • საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, განხორციელდა ქვეყნის გაცნობითი ღონისძიება და B2B შეხვედრები სკანდინავიის ქვეყნებში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. დუბაიში. ამასთან, საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მონაწილეობა მიიღო შემდეგ ღონისძიებებში: m&i Summer Limassol; Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) Congress; M&I Lake Como; Kingdom Business Luxury Travel Congress; IBTM Barcelona 2023; ICCA-ს რიგით 62-ე საერთაშორისო კონფერენცია; ასევე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მონაწილეობა მიიღო შემდეგ გამოფენებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში: MCE Central & Eastern Europe; Luxury Travel Mart; Meetings Arabia Luxury Travel Mart; Pure Meetings and Events; Amour Forum Sardinia; Destination Wedding Planners Congress Zimbabwe; IMEX Frankfurt. ასევე, ქვეყნის გაცნობითი პრეზენტაცია და B2B შეხვედრა ჩატარდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში. 2023 წელს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებისა და პოტენციური დამკვეთების მოზიდვის მიზნით, გაიმართა ღონისძიება − „Discover Georgia powered by m&i“. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვია 55 ღონისძიების დამკვეთი ე.წ. „ბაიერი“;
  • ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადდა 2500-ამდე ადამიანი 10 სხვადასხვა თემატიკაში;
  • განხორციელდა 11 პრესტური, 1 ფოტოტური, 3 გასტრონომიული ტური და ასევე ჩატარდა შედმეგი ფესტივალები: „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, „ჯაზ&ვაინი“ − კახეთი, „წინანდლის ღვინის ფესტივალი“ − კახეთი, „ჭაჭის ფესტივალი“ − კახეთი, „ზამთრის სეზონის გახსნა“ − გუდაური, „გემო ფესტი“ − სვანეთი, ქუთაისი, „გიზგიზი“ − გუდაური, სვანეთი, ბაკურიანი;
  • ღვინის გზის პროექტში ჩაერთო 28 ახალი ობიექტი. ასევე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია 23 ახალი საოჯახო მარნისა და საწარმოსთვის, რომელთათვისაც საგზაო მანიშნებლები დამონტაჟდება 2024 წლის ბოლომდე;
  • ქვეყნის სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელს დაემატა 10 ახალი ბილიკი სამეგრელო - ზემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში, ჯამური სიგრძით − 185 კმ;
  • ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების, მომსახურების დონის გაზრდისა და ევროპარლამენტის დირექტივასთან ჰარმონიზაციისთვის, მიმდინარეობდა მუშაობა ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე, რომლის შედეგად საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“;
  • 2023 წლის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს ისეთ გამორჩეულ ღონისძიებას ტურიზმის გლობალური სექტორისთვის, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე, რომლის მთავარ თემატიკას წარმოადგენს „ტურიზმი და მშვიდობა“. ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში;
  • 2023 წლის განმავლობაში, გაფორმდა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება და მემორანდუმები ისრაელის სახელმწიფოსთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, გვატემალასა და შრი-ლანკასთან. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, მათთან დარგის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავებისა და ვიზიტორთა ნაკადების შემდგომი ზრდის შესანიშნავ საფუძველს.
World
კანადის პრემიერის მარკ კარნის ისტორიული გამოსვლა დავოსში
,, სასიამოვნოც არის და ვალდებულებაც — თქვენთან ყოფნა ამ გარდამტეხ მომენტში, როგორც კანადისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
დღეს ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, „ლამაზი ისტორიის“ დასრულებაზე და იმ მკაცრი რეალობის დასაწყისზე, სადაც გეოპოლიტიკა აღარ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას.
მაგრამ ამავე დროს გეუბნებით: სხვა ქვეყნები — განსაკუთრებით საშუალო ძალის სახელმწიფოები, როგორიცაა კანადა — უძლურნი არ არიან. მათ აქვთ უნარი, შექმნან ახალი წესრიგი, რომელიც გააცოცხლებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაკლებად ძლიერთა ძალა იწყება სიმართლით.
ყოველდღე გვახსენებენ, რომ ვცხოვრობთ დიდი ძალების დაპირისპირების ეპოქაში. რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ქრება. რომ ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები იტანენ იმას, რაც უწევთ.
დიდეს ეს აფორიზმი თითქოს გარდაუვალობადაა წარმოდგენილი — საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებრივი ლოგიკა, რომელიც კვლავ იჩენს თავს. და ამ ლოგიკის წინაშე ქვეყნებს ხშირად უჩნდებათ ცდუნება „შეუერთდნენ დინებას“: მოერგონ, თავი აარიდონ პრობლემებს, იფიქრონ, რომ მორჩილება უსაფრთხოებას მოუტანთ.
არ მოუტანს.
მაშ, რა არჩევანი გვაქვს?
1978 წელს ჩეხმა დისიდენტმა ვაცლავ ჰაველმა დაწერა ესსე სახელწოდებით „უძლურთა ძალა“. მან მარტივი კითხვა დასვა: როგორ ახერხებდა კომუნისტური სისტემა არსებობას?
მისი პასუხი იწყებოდა ბოსტნეულის გამყიდველით. ყოველ დილით ის მაღაზიის ვიტრინაში აკრავს პლაკატს: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ მას არ სჯერა ამის. არავის სჯერა. მაგრამ მაინც აკრავს — პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მორჩილების საჩვენებლად, „რათა საქმე მშვიდად წავიდეს“. და რადგან ყველა ქუჩაზე ყველა მაღაზია იგივეს აკეთებს, სისტემა გრძელდება.
არა მხოლოდ ძალადობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები მონაწილეობენ რიტუალებში, რომლებიც თავადაც იციან, რომ სიცრუეა.
ჰაველმა ამას უწოდა „ცხოვრება სიცრუეში“. სისტემის ძალა მოდის არა მისი სიმართლისგან, არამედ ყველას მზადყოფნისგან, მოიქცეს ისე, თითქოს ის მართალია. და მისი მყიფეობაც აქედან მოდის: როგორც კი ერთი ადამიანი შეწყვეტს ამ თამაშს — როგორც კი ბოსტნეულის გამყიდველი ჩამოხსნის პლაკატს — ილუზია იწყებს ბზარვას.
დროა კომპანიებმა და ქვეყნებმა ჩამოხსნან თავიანთი პლაკატები.
ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები, როგორიცაა კანადა, სარგებლობდნენ იმით, რასაც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ვუწოდებდით. ჩვენ შევედით მის ინსტიტუტებში, ვაქებდით მის პრინციპებს და ვიღებდით სარგებელს მისი პროგნოზირებადობისგან. მისი დაცვის ქვეშ შეგვეძლო ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოება.
ვიცოდით, რომ ეს ისტორია ნაწილობრივ მცდარი იყო. რომ ძლიერები საჭიროებისამებრ თავს ითავისუფლებდნენ წესებისგან. რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად სრულდებოდა. და რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვა სიმკაცრით ვრცელდებოდა — იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან მსხვერპლი.
ეს ფიქცია სასარგებლო იყო, და განსაკუთრებით ამერიკული ჰეგემონია უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ სიკეთეებს: ღია საზღვაო გზებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და დავების გადაწყვეტის ჩარჩოებს.
ამიტომაც დავკიდეთ პლაკატი. ჩავერთეთ რიტუალებში. და უმეტესად თავი ავარიდეთ რიტორიკასა და რეალობას შორის არსებული უფსკრულის გამოძახილს.
ეს შეთანხმება აღარ მუშაობს.
პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ ვცხოვრობთ რღვევის და არა გარდამავალი ეტაპის ეპოქაში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფინანსურმა, ჯანდაცვის, ენერგეტიკულმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა გამოავლინა უკიდურესი გლობალური ინტეგრაციის რისკები.
ახლახან კი დიდმა ძალებმა ინტეგრაცია იარაღად აქციეს: ტარიფები — ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურა — ზეწოლის საშუალებად, მიწოდების ჯაჭვები — სისუსტედ, რომელსაც ექსპლუატაციას უკეთებენ.
შეუძლებელია „იცხოვრო სიცრუეში“ ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის შესახებ, როდესაც ინტეგრაცია შენი დაქვემდებარების წყაროდ იქცევა.
მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომელზეც საშუალო ძალები ეყრდნობოდნენ — WTO, გაერო, COP — მნიშვნელოვნად დასუსტებულია.
შედეგად, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: საჭიროა მეტი სტრატეგიული ავტონომია — ენერგიაში, საკვებში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებში და მიწოდების ჯაჭვებში.
ეს იმპულსი გასაგებია. ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის გამოკვება, ენერგიით უზრუნველყოფა ან დაცვა, არჩევანი თითქმის არ აქვს. როცა წესები აღარ გიცავს, თავად უნდა დაიცვა თავი.
მაგრამ ნათლად დავინახოთ, სად მივყავართ ამას: ციხე-სიმაგრეების სამყარო უფრო ღარიბი, უფრო მყიფე და ნაკლებად მდგრადი იქნება.
და კიდევ ერთი სიმართლე არსებობს: თუ დიდი ძალები საბოლოოდ უარს იტყვიან წესებისა და ღირებულებების თუნდაც ფორმალურ შენარჩუნებაზე და დაუბრკოლებლად მიჰყვებიან ძალასა და ინტერესებს, „ტრანზაქციონალიზმის“ სარგებელი სულ უფრო რთული გასამეორებელი გახდება. ჰეგემონები ვერ შეძლებენ უსასრულოდურთიერთობების მონეტიზაციას.
მოკავშირეები დაიწყებენ დივერსიფიკაციას, გაურკვევლობისგან დაზღვევას, არჩევანის გაზრდას. ეს აღადგენს სუვერენიტეტს — სუვერენიტეტს, რომელიც ადრე წესებზე იყო დაფუძნებული, ხოლო ახლა უფრო მეტად უნარზე იქნება დამყარებული, გაუძლოს ზეწოლას.
როგორც ვთქვი, ეს კლასიკური რისკმენეჯმენტი ფასიანი სიამოვნებაა, მაგრამ სტრატეგიული ავტონომიის, სუვერენიტეტის ეს ფასი შეიძლება გაზიარებული იყოს. კოლექტიური ინვესტიციები მდგრადობაში იაფია, ვიდრე ყველასთვის საკუთარი ციხის აშენება. საერთო სტანდარტები ამცირებს ფრაგმენტაციას. ურთიერთშემავსებლობა დადებითი ჯამია.
საშუალო ძალებისთვის, როგორიცაა კანადა, კითხვა არ არის — მოვერგოთ თუ არა ახალ რეალობას. უნდა მოვერგოთ. კითხვა ის არის: მოვერგებით მხოლოდ კედლების ამაღლებით, თუ შევძლებთ უფრო ამბიციურს?
კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოფხიზლების ზარს მოუსმინა და საფუძვლიანად შეცვალა სტრატეგიული პოზიცია.
კანადელებმა იციან, რომ ძველი, კომფორტული დაშვება — თითქოს გეოგრაფია და ალიანსები ავტომატურად გვაძლევდა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას — აღარ არის მართებული.
ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ სტუბი „ღირებულებებზე დაფუძნებულ რეალიზმს“ უწოდებს — სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვინდა ვიყოთ პრინციპულიც და პრაგმატულიც.
პრინციპულები — ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს ქარტიის ფარგლებს გარეთ, ადამიანის უფლებების პატივისცემა.
პრაგმატულები — იმ რეალობის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. ჩვენ ფართოდ და სტრატეგიულად ვურთიერთობთ, გახელილი თვალებით. ვმოქმედებთ სამყაროში ისეთად, როგორიც არის — და არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა რომ იყოს.
კანადა აკალიბრებს ურთიერთობებს ისე, რომ მათი სიღრმე ასახავდეს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ვანიჭებთ პრიორიტეტს ფართო ჩართულობას, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი გავლენა — მსოფლიო წესრიგის რისკებისა და მომავალი ფსონების გათვალისწინებით.
ჩვენ აღარ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენი ღირებულებების ძალას — არამედ ჩვენი ძალის ღირებულებასაც.
ჩვენ ვაშენებთ ამ ძალას შინ.
ჩემი მთავრობის მოსვლის შემდეგ შევამცირეთ გადასახადები შემოსავლებზე, კაპიტალურ მოგებაზე და ბიზნესინვესტიციებზე; მოვხსენით ყველა ფედერალური ბარიერი შიდაპროვინციულ ვაჭრობაში; დაჩქარებული წესით ვახორციელებთ ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, კრიტიკულ მინერალებში, ახალ სავაჭრო დერეფნებსა და სხვა სფეროებში.
2030 წლამდე ვაორმაგებთ თავდაცვის ხარჯებს და ამას ვაკეთებთ ისე, რომ გავაძლიეროთ შიდა ინდუსტრიები.
ჩვენ სწრაფად ვახდენთ დივერსიფიკაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გავაფორმეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთან, მათ შორის შევუერთდით SAFE-ს — ევროპის თავდაცვის შესყიდვების სისტემას.
ბოლო ექვს თვეში ოთხ კონტინენტზე თორმეტი სხვა სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმება გავაფორმეთ.
ბოლო დღეებში კი ახალი სტრატეგიული პარტნიორობები დავამყარეთ ჩინეთთან და ყატართან.
ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებს ინდოეთთან, ASEAN-თან, ტაილანდთან, ფილიპინებთან, მერკოსურთან.
გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ვიყენებთ „ცვლად გეომეტრიას“ — სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა კოალიციებს, ღირებულებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ მსურველთა კოალიციის ბირთვული წევრი და ერთ-ერთი უდიდესი ერთ სულ მოსახლეზე დამცველი და უსაფრთხოების მხარდამჭერი.
არქტიკის სუვერენიტეტზე ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიასა და დანიასთან ერთად და სრულად ვუჭერთ მხარს გრენლანდიის უნიკალურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენი ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ ურყევია.
ჩვენ ვმუშაობთ ნატოს მოკავშირეებთან (მათ შორის სკანდინავიურ-ბალტიურ ქვეყნებთან ), რათა კიდევ უფრო გავამაგროთ ალიანსის ჩრდილოეთი და დასავლეთი ფლანგები — მათ შორის უპრეცედენტო ინვესტიციებით ზეჰორიზონტულ რადარებში, წყალქვეშა ნავებში, ავიაციაში და ადგილზე განლაგებულ ძალებში. კანადა მკაცრად ეწინააღმდეგება გრენლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს და მოითხოვს მიზნობრივ მოლაპარაკებებს არქტიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების მისაღწევად.
პლურილატერალურ ვაჭრობაში ჩვენ ვუჭერთ მხარს ძალისხმევას, შეიქმნას ხიდი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის — ახალი სავაჭრო ბლოკი 1.5 მილიარდი ადამიანისთვის.
კრიტიკულ მინერალებზე ვქმნით მყიდველთა კლუბებს G7-ის ფარგლებში, რათა მსოფლიო გათავისუფლდეს კონცენტრირებული მიწოდებისგან.
ხელოვნურ ინტელექტში ვთანამშრომლობთ თანამოაზრე დემოკრატიებთან, რათა საბოლოოდ არ დაგვჭირდეს არჩევანი ჰეგემონებსა და ჰიპერსკეილერებს შორის.
ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. არც დასუსტებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის მოქმედი კოალიციების აშენება — საკითხიდან საკითხამდე — პარტნიორებთან, ვისთანაც საკმარისი საერთო გვაქვს ერთობლივი მოქმედებისთვის. ზოგ შემთხვევაში ეს იქნება ქვეყნების დიდი უმრავლესობა.
და ეს არის ვაჭრობის, ინვესტიციისა და კულტურის მჭიდრო ქსელის შექმნა, რომელზეც მომავალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებში დავეყრდნობით.
საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ.
დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო თამაში — მათ აქვთ ბაზრის ზომა, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების დასაწესებლად. საშუალო ძალებს — არა.
და როცა ჰეგემონთან მხოლოდ ორმხრივად ვლაპარაკობთ, სუსტ პოზიციაში ვიმყოფებით, ვიღებთ იმას, რასაც გვთავაზობენ. ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ იქნება უფრო დამყოლი.
ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს არის სუვერენიტეტის თამაში დაქვემდებარების მიღებით.
დიდ ძალათა კონკურენციის სამყაროში შუაში მყოფ ქვეყნებს არჩევანი აქვთ: ერთმანეთს შეეჯიბრონ კეთილგანწყობისთვის, თუ გაერთიანდნენ და შექმნან მესამე გზა — გავლენიანი გზა.
მყარ ძალაზე ზრდამ არ უნდა დაგვაბრმავოს იმ ფაქტის მიმართ, რომ ლეგიტიმურობის, მთლიანობისა და წესების ძალა კვლავ ძლიერი დარჩება — თუ ერთად ავამოქმედებთ.
და აქ ვუბრუნდები ჰაველს.
რას ნიშნავს საშუალო ძალებისთვის „ცხოვრება სიმართლეში“?
ეს ნიშნავს რეალობის სახელის დარქმევას. შეწყვიტეთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ მოხმობა ისე, თითქოს ის კვლავ მუშაობს ისე, როგორც აღწერილია. უწოდეთ სისტემას ის, რაც არის: დიდი ძალების მზარდი კონკურენციის პერიოდი, სადაც ყველაზე ძლიერები ეკონომიკურ ინტეგრაციას ზეწოლის იარაღად იყენებენ.
ეს ნიშნავს თანმიმდევრულ მოქმედებას. ერთნაირი სტანდარტების გამოყენებას მოკავშირეებსა და მეტოქეებზე. როცა საშუალო ძალები აკრიტიკებენ ეკონომიკურ ზეწოლას ერთი მხრიდან და დუმილს ინარჩუნებენ მეორეზე — ისინი კვლავ ტოვებენ პლაკატს ფანჯარაში.
ეს ნიშნავს იმის აშენებას, რისიც გვჯერა. ძველი წესრიგის დაბრუნების მოლოდინის ნაცვლად — ისეთი ინსტიტუტებისა და შეთანხმებების შექმნას, რომლებიც რეალურად მუშაობს.
და ეს ნიშნავს ზეწოლის ბერკეტების შემცირებას. ძლიერი შიდა ეკონომიკის აშენება ყოველთვის უნდა იყოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. საერთაშორისო დივერსიფიკაცია არა მხოლოდ ეკონომიკური წინდახედულობაა — ეს არის გულწრფელი საგარეო პოლიტიკის მატერიალური საფუძველი. ქვეყნები იმსახურებენ პრინციპულ პოზიციებს მაშინ, როცა ამცირებენ საკუთარ მოწყვლადობას შურისძიების მიმართ.
კანადას აქვს ის, რაც მსოფლიოს სჭირდება. ჩვენ ენერგეტიკული ზესახელმწიფო ვართ. გვაქვს კრიტიკული მინერალების უზარმაზარი მარაგი. გვყავს მსოფლიოში ყველაზე განათლებული მოსახლეობა. ჩვენი საპენსიო ფონდები მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და დახვეწილია. გვაქვს კაპიტალი, ტალანტი და მთავრობა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფისკალური შესაძლებლობები გადამწყვეტი მოქმედებისთვის.
და გვაქვს ღირებულებები, რომელთა მიმართ სხვები ისწრაფვიან.
კანადა არის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც მუშაობს. ჩვენი საჯარო სივრცე ხმაურიანი, მრავალფეროვანი და თავისუფალია. კანადელები კვლავ ერთგულნი არიან მდგრადობის.
ჩვენ ვართ სტაბილური, სანდო პარტნიორი — სამყაროში, რომელიც ასეთად აღარ არის — პარტნიორი, რომელიც ურთიერთობებს აშენებს და აფასებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
კანადას აქვს კიდევ რაღაც: გააზრება იმისა, რაც ხდება, და გადაწყვეტილება, იმოქმედოს შესაბამისად.
ჩვენ გვესმის, რომ ეს რღვევა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ადაპტაციას. ის მოითხოვს გულწრფელობას სამყაროს მიმართ — ისეთად, როგორიც არის.
ჩვენ ვიღებთ პლაკატს ფანჯრიდან.
ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება. არ უნდა ვიგლოვოთ იგი. ნოსტალგია არ არის სტრატეგია.
მაგრამ ბზარიდან შეგვიძლია ავაშენოთ რაღაც უკეთესი, ძლიერი და უფრო სამართლიანი.
ეს არის საშუალო ძალების ამოცანა — მათ აქვთ ყველაზე მეტი დასაკარგი ციხე-სიმაგრეების სამყაროში და ყველაზე მეტი მოსაპოვებელი ნამდვილი თანამშრომლობის სამყაროში.
ძლიერებს აქვთ თავიანთი ძალა. მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც — უნარი, შევწყვიტოთ მოჩვენება, დავარქვათ სახელი რეალობას, გავაძლიეროთ საკუთარი თავი შინ და ვიმოქმედოთ ერთად.
ეს არის კანადის გზა. ჩვენ მას ღიად და თავდაჯერებულად ვირჩევთ.
და ეს არის გზა, რომელიც ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვინც მზად არის, მას ჩვენთან ერთად დაადგეს.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way