რუსების მიერ ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კიევში დაშავებულია 44 ადამიანი. რუსებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 27 ლოკაცია დაბომბეს.
უკრაინული მედიის ცნობით, დანგრეული შენობების გაწმენდის და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.