USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
ხვიჩა კვარაცხელია ბლოგი - საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს ! რა თქმა უნდა ?!
თარიღი:  23190

კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ. 

კითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. 

ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა.

კითხე! იცით რა მოხდება? 

ჯერ, სანამ გიპასუხებენ … შეგხედავენ. ეს ნეტა გიჟი ხო არააო? 

ვინ მოიგებსო??

„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა.“ რა თქმა უნდა.

მოგაშტერდებიან ასეთი კითხვის დასმისთვის: დებილი ხომ არ ხარ? 

„საქართველო თუ არა - ვინ მოიგებს?!?!?!“

„სულელი ხარ. ძალიან სულელი.“

ზოგი ამბობს: „ეს ხომ პირველად გადიხართ ევროპის ჩემპიონატზე“

Vano Shlamov/AFP via Getty

არა უშავს! არ აქვს მნიშვნელობა!

„საქართველო მოიგებს!“ ასე გიპასუხებს მოხუცებული ქალბატონი. 

ქართველები ასეთები არიან. ყველაფერში. 

იცი, რომელია საუკეთესო სამზარეულო?

ესპანური? იტალიური? იაპონური? ჰაჰაჰაჰა.

ქართული!!!!!

საუკეთესო მუსიკა?

ქართული!!!!

მართლა, არ ვიცი რატომაა ასე. ალბათ უფლისგან მოდის. თითქოს ასეთებად ვიბადებით. საქართველოში ყველაფერი საუკეთესოა. 

მეც ასე ვამბობ. 

ასე რომ, ჩემთვის… რა თქმა უნდა ხინკალი საუკეთესო კერძია და რა თქმა უნდა შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მე არ გამოვრიცხავ! 

ახლა ჩემი აქ ყოფნა გამაოგნებელია. დიდი არ ვარ, ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ ბევრი ღელვა გამოვიარე – ცხოვრებაში, ფეხბურთში. სერიოზული რბოლა, ნამდვილი ამერიკული მთები, თუ რა ქვია იმ ატრაქციონს? Roller coaster. ასეთია ჩემი ცხოვრება.

მოგიყვები. 

პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში, როდესაც სკოლა არ იყო, ყოველ დღე გავდიოდით გარეთ ფეხუბურთის სათამაშოდ. ბავშვები ბევრნი ვიყავით. პატარა ტურნირებს ვაწყობდით. ოთხი კორპუსი იყო და ცენტრში გვქონდა “სტადიონი„ ოღონდ ცემენტის. მოგვიანებით, ტორფი გვეღირსა, მაგრამ თავიდან ცემენტზე ვთამაშობდით. სულ ახლეჩილი გვქონდა ხოლმე მუხლები, დასისხლიანებული. 

და ყველაზე მაგარი იცი რა იყო? ხალხი ფანჯრებიდან გვიყურებდა, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ.

ქართველებს უყვართ სპორტი, მაგრამ ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად. სულ ასე იყო. რა მატჩიც არ უნდა იყოს - მაინც უყურებენ. ამხანაგური იქნება, თუ გარეთ მოთამაშე ბავშვები - არ აქვს მნიშვნელობა, მაყურებელი ყოველთვის გყავს. 

Antonio Balasco/Kontrolab via Getty

ხანდახან ღამე ვთამაშობდით, როცა წესით ბავშვებს სძინავთ. ვიწყებდით ხოლმე ჩხუბს და თამაშზე კამათს და ბავშვებს ვაღვიძებდით. მშობლები გვიბრაზდებოდნენ და ეს იყო ღამის თამაშების დასასრული. ნამეტანს ვხმაურობდით და დაგვასრულებინეს ჩვენი „ჩემპიონთა ლიგა“. 

მე ძალიან არ ვყვიროდი, ძირითადად მშვიდად ვიყავი. პირველი არასოდეს ვიწყებდი ჩხუბს. ზოგჯერ ამბობდნენ ეს ბიჭი მორცხვიაო (ეხლაც ასე ამბობენ), მაგრამ არ ვარ მორცხვი, უბრალოდ ყველას პატივს ვცემ.  

მაგრამ. მაგრამ!!! 

ჩემს მეგობრებს ან ახლობლებს თუ ეხებიან, ვმხეცდები. მენტალიტეტია ასეთი, ხომ გესმის? მე პირველი არასოდეს ვიწყებ ჩხუბს, მაგრამ შემიძლია დავასრულო. განსაკუთრებით, მეგობარი თუ მყავს გასაჭირში და უნდა დავეხმარო. 

დედაჩემი ვერ იტანდა ამ ჩემს ჩვევას. სულ მეუბნებოდა „რატომ ჩხუბობ? დაწყნარდი.“

მაგრამ, ჩემს სამშობლოში მეგობარს გასაჭირში არავინ დატოვებს. 

თბილისის დინამოს აკადემიაში სიარულისას მეტი ფეხბურთი და ნაკლები ჩხუბი მქონდა. სწავლება ისეა გამართული, იცი რომ შეგიძლია კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე. შეხედე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს - თითქმის ყველა მოთამაშემ ამ აკადემიაში ისწავლა.

ძნელი იყო. პირველ გუნდში ვიყავი და ჩემზე უფროსი მოთამაშეები ცოტა სხვანაირად მიყურებდნენ, თითქოს ამბობდნენ: „ეს ბიჭიღა გვაკლდა!“

მაშინ პატარა ვიყავი და არავინ მიცნობდა.

 

„ვინაა საერთოდ ეს ბიჭი?“ 15 წლის ვიქნებოდი… სერიოზულ მოთამაშეებთან მქონდა საქმე და ჩემი მისამართით შემთხვევით გამიგონია ნათქვამი: „ეხლა ეს ბიჭიც თამაშობს და ალბათ წავაგებთ“ ან კიდევ: „არა რა, ოღონდ ეს ბიჭი არა“.

ცოტა მეტირებოდა… ვფიქრობდი, რომ ცუდათ ვთამაშობდი და გული მტკიოდა. ასე რომ ჩემს თავს ვუთხარი: მე ამათ ნაღდათ უნდა ვანახო, რომ შემიძლია კარგად თამაში.

ჩემი მენტალიტეტი მაშინ გამაგრდა. მოტივაცია იყო ჩემთვის და მარგო.

შემდეგ რუსეთში წავედი, მოსკოვში. 17 წლის ვიყავი, თითქმის 18. პატარა ვიყავი და სულ მარტო. ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ, მამაჩემი განსაკუთრებით. გამიძნელდა, დიდი სტრესი იყო ოჯახის დატოვება.

Pavel Lisitsyn/Sputnik via AP

ვარჯიში როცა დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი: აქ რისთვის ჩამოვედი? ჩემი ოჯახის გვარი მაისურზე მაწერია, ესე იგი ჩემი ოჯახი ჩემთანაა. მათთვის უნდა ვიმუშავო, მხოლოდ ჩემთვის არა. არ მაქვს უფლება გული ავუცრუო, აუცილებლად უნდა იამაყონ ჩემით.

ასე რომ გავმაგრდი.

რუსეთში ქართველი საბა კვირკველიაც იყო და ძალიან დამეხმარა. სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობაში მეხმარებოდა, თავისთან ერთად მატარებდა ხანდახან და მიცავდა. თამაში როდესაც დავიწყე მწვრთნელს ძალიან მოვეწონე. დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ სერიოზული ზრდა მქონდა იმ პერიოდში - ფიზიკური, გონებრივი და პირადი.

ოღონდ მარტოსული ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ქუჩის ძაღლები და არა მარტო ძაღლები იყო გარშემო. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ წავსულვარ. არსად.

ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.

„ეი, ვინ დარბის მანდ????“

მე.

დრიბლინგი სიბნელეში.

დაცვის ბიჭი, კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა „მორჩი რა, დაამთავრე.“

მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამ-ღამობით ვმუშაობდი, ყოველ ღამე.

Craig Williamson/SNS Group via Getty

სულ იმას ვფიქრობდი, რომ არ შემიძლია ცუდათ თამაშის გამო დავბრუნდე საქართველოში. კარგად უნდა ვითამაშო. ბევრი უნდა ვიმუშავო. ჩემი ოჯახი და ქვეყანა მიყურებს.

საქართველოს, ქართველ ხალხს მუდამ გულით ვატარებ. სამშობლოს სიყვარული ასეთია. ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, ჩემი გულშემატკივარი ბავშვებისთვის (თუნდაც არ იყვნენ გულშემატკივრები, მაინც ქართველები არიან და მათთვის ვაკეთებ ყველაფერს).

სულ მინდა, რომ ვაამაყო.

2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო ვიფიქრე „მე აქ ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე.

გადავედი ბათუმის დინამოში, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში. იცი, რომელ ქვეყანას ვგულისხმობ!!

სახლში დაბრუნება მაგარი იყო. დავფრინავდი სიხარულისგან. სტადიონები სავსე იყო ხოლმე მაყურებლით. თითქოს ჩემს უბანში დავბრუნდი და ისევ ცემენტზე ვთამაშობ.

ოღონდ დასისხლიანებული მუხლები აღარ მქონდა. 

ნაპოლიში გადასვლა ბადრის დამსახურებაა. ბადრი - მამაჩემია. 

მარადონა მისი კერპი იყო. 

მამაჩემი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. აზერბაიჯანში თამაშობდა. ბავშვობაში სულ მის ვიდეოს ვუყურებდი და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო მამა.

ვინმე მესიზე ან რონალდოზე თუ ლაპარაკობდა, მე ვპასუხობდი ხოლმე, „არა, არა, არა … მამაჩემი უკეთესია.“

შვიდი ან რვა წლის ბავშვები ვიყავით და ვკამათობდით, საუკეთესო ფეხბურთელებზე. დანარჩენები ამბობდნენ „რონალდინიო არის ყველაზე მაგარი.“

მე კი სულ ვამბობდი, „არა, არა, არა, თქვენ მამაჩემი არ გინახავთ.“

ჰაჰაჰაჰა. 

„მამაჩემი უკეთესია, ვიდეოს განახებთ!“ 

YouTube-ზე თუ მოძებნი, ბევრს არაფერს ამოაგდებს, მაგრამ მე DVD მქონდა. დედა სულ მაყურებინებდა. მამა ძალიან მაგრა ასრულებდა თავისუფალ დარტყმებს. იმდენად შთამბეჭდავი იყო, ჩემს მეგობრებს სულ ვეპატიჟებოდი ჩემთან, რომ ენახათ. 

 

რა თქმა უნდა, როდესაც წამოვიზარდე, მეც მივხვდი, რომ რონალდინიო… ხო, შეიძლება უკეთესიც იყოს.

 ოღონდ სულ ცოტათი.

ბავშვობიდან მესმოდა, როგორ აღმერთებდა მამაჩემი მარადონას. 

ასე რომ, როდესაც ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ნაპოლი მეპატიჟება, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მამა? ვერ იჯერებდა

მამა მეუბნებოდა, „ნაპოლისთვის უარის თქმა არ შეგიძლია! მარადონას კლუბს უარს ვერ ეტყვი!“

მოკლედ, ბევრი არ გვიფიქრია. არანაირი დებატი არ ყოფილა ამ თემაზე.

„უნდა წახვიდე.“

ემოციებს ვერ ავღწერ. მე ვამბობდი, „წავედით. ჩქარა. დროზე უნდა ჩავიდე.“

Roberto Salomone for The Players' Tribune

ნეაპოლში როდესაც ჩავედი, პირველი რაც მითხრეს ჩემმა თანაგუნდელებმა იყო: „იმღერე.“

ვახშამზე ტრადიციაა სიმღერა. ყველა ახალი მოთამაშე მღერის. მეც ვიფიქრე, რა პრობლემაა? 

კიმ მინ ჯემ დაიწყო და… რა ქვია იმ სიმღერას? 

„Gangnam Style.“ 

მაგარი იყო. მართლა ძალიან მაგარი, ამიტომ ზეწოლა ვიგრძენი. 

ჰოდა ავირჩიე სიმღერა. 

ადრე, როდესაც რუსეთში ვთამაშობდი ყაზანის რუბინში, ერთმა ახალმა მოთამაშემ იმღერა რაღაც სიმღერა ვახშამზე. კარგი იყო, მართალია სიმღერა არ ვიცოდი, მაგრამ მაშინ ვიფიქრე „შემდეგში სადაც წავალ, ეს სიმღერა უნდა ვიმღერო“. 

სიმღერა ასეთია „ლალა, ლა, ლა, ლა...“ 

ეს ვიმღერე ნაპოლისთან პირველ დღეს. ჩემმა თანაგუნდელებმა, როდესაც გაიგონეს, მითხრეს: „შენ გონიერი ბიჭი ყოფილხარ. კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდა ნაპოლის ქომაგებზე, ხო?“ 

მე აზრზე არ ვიყავი.

ვახშმის შემდეგ, მარიო რუი მეუბნება „ეს სიმღერა არის Live is Life. მარადონას სიმღერაა, მან გახადა პოპულარული მოთელვითი ვარჯიშების დროს, მატაობისას.“ 

გეფიცები, არ ვიცოდი, მაგრამ გულშემატკივრებს მართლა გაუხარდათ ამ სიმღერის გაგონება. იღბალია, მეტი არაფერი.

მახსოვს, ნეაპოლში პირველი დღეები ყველგან მარადონას ვხედავდი. მარადონა, მარადონა, მარადონა. იქ მარადონა - ღვთაებაა. მამაჩემს მოვუყევი და მეუბნება „დროზე ჩამომიყვანე მანდ!“ 

თავიდან ვარჯიშებზე ტაქსით დავდიოდი, იმიტომ რომ ჩემი მანქანა არ მყავდა. მერე, როდესაც ვნახე როგორ დაყავთ მანქანები, ვიფიქრე „შანსი არაა, მე აქ მანქანას ვერ ვატარებ.“

სასტუმროში მივედი თუ არა, ხედები მეცა თვალში… ღმერთო, ცხოვრებაში ასეთი სილამაზე არ მინახავს, მართლა. 

მახსოვს, ქალაქში სასეირნოდ დავდიოდი და 70 წლის მოხუცებიც კი უკვე მიცნობდნენ. ჯერ თამაშიც არ მქონდა დაწყებული და ხალხი უკვე მაჩერებდა და მეუბნებოდა „შენ ხარ კვარაცხელია!“

 „დიახ, გახლავართ!“ 

მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, ბათუმის დინამოში ვთამაშობდი, ძნელად წარმოსათქმელი სახელი მაქვს, მაგრამ ბებიები, ბაბუები - ყველა მიცნობს. 

Jonathan Moscrop/Getty

მეგობრებს ხშირად ვეუბნები: ქართველები და ნეაპოლიტანელები თითქმის ერთნაირები ვართ. ფეხბურთზე ერთნაირად ვგიჟდებით. ცხოვრებას საერთოდ რაღაცნაირად… გიჟურად ვცხოვრობთარ ვიცი ზუსტად როგორ გამოვთქვა, ალბათ ცეცხლი, ენერგიაა ამის საწყისი. საქართველოშიც ასე ვიცით.

ჩემს ქართველ მეგობრებს სულ ვეუბნები „ნეაპოლიტანური პიცა და პასტა უნდა გასინჯოთ.“ 

სხვას რას ვეუბნები?

„ერთი მატჩი უნდა ნახოთ Stadio Maradona-ზე“ 

არასოდეს დამავიწყდება, როგორ მოვხვდი პირველად მარადონას სტადიონზე. შიგნით ულამაზესი იყო, გასახდელებიც კი. თამაშის დაწყებამდე, მე არ მაქვს მოედანზე გასვლის ჩვევა. ზოგი მოთამაშე გადის, ბალახს სცდიან, მუსიკას უსმენენ ხალხთან ერთად. მე არასოდეს გავსულვარ, მაგრამ მარადონას სტადიონზე პირველად ვიფიქრე: იქნებ გავალ მაინც, უნდა ვნახო.

გავდივარ და… თვალწარმტაცია! თან გახურებისას უკვე სავსეა სტადიონი. შეუძლებელია ემოციების აღწერა. ისმის ის სიმღერა „ლა, ლა, ლა“ მოთელვის დაწყებისას, შემდეგ სხვა მარადონას სიმღერა იწყება „ოლე, ოლე, ოლე,“ და მერე გულშემატკივრები მღერიან „დიეგო, დიეგო.“ 

ასე რომ, ახლა, როდესაც გახურებას ვიწყებ, მეც ყოველთვის ვმღერივარ „დიეგო, დიეგო“-ს. 

მამაჩემს უყვარს ძალიან. 

გულშემატკივრები კიდე სულ სხვა ამბავია. შარშან, სკუდეტო რომ მოვიგეთ, იუვენტუსის შემდეგ, ვბრუნდებით ნეაპოლის აეროპორტში და ავტობუსში ჩასხდომას ვცდილობთ, მაგრამ გულშემატკივრებმა ისეთი ფერადი ბოლი დააყენეს, რომ ვეღარაფერს ვხედავდით. ავტობუსში სუნთქვაც გვიჭირდა, მძღოლს კონდიციონერი ჩავართმევინეთ, ოდნავ შვება რომ გვქონოდა, მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა. ფაქტიურად ვერ ვსუნთქავდით და გარშემო მხოლოდ ლურჯ-თეთრი ბოლი იდგა. 

სამაგიეროდ ხალხი იყო უბედნიერესი. მთელი ქალაქი მეშვიდე ცაზე იყო. ყველა, სულ ყველა…

და მეც. 

ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ მარადონას კლუბში თამაშით. 

ცოტა ძნელი ბავშვობა მქონდა საქართველოში. აქ დეტალებს მოვერიდები, მაგრამ სულ არ იყო ადვილი, ხომ გესმის? ახლა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ნაპოლიში თამაშით ჩემს ქვეყანას ვახარებ. ყველა გვიყურებს, ყველა გვადევნებს თვალყურს. 

საქართველოში რომ ვბრუნდებოდი და ვხედავდი ბავშვებს მაისურებზე ჩემი გვარი აწერიათ - ვერ ვიჯერებდი. მეგონა ეს კვარაცხელია ალბათ ვინმე სხვაა. 

ასეთ რამეზე არც მიოცნებია, იმდენად მიუღწევლად მეჩვენებოდა. დღეს კი, როცა ვხედავ, შთაგონებას მაძლევენ. 

ახლა კი ევროპის ჩემპიონატი… შეგვიძლია საქართველო გავაბედნიეროთ. 

ქართველებისთვის ეს ყველაფერი სიზმარივითაა.  

მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ მგონი გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა

Giorgi Arjevaidze/AFP via Getty

საბერძნეთის წინააღმდეგ ფინალური პლეიოფი ცოტა მძიმე იყო. ყოველდღე, ყოველ წამს ამ თამაშზე ვფიქრობდი. 

ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ. უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრების გულისთვის. ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩემი ხალხისთვის.

სტრესი. ზეწოლა, რასაკვირველია. 

ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ, 100 პროცენტით. პენალტებში განსაკუთრებით. პენალტები ჩემთვის ყოველთვის 50-50-ზეა. არავინ არ იცის, როგორ დასრულდება. 

პენალტები როცა დაიწყო და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. საშინლად ვნერვიულობდი, ვერ ვწყნარდებოდი, ნამეტან ზეწოლას ვგრძონბდი. ყველას გავერიდე, არ მინდოდა ვინმეს ვენახე.

მარტო. 

ვკანკალებდი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეკარე გვყავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ღმერთო, მიდით ბიჭებო. ბოლო პენალტი კვეკვესკირის იყო და ვუთხარი, ნიკა შენ უნდა დაასრულო.

გოლი რომ გაიტანა, მიწაზე დავეცი და „ვაიმე გამოგვივიდა“-მეთქი. 

ყველა უბედნიერესი იყო. 

ჩემმა ცოლმა, თამაშის მერე მნახა და მკითხა მთვრალი ხომ არ ხარო, გასახდელში ლუდი დალიეო? მე ვუპასუხე, რომ უბრალოდ ბედნიერი ვარ!!!!

მგონი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. 

უამრავი ხალხი იყო ყველგან… ყვიროდნენ, ცეკვავდნენ. სასტუმრომდე ვერ მივაღწიეთ ავტობუსით. პოლიციამაც ვერ შეაჩერა ხალხი. შხაპიც არ მიგვიღია, მაისურები გამოვიცვალეთ და ხალხთან გავედით ცერემონიაზე. ყველა მღეროდა და თან ტიროდა. ბედნიერების ცრემლები… 

ის დღეები დაუვიწყარია.

Levan Verdzeuli/UEFA via Getty

საქართველოს ისტორიაში შევედით.

ახლა კი … რა თქმა უნდა გვაქვს შანსი. რატომაც არა?!?!? რატომ უნდა ვთქვათ არა?

თურქეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მერე ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ძნელი იქნება? იქნება. მწარე იქნება? იქნება. ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს? შეიძლება. ალბათ ვთხოვ. კაი, ვთხოვ ნამდვილად. რატომაც არა? ჩემი კერპია და ვეტყვი კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ შეგვიძლია.

ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხო არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! 

ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. 

ყველა ამას იძახის.  

მაგრამ, მე იცი რას გეტყვი?

მე ასე ვიტყვი...

აბა ჯერ ქართველებს კითხეთ.

ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგი

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის