საქართველო მასობრივ იმუნიზაციას ხვალიდან იწყებს. მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინები თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილებულია.
სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა 300 ბრიგადა და 150 კლინიკა.
კიბერშეტევის გამო, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სპეციალური პორტალი Booking.moh.gov.ge ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს და ჩამონათვალში არ ჩანს ის ვაქცინა, რომლითაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში, „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ საიტი დღის ბოლომდე გაიმართება, ჩამონათვალს „სინოფარმი“ დაემატება და მოქალაქეები რეგისტრაციას შეძლებენ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 369 048 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 612, გარდაიცვალა 5 347 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.