USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
ცხრა აპრილიდან, ცხრა აპრილამდე
Date:  885
ტელეფონის წკრიალმა გამაღვიძა დილით.
რაღაც არასასიამოვნოდ ჩამესმა ყურში და უცბად ავდექი.
დედა რეკავდა აეროპორტიდან, მორიგე იყო იმ ღამეს.
– სახლში ხართ? – მკითხა შეწუხებული ხმით.
– კი დედი, სახლში ვართ. გვიან წამოვედით წუხელ. გიულიმ მითხრა: ფეხები დამაწყვიტა ამ ფეხსაცმელმა, წავიდეთ, დაბალქუსლიანს ჩავიცვამ და დავბრუნდეთო. მერე, ძაან დაღლილები ვიყავით და დავრჩით. მივდივართ დღესაც... აი, ვისაუზმებთ და...
– სად წახვალთ, შვილო! დაურბევიათ და ჩაუხოციათ ღამე ხალხი! გაზიც გაუშვიათ იმ არაადამიანებს და დაუწამლავთ მომიტინგეები! გადაკეტილია ახლა მთავრობის სასახლე.
ელექტროდენმა დამიარა თითქოს სხეულში და ადგილზე გამაშეშა.
– გესმის შვილო?! არ წახვიდეთ არსად, ცუდი ამბებია ძალიან!
არაფერი მითქვამს, ტელეფონი გავთიშე და ფაცხაფუცხით ჩავიცვი.
კოლმეურნეობის მოედნიდან პუშკინის სკვერთან ავედი.
ლენინის ძეგლი მოედნიანად ავტომატიანი ჯარისკაცებით იყო გადავსებული და გარშემორტყმული. წრის შიგნით ჯავშანტექნიკა იდგა.
საკმაოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი ურდოს წინ. ყველა საშინლად გაღიზიანებული და გამწარებული. აგინებდნენ, ლანძღავდნენ, უყვიროდნენ მომხდურს. ზოგიერთი აგრესიულად იწევდა მათკენ, მაგრამ ახერხებდნენ ქართველები და როგორღაც აჩერებდნენ ერთმანეთს, თორემ მორიგი უბედურება დატრიალდებოდა იმ დღეს.
– აქ რაღა ჯანდაბა უნდათ! – აღმომხდა გაკვირვებულს.
– სატანის ძეგლს უფრთხილდებიან, ეშინიათ, რომ არ ჩამოვაგდოთ! – მიპასუხა ხანშიშესულმა კაცმა.
– მაინც ჩამოვაგდებთ! – დაიძახა იქვე მდგომმა გოგონამ.
ახლოს მივედი სამხედროებთან.
ქურთუკის ჯიბეში მზესუმზირა მეყარა. ამოვიღე, გარჩევა დავიწყე და თან ჯარისკაცს ვაფურთხებდი ფეხებში.
ითმინა, ითმინა სალდაფონმა, გამოვარდა ბოლოს მწყობრიდან და ავტომატი მხარში ჩამარტყა.
– იობ ტვაიუ მაწ! – შევაგინე და მისკენ გავიქაჩე.
რამდენიმე ჩემიანი მომვარდა და იქიდან გამათრია.
– რას შვრები, შვილო, ფრთხილად იყავი! ესენი ახლა ისე არიან გავეშებულები, ყველანაირ უმსგავსობაზე მოაწერენ ხელს! ხომ ხედავ, დაკარგული აქვთ უკვე ადამიანობა! – მითხრა ერთ-ერთმა ხანშიშესულმა ქალბატონმა, ცრემლს რომ ვეღარ იკავებდა, თავზე ხელი გადამისვა და მომეფერა.
მეც ამიცრემლდა თვალები.
უცბად ვიღაცამ იყვირა: რუსთაველის პროსპექტიდან ჯარი მოდის, დაგვარბევენ, ეკლესიაში წავიდეთო და სიონისკენ დავეშვით.
ტირილი, გლოვა და ვაება იდგა ტაძარში.
სანთელს რომ ვანთებდი, ჩემი მეგობრები – გივი და გია დავინახე, წმინდა ნინოს ხატთან ლოცულობდნენ.
გარეთ ერთად გამოვედით.
აღარ ვიცოდით, რა გვექნა. არადა, ისეთი მომენტია, სისხლი რომ გიდუღს სხეულში, ლამისაა, გამოხეთქოს და გინდა, რომ რაღაც გააკეთო, შური იძიო...
ზვიადი, მერაბი, ყველა ლიდერი დაიჭირესო – თქვეს ეკლესიის ეზოში.
იქვე ისიც თქვეს – უნივერსიტეტთან იკრიბებაო ხალხი და წავედით...
მთელი დღე დავდიოდით თანამემამულეებთან ერთად თბილისის ქუჩებში... ქაოსურად, აქეთ-იქით... თუმცა ერთად ვიყავით ყველა, თანადგომას ვუცხადებდით ერთმანეთს, უხმოდ შევციცინებდით თვალებში, ჩუმად, მშვიდად, ცრემლიანი და მწუხარე სახეებით... იმ დღეს ბარებით დაჩეხილი ჩვენი სამშობლოს ჭირისუფლები ვიყავით ყველა...
ჯერ არ ვიცოდით დაღუპულების სახელები, არც რაოდენობა ვიცოდით მათი, მაგრამ ჩვენი დები, ძმები, სისხლი და ხორცი რომ დაგვიხოცეს, ვგრძნობდით ამას და საშინლად განვიცდიდით.
დავდიოდით, დავდიოდით თბილისის ქუჩებში და ეს იყო ჩვენი ერთადერთი პროტესტი, რადგან იმ დღეს ქართველებს მეტი არაფერი შეგვეძლო.
რუსთაველზე ქსოვილების მაღაზიაში შევედით, შავი ნაჭერი რომ გვეყიდა. არ გამოგვართვეს ფული, ისე მოგვცეს.
წვრილ ლენტებად დავხიეთ, ყელზე შევიბით, ისევ დავდიოდით აქეთ-იქით, ვისაც არ ჰქონდა – ვურიგებდით, ხის ტოტებზე ვკიდებდით და ამგვარად გამოვხატავდით ჩვენს უდიდეს ტკივილს...
საღამო იყო, უბანში რომ მივედით.
გუგუნი მოგვესმა კახეთის გზატკეცილიდან და იქით გავიქეცით.
კბილებამდე შეიარაღებული მანქურთების ურდო შემოდიოდა თბილისში... იარაღის ჟღარუნით, ტანკებით, ჯავშანტრასპორტიორებით, ცოცხალი ძალით... შემოდიოდა უწყვეტად, შეუჩერებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში...
კიდევ ერთხელ იპყრობდა ისედაც დაპყრობილ ჩვენს სამშობლოს ოკუპანტი...
აეროპორტის ტრასასთან რაღაც ობიექტი შენდებოდა. ქვები, ბოთლები, რაც კი მძიმე შეგვხვდა, ყველაფერი მოვაგროვეთ იქ ბიჭებმა და ბეტონის ფილებს ამოვეფარეთ. კარგად რომ დაბნელდა, გზასთან ახლოს, ღობესთან მივირბენდით ხოლმე ვუშენდით ამ ყველაფერს მტრის მანქანებს, მაშინვე გამოვრბოდით და ისევ ფილების უკან ვიმალებოდით.
აკაკანებდა მომხდური ავტომატს მანათობელი ტყვიებით. ჰაერში ისროდა, რადგან ვერ გვხედავდა და რომ დავენახეთ, ვიცოდით – დამიზნებითაც გვესროდა...
არადა იქვე, უკან, სულ რაღაც ასიოდ მეტრში, შინაგანი ჯარების ნაწილში იყო დაბანაკებული ჯალათების ხროვა, თუმცა არ გვეშინოდა!
ჩვენი პირველი საბრძოლო ნათლობა სწორედ იმ ღამეს შედგა...
* * *
ტელეფონის წკრიალმა გამაღვიძა დილით.
დედა გვირეკავდა.
– ტელევიზორი ჩართული გაქვთ?
– არა დე, გვძინავს ჯერ!
– ჩართე სწრაფად, ზვიადი დამოუკიდებლობას აცხადებს.
გიჟივით ვეცი ტელევიზორს.
ჩვენი პრეზიდენტი ომახიანად აცხადებდა:
ცხრა აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
09.04.2023წ
ავტორი: ბადრი ჩიხლაძე
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way