USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
Тбилиси
ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ
дата:  538

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ!

კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება).
 კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები:
რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS);
რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე.
ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.
 კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.
კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს, ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე - 1501.
კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად. NAITS-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC)

დაავადება ჯილეხის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://nfa.gov.ge/Ge/AnimalDiseases/Details/2

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 4 ივნისის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები და საავტომობილო გზის მოწყობა დასრულდა.

მისი თქმით, გრუნტის ჩამოშლის პრევენციისთვის ფერდზე 900 ანკერი და ფოლადის ბადე მოეწყო.

„პროექტის განხორციელებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. გვახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ამ მონაკვეთზე გზის საფარი. ფერდს ჰქონდა სერიოზული პრობლემები. სამუშაოების ფარგლებში, ფერდზე მოეწყო 900 ანკერი და ფოლადის ბადე, რაც გრუნტის დაცურების საწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს. გარდა ამისა, გზის გასწვრივ აშენდა 70 გრძივი მეტრის ხიმინჯოვანი რკინაბეტონის კედელი და მოეწყო სადრენაჟე სისტემა. პარალელურად, განხორციელდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია - დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ტერიტორია არის სრულად მოწესრიგებული. შესაბამისად, ორმხრივად გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამჟამად, ფერდი ყველანაირად დაცულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს საზაფხულო პროგრამები 6 000-მდე ახალგაზრდისთვის განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ისეთ სპორტულ აქტივობებში როგორებიცაა: ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი, ჯომარდობა, აგრეთვე ლაშქრობებში თბილისის გარშემო და საქართველოს დაცულ ტერიტორიებში.

„პროგრამაში შარშან 5 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. წელს გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულ აქტივობებთან ერთად, განხორციელდება 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების. ადგილობრივი ბანაკების გარდა, იგეგმება საერთაშორისო ბანაკები ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება.

„პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. 2025 წლის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამები დაიწყება 15 ივნისიდან და გაგრძელდება სექტემბრამდე. პროგრამებზე რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.youthtbilisi.ge ეტაპობრივად განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქი 5-6 ივნისს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს.

მისი თქმით, აღნიშნული ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს.

„ჩვენი დედაქალაქი განაგრძობს თავის მრავალწლიან ტრადიციას და 5-6 ივნისს მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი წლებია იმართება და უზრუნველყოფს ეფექტურ პლატფორმას დებატებისთვის, დისკუსიებისთვის და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში, მონაწილეთა რიცხვი და თემატიკა იზრდებოდა, ღონისძიება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმად ჩამოყალიბდა და გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმად იქცა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმა და სხვა. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორობას და წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონის კეთილდღეობასა და განვითარებაში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისნის რაიონის გამგეობა ქეთევან დედოფლის გამზირის N67-N69-ის მიმდებარედ, 2 500 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაციას იწყებს.

მისი თქმით, პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 700 000 ლარით დაფინანსდება.

„სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების ქსელი და ფიტნეს ზონა. განთავსდება ურნები და დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედანი და სკვერის ირგვლივ მოეწყობა ველობილიკიც. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ დასრულდა თბილისის მუნიციპალიტეტის „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია.

მისი ინფორმაციით, შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ 1968 წლიდანაა განთავსებული, კაპიტალურად შეკეთდა.

„ძალიან კარგი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბიბლიოთეკების მოწესრიგებასა და განახლებას. წლების განმავლობაში ამ მიმართულებას ყურადღება არ ექცეოდა და უმძიმესი მდგომარეობა იყო. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, რომ ქალაქში არსებული ყველა ბიბლიოთეკა კი არ უნდა გაუქმდეს ან გაიყიდოს, არამედ ჩაუტარდეს რეაბილიტაცია, განახლდეს და როგორც ახალგაზრდებს, ისე, ზოგადად, ყველა თაობის ადამიანს ყველანაირად მოწესრიგებული სივრცით სარგებლობის საშუალება მივცეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის სივრცე შეიქმნა.

„ბიბლიოთეკაში შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის გახსნილ და მაქსიმალურად მოხერხებულ სივრცედ გაკეთდა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცე და განთავსდა სტაციონარული კომპიუტერები, რომლებიც ბიბლიოთეკის სერვისებით ნებისმიერი მოსარგებლისთვის ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, განახლდა და გადახალისდა წიგნადი ფონდიც - კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურას დაემატა უახლესი გამოცემები.

„ბიბლიოთეკა ასევე სრულადაა აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებსა და სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს. ამისთვის ყველანაირი საჭირო ტექნოლოგია უზრუნველყოფილია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати