USD 2.7776
EUR 3.0181
RUB 3.1248
Tbilisi
ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე: ქართველი ვაჭრები აბრეშუმის სავაჭრო გზებზე
Date:  2342

XVI-XVIII საუკუნეებში სავაჭრო გზებზე საუბრისას ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია ირანელების, სომხების, ინდოელებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების კომერციულ აქტივობაზე. ქართველი ვაჭრები იშვიათად განიხილებიან როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ჯგუფი. არადა, XVI-XVIII საუკუნეებზე მოდის ქართველი ვაჭრების განსაკუთრებული გააქტიურება.

ქართველი ვაჭრები 1453 წელს თურქების ხელში კონსტანტინოპოლის ჩავარდნამდეც აქტიურები იყვნენ. მაგალითად, ვენეციელი ვაჭარი ჯაკობო ბადოერი, 1436-1440 წლებში კონსტანტინოპოლში ცხოვრებისას, გიორგი „მეგრელს“ ახსენებს, რომელიც ძვირფასი მაუდით ვაჭრობდა. ქართველი და რუსი ვაჭრების ურთიერთობაზე ირიბი ცნობის ამოკითხვაა შესაძლებელი რუსი ვაჭრის, აფანასი ნიკიტინის მონათხრობიდანაც, როდესაც ის ქართულ მიწას საკმაოდ მდიდარ მხარედ მოიხსენიებს.

თუმცა XVI საუკუნიდან საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის მეტი პექსპექტივა გაჩნდა. ამის მიზეზი კი არა მხოლოდ რუსეთის, სპარსეთისა და ოსმალეთის ამბიცია იყო, სამხრეთი კავკასია თავიანთი ეკონომიკური გავლენისთვის დაექვემდებარებინათ,  არამედ საკუთრივ რეგიონში ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლითაც ხერხდებოდა მახლობელ აღმოსავლეთში სავაჭრო-ეკონომიკურ კონკურენციაში შესვლა. ასეთ პროდუქტს აბრეშუმი წარმოადგენდა.

მაგალითად, როდესაც ინგლისელი ვაჭარი, ჯაილ ფლეტჩერი, XVI საუკუნის ბოლოს მოსკოვს ეწვია, იქ ის თურქ, სპარსელ, ქართველ და სომეხ ვაჭრებს შეხვდა. ქართველი ვაჭრები კონსტანტინოპოლშიც ჩადიოდნენ. „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენებია ოსმალეთის დედაქალაქში მოვაჭრე ქართველი დიაკვნისშვილი, რომელმაც საქართველოში სიმონ მეფის ნაშთი ჩამოიტანა.

მოგვიანებით, XVII საუკუნეში, ქართველი ვაჭრები აქტიურები იყვნენ იმპერიულ დედაქალაქ ისფაჰანში, სადაც მრავალ ევროპელ ვაჭართან ერთად აქტიურ აღებმიცემობაში იყვნენ ჩართულები. ამაზე საუბრობს გერმანელი მოგზაური ოლეარიუსი. შაჰ-აბასის მიერ ირანში ძალდატანებით გადასახლებულ ხალხებს შორის ქართველები განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საქმეში. მაგალითად, გილანის პროვინციაში აბრეშუმის წარმოება კახეთიდან ირანში გადასახლებული ქართველი ებრაელის, ხოჯა ლალაზარ იაჰუდის ხელში გადავიდა.

გერმანელი მოგზაური ენგელბერტ კემპფერი საქართველოს შესახებ თავის ცნობებში აღნიშნავს, რომ ისფაჰანში მრავალ ეროვნებას შორის ქართველებიც აქტიურ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდნენ. რუსი ვაჭარი კოტოვი თავისი მოგზაურობის აღწერაში, სადაც ის რუსეთიდან ისფაჰანამდე და შემდეგ კი კონსტანტინოპოლამდე  მოგზაურობს, ქართულად რიცხვების რუსულ ტრანსლიტერაციას იძლევა. ამას ასევე აკეთებს სომხურ, თურქულ და სპარსულ ენებზე. ვაჭრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმ რეგიონებისა და ხალხების ენებზე რიცხვების გამოთქმა, სადაც და ვისთანაც მოუწევდა ვაჭრობა. კოტოვის მიერ ქართული რიცხვების ხსენება კი ქართველი ვაჭრების აქტიურობაზე უნდა მიანიშნებდეს ირანის, კერძოდ კი ისფაჰანის ბაზრებზე, რომელთაც რუსი ვაჭარი თავისი აღწერილობის დიდ ნაწილს უთმობს.

ისტორიულ საბუთებში მრავლადაა მოხსენიებული გორელი ვაჭრები განჯაში, გილანში, ისფაჰანსა და ირანის სხვა ქალაქებში, დარუბანდში თუ კონსტანტინოპოლში. მაგალითად, ზემონახსენები ვაჭარი დიაკვნისშვილი ქალაქ გორიდან იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნის ისფაჰანში აღმოჩენილი ქართული საფლავის ქვებზე ვკითხულობთ გორიდან წამოსული ვაჭრების გვარებს: მამიჯანაშვილი, ამირბაბაშვილ ელიზბარის ვაჟი, ბაღდასარი, ზურაბა გორქაშვილი და სხვანი. გორელი ვაჭრებისთვის ასევე არ უნდა ყოფილიყო უცხო შორეული ინდოეთიც. XVII საუკუნის ბოლო წლების ერთ-ერთ საბუთში გიორგი თუმანიშვილის ყმა წათურაშვილი ინდოეთში გაქცეულა.

ქართველი ვაჭრები ასტრახანშიც უნდა ყოფილიყვნენ. ეს სავსებით შესაძლებელი იყო რუსეთის მიერ ვოლგისპირეთსა და კასპიისკენ ექსპანსიის შემდეგ. ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესოა ასტრახანი, სადაც, 1681 წლის ბრძანებით, რუსეთის ხელისუფლებამ სომხებს, ინდოელებსა და ქართველებს ქალაქში ცხოვრების უფლება მისცა, თუ ისინი სავაჭრო საქმიანობით იქნებოდნენ დაკავებული.

XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველები აქტიურები იყვნენ ოსმალეთის სავაჭრო მიმართულებაზეც. XVII საუკუნის პირველ მეოთხედში კონსტანტინოპოლში მყოფი ინგლისის ელჩი, ტომას რეი, ქართულ სავაჭრო ხომალდებს ახსენებდა. ასევე აღსანიშნავია ერზერუმი, რომელიც ფრანგი მოგზაურის, ტურნეფორის მიხედვით, ხილით საქართველოდან მარაგდებოდა. შესაძლოა, რომ ტერიტორიული სიახლოვის გამო მას „საქართველოში“ უფრო მისი დასავლეთი ნაწილი ეგულისხმა.

თუმცა ასევე ცნობილია, რომ ერზერუმს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოსთანაც, კერძოდ თბილისთან, სადაც ყოველდღიურად ქარავნები გადიოდნენ. განსაკუთრებით განთქმული იყო ერზერუმში წარმოებული ჭურჭელი, რომელიც მთელ მახლობელ აღმოსავლეთსა და მუღალთა იმპერიაში ჩადიოდა.

ყოველწლიურად თბილისიდან და მისი შემოგარენიდან ერზერუმის მიმართულებით ორი ათასზე მეტი აქლემის საპალნე მცენარის ძირი, სახელად ბოია, გაჰქონდათ. ერზერუმიდან ქართული ბოია დიარბექირში ევროპისთვის განკუთვნილი ტილოს შესაღებად იგზავნებოდა. კიდევ ერთ საექსპორტო მიმართულებას ინდოეთი წარმოადგენდა, რაც საფუძვლიან ვარაუდს ბადებს საქართველოში ინდოელი ვაჭრების შესაძლო აქტიური კომერციული საქმიანობის შესახებ.

თბილისს ასევე მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ერევანსა და განჯასთან, საიდანაც, მაგალითად, თოფის წამლის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები შემოდიოდა. XVII საუკუნის ერევანში მონებით ვაჭრობა იყო განვითარებული. ამავე პერიოდში ქართველ ვაჭრებს ალეპოში აბრეშუმი ჩაჰქონდათ, რასაც იტალიელი მინადოი ახსენებს, როდესაც ის ალეპოში ქართველების ყოფნაზე საუბრობს.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ, ისევე როგორც წინა საუკუნეებში, ძირითადი სახმელეთო სავაჭრო-სატრანზიტო მიმართულება მაინც საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი იყო. ამაზე მეტყველებს თვითონ ევლია ჩელების მოგზაურობის მარშრუტებიც: ანატოლიიდან თავრიზამდე და მიმდებარე ტერიტორიებამდე, შემდეგ ერევან-განჯის მიმართულებამდე, რომლითაც თურქი მოგზაური შირვანსა და დარუბანდამდე აღწევს. დარუბანდიდან საქართველოში დასაბრუნებელ გზაზე ევლია ჩელები სამხრეთით, შაქისკენ გაემგზავრა, საიდანაც ჯერ კახეთში, შემდეგ კი თბილისში ჩავიდა.

საქართველოს აქტიური კონტაქტი უნდა ჰქონოდა შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ქალაქებთანაც. XVI საუკუნის შუა პერიოდში ტრაპიზონს აქტიური სავაჭრო კავშირები ჰქონდა სამეგრელოსთან, აბაზის ქვეყანასთან, ყირიმთან და კაზაკებთან. ასევე აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა სამეგრელოსა და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთს შორის. კაფას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან. მაგალითად, 1539 წელს, მიკელე მემბრემ კაფიდან ანაკლიამდე გემი საკმაოდ მარტივად იშოვა. ასევე მარტივად ჩამოვიდა საქართველოში ჟან შარდენიც.

სხვა სიტყვებით, XVI-XVIII საუკუნეებში ქართველი ვაჭრების საქმიანობის გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართო იყო და მოიცავდა  როგორც მახლობელ აღმოსავლეთს, ასევე რუსეთსა და ზოგიერთ ევროპულ ქალაქს. ეს კი ტრანსევრაზიულ ვაჭრობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე უნდა მიუთითებდეს.

წყარო:https://forbes.ge/

analytics
ჩინეთს რუსეთისა და აშშ-ს არანაირი ფორმით დაახლოება არ აძლევს ხელს - გიორგი კობერიძე
საინტერესო ამბებია: დღეს ჩინეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ევროპის ბედი ევროპის გარეშე გადაწყდეს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებით. ამ განცხადებით ნათელია, რომ ჩინეთს სურს მოლაპარაკებების მიღმა არ დარჩეს და ამისათვის ევროპას იყენებს ფარად და მიზეზად.
 
ეს ერთი პატარა განცხადება ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ზოგადი განწყობების შესაფასებლად შეიძლება გამოდგეს. ჩინეთი საკუთარ თავს პოტენციურ მომავალ ჰეგემონად აღიქვამს და იმ ვაკუუმის შევსებასაც ცდილობს, რომელიც აშშ-ს ბოლო კვირების პოლიტიკით ჩნდება. აშშ-საგან ყველა დისტანცირებული სახელმწიფოს გვერდით სიამოვნებით აღმოჩნდება ის თუკი ამის საშუალებას მისცემენ. მას არც რუსეთზე გავლენის დაკარგვა სურს და ევროპისა და აშშ-ს დაპირისპირების თავის სასარგებლოდ გამოყენება უნდა, ცხადია ვაშინგტონის საწინააღმდეგოდ.
 
ამასთან, ჩინეთისათვის რუსეთი ჯუნიორ პარტნიორია. პეკინი ფიქრობს, რომ მულტიპოლარულ მსოფლიოში ის ერთ-ერთი ღერძი უნდა იყოს, შესაბამისად მის მიერ ჯუნიურ პარტნიორად აღქმული რუსეთისა და აშშ-ს მის გარეშე მოლაპარაკება მისთვის დაუშვებელია, რადგან ეშინია რომ ორპოლუსიანი მსოფლიო არ ჩამოყალიბდეს რუსეთისა და აშშ-ს ღერძით. ამასთან, რუსეთი ჩინეთისათვის იაფი რესურსების წყაროცაა.
შესაბამისად, ამ რესურსების შესანარჩუნებლად ის ძალას არ დაიშურებს. მას სუსტი და მასზე დამოკიდებული რუსეთი სჭირდება არა და ძლიერი, რომელიც დამოუკიდებლად გადაწყვეტს რაიმეს.
 
თანდათან იკვეთება, რომ აშშ-ს იმის იმედი აქვს იქნებ რუსეთი ჩინეთს ჩამოაშოროს, თავისი ფოკუსი ევროპიდან სხვა რეგიონებისაკენ მიმართოს (სადაც ჩინეთს დაეჯახება) და ამ პროცესში რესურსებიც მიიღოს. ცხადია ეს ყველაფერი ევროპიდან დაშორებისა და მისი ინტერესების უგულებელყოფის ფონზე. რუსეთიც ხვდება ამას ამიტომაც ვაჭრობს ამ თემით. მან იცის, რა სურს აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას და მაქსიმუმის მიღება უნდა ჩინეთისაგან დისტანცირებისა და რესურსების გაზიარებისათვის. ცხადია რუსეთი არასდროს დადგება აშშ-ს მხარეს და არც ჩინეთს მიატოვებს საბოლოოდ, მაგრამ შეეცდება მთელს ამ პროცესში თავისი თამასა მაქსიმალურად ასწიოს.
 
ყველაზე სარისკო ფსონი აშშ-ს აქვს დადებული, რადგან მოკავშირეთა მხრიდან მისდამი აბსოლუტური რწმენა ქრება, რუსეთი აშშ-ს მხარეს რეალურად არასდროს დაიჭერს (მხოლოდ დროებით ივაჭრებს ამით) ხოლო ჩინეთი რუსეთის შენარჩუნებასაც შეეცდება და ევროპაში პოზიციების გამყარებასაც.
 
და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპამ ოფიციალურად დაიწყო მილიტარიზაციის პროგრამა. ამით ის სამხედრო და პოლიტიკურ ავტონომიას ცდილობს აშშ-საგან და რუსეთის შესაკავებლად. ამით ევროკავშირის უფრო ცენტრალიზებულ ინსტიტუციად გარდაქმნაც შეიძლება ვიხილოთ გრძელვადიანად.
 
რთულია ამ ყველაფერს ჯერ დიპლომატიური რევოლუცია ვუწოდოთ, რადგან ძალიან ჩანასახოვან მოვლენებს ვადევნებთ თვალს, მაგრამ განწყობები და მიზნები ნელ-ნელა იკვეთება.
 
ჩინეთი ყველაზე გრძელვადიან სვლებს აკეთებს, მისთვის რუსეთის გამარჯვება ერთგვარი პრეცედენტი შეიძლება გახდეს, რომელსაც თავად გამოიყენებს, ხოლო თუკი რუსეთი დამარცხდა ჩინეთი მოსკოვის მასზე სრულ პოლიტიკურ დამოკიდებულებას შეეცდება.
 
როგორც ზემოთ აღვნიშნე, აშშ ყველაზე მეტს რისკავს. მან არსებულ მოკავშირეებში გააჩინა ეჭვი, რაც უკვე დამდგარი რეალობა და პრობლემაა, რადგან არცერთი ჰეგემონი არ მართავს მარტო და მას ძლიერი მოკავშირეები სჭირდება. აშშ-მ სულ რომ პოზიციები იცვალოს ან მოუწიოს ამის გაკეთება და კვლავ ევროპელ მოკავშირეებსა და უკრაინაზე გააკეთოს აქცენტი (რისი შანსებიც არცთუ მცირეა), მაინც, ევროპის მხრიდან აბსოლუტური ნდობა ნაკლებად იარსებებს, მით უფრო სამხედრო წარმოების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში. შემდგომში თუკი ძლიერი ევროპა ძლიერი აშშ-ს გვერდით აღმოჩნდა ეს ისეთივე პარტნიორობა აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ეს კარგია თუ ცუდი დრო გვიჩვენებს.
 
რა თქმა უნდა გადამეტებული იქნება იმის თქმა რომ ეს ყველაფერი რამდენიმე კვირაში ან თვეში მოხდება, მაგრამ მსოფლიო ისეთი აღარ არის როგორც რამდენიმე წლის წინ ვიცნობდით. ახლა უკვე აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილის, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები განსხვავებულად ლაგდება. ნურც თურქეთს დაივიწყებთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა და ყველა ბანაკში შეუძლია აღმოჩნდეს ან სულაც თავისი რეგიონალური ძალის ჩამოყალიბებაზე გააკეთოს აქცენტი.
 
რუსეთს არსებული საერთაშორისო წესრიგის რევიზია უნდოდა. ჯერჯერობით ამას წარმატებით ახორციელებს. შეიძლება ამით თავადაც განადგურდეს, მაგრამ ცვლილებები და აშშ-ს ევროპისაგან ჩამოშორება მისი ძირითადი მიზანი კი ნამდვილად იყო.
 
რომ შევაჯამოთ:
>> ჩინეთს რუსეთისა და აშშ-ს არანაირი ფორმით დაახლოება არ აძლევს ხელს.
>> ჩინეთს ევროპის ჩამოშორებაც უნდა აშშ-საგან.
>> ჩინეთს რუსეთის მარცხიც აძლევს ხელს და მისი ლიმიტირებული გამარჯვებაც. პირველ შემთხვევაში რუსეთი ჩინეთის უპირობო მოკავშირედ შეიძლება იქცეს, ხოლო მეორე შემთხვევაში ჩინეთი რუსეთის გამარჯვების პრეცედენტსაც გამოიყენებს, მით უფრო ჯერ კიდევ არაკონსოლიდირებული დასავლეთის ფონზე.
>> ევროპელები დამოუკიდებელი ღერძის ჩამოყალიბებას ცდილობენ.
>> რუსეთი აშშ-სთან ვაჭრობს რათა რაც შეიძლება მეტი მიიღოს ამ ვაჭრობიდან (გავლენები და ტერიტორიები), მაგრამ სინამდვილეში არასდროს გადავა აშშ-ს მხარეს.
>> აშშ ჩინეთთან დაპირისპირებაში მეტ რესურსსა და უპირობოდ მორჩილ მოკავშირეებს ეძებს, ხოლო რუსეთის ჩინეთიდან ჩამოშორებას ცდილობს.
>> თურქეთი აზია-ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალაა. მასთან ამა თუ იმ ფორმით მოკავშირეობა ყველასთვის საინტერეო იქნება.
 
ეს ყველაფერი მცდელობებია, შეიძლება წარუმატებელიც და ვის როგორი წარმატების შანსი აქვს ჯერ არ ჩანს, მაგრამ ის, რომ ევროპამ გადაიარაღება დაიწყო ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორიც არ უნდა იყოს შემდგომი მსოფლიო, ევროპის ერთად ან ცალკეული სახელმწიფოების სამხედრო ურთიერთკავშირი ანგარიშგასაწევი ძალა გახდება, მთავარია თუკი ბოლომდე მიიყვანენ ამ პროცესს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way