ოსურმა მხარემ რამდენიმე თვის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლა. მას ცხინვალი “ღამურებით ვაჭრობას” აბრალებდა.
ინფორმაცია მღებრიშვილის გათავისუფლების შეახებ, ქართული მხარისთვის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს, დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ უნდა გაეყიდა. ბრალდებას თბილისში აბსურდულს უწოდებენ.
21 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამ დრომდე გაურკვეველია კიდევ ერთი დაკავებულის, ზაზა გახელაძის ბედი. მღებრიშვილის მსგავსად, ისიც უკვე რამდენიმე თვეა ცხინვალშია დაპატიმრებული.