USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
ხევსურეთიდან ევროპამდე - ჯადოსანი დასტაქარი-ქირურგის მგელიკა ლიქოკელის ამბავი
дата:  2149

XX საუკუნის 30-იან წლებში მის შესახებ ერთდროულად შეიტყო საქართველომ და ევროპამ. მგელიკა ლიქოკელი 1870-1930 წლებში ხევსურეთის გამორჩეული დასტაქარი-ქირურგი იყო.

 

მას ჯადოსანი გრიგოლ რობაქიძემ უწოდა მისტიკური რომანში "ენგადი" (1932 წელი):

„...ვხედავდი მოხუცს, რომელსაც ჰქონდა ცოდნა ყოველგვარი ჭრილობისა და რომელიც იყო დახელოვნებული მკურნალობაში. საითგან?... ჩემი რწმენა, რომ ხევსურები დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა, აქ ნათლივ მტკიცდებოდა, სხვა ახსნა შეუძლებელი იყო/ თვალს ვერ ვაცილებდი ამ ჯადოსანს, რომელიც იდგა ჩემს წინ ვითარ ლანდი პრეისტორიული ხანიდან. მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც საუკუნეებს ვერ წაეშალა.“

ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ რომ მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე, დაუხმარებლად აკეთებდა და 3-4 საათში ამთავრებდა! ასევე, ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში - ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის 7 ნეკნი ამოუჭრია წარმატებით; აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი ადამიანი განუკურნავს. დასტაქარს შეეძლო გველის ნაკბენის მორჩენა, სხვადასხვანაირი სახის წამლობა...

***

ხევსურ დასტაქართა და განსაკუთრებულად მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულის მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი ჰყვება ეთნოლოგი, ექიმი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე გიორგი თედორაძე თავის წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“ (ტფილისი 1930 (გვ. 97-98), იგივე რუსულ ენაზე - "Пять лет в Пшавии и Хевсуретии" - Тб., 1941. მეორე წიგნი ქართულად გამოვიდა ამავე სათაურით 1939 წელს). როცა თედორაძე მგელიკას შეხვდა, ჯადოსანი დასტაქარი უკვე 83 წლის იყო და მაშინაც მეტად რთულ ოპერაციებს აკეთებდა. გიორგი თედორაძე გაოცებულა ლიქოკელის ღრმა, თავისებური ცოდნით.

ფოტოები გიორგი თედორაძის წიგნიდან „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“ (ტფილისი 1930 (გვ. 97-98)

 

***

მგელიკა ლიქოკელის შესახებ ასევე საინტერესო ცნობებია ალექსი ყამარაულის ნარკვევში „ხევსურეთი“ (1932 წ). მასში დაბეჭდილია ავტორის მიერ გადაღებული ფოტო, რომელზედაც მგელიკა ლიქოკელი 60 წლისაა.

ალექსი ყამარაულის ნარკვევში შესული ცნობების თანახმად, ხევსურ ჯადოსან დასტაქარს 413 ადამიანი განუკურნავს. ის ფშავში, გუდამაყარში, თუშეთსა და ქისტეთშიც გადაჰყავდათ ავადმყოფების დასახმარებლად.

***

ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისგან და ძვლისგან საკუთარი ხელით დამზადებული ინსტრუმენტებით აკეთებდა. რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, დაცულია კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმში, რომელიც მდებარეობს ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კორშაში.

თუ მუზეუმს ეწვევით, იქ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებიან ამ საოცარ ადამიანზე.

***

მგელიკა ლიქოკელის შესახებ ევროპშიც გაიგეს. მის შესახებ წერდა პოლონელი მწერალი ჰელენა ბობინსკა (1887-1968) რომანში „ქაბუნაურთა შთამომავლის შურისძიება“ („Zemsta rodu Kabunauri “), რომელიც 1930 წელს გამოიცა პოლონეთში, იმავე წელს გამოქვეყნდა რუსულ ენაზე, შემდეგ გამოვიდა ნორვეგიულ, ინგლისურ, გერმანულ, სლოვაკურ, უნგრულ ენებზე. 1983 წელს ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე და მისი ნახვა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ.

„ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავთ? ღმერთმანი, როდესაც მისი უბრალო ჩაქუჩები, დანები და მახათები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვინემ ექიმად. გასაოცარია, მას ამ იარაღებით თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია. როგორც ირკვევა მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. ის სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობის გზას დაადგა“. - წერს ჰელენა ბობინსკა.

ჰელენა ბობინსკას ხევსურეთის შესახებ რუსეთში მყოფი პოლონელი კინორეჟისორის, კაზიმეჟ ჰერტელისგან გაუგია, რომელმაც კავკასია კინოფირზე გადაიღო (მასთან ერთად იყო გრ. რობაქიძეც).

„მას შემდეგ მოსვენება დავკარგე, შევაგროვე უამრავი ეთნოგრაფიული მასალა, დახმარებას ვთხოვდი მოსკოვში მყოფ ქართველ სტუდენტებს. ცხრა თვე თავდაუზოგავად ვმუშაობდი. მე არ მინახავს ხევსურეთი, ნეტა ახლა მანახა და გამატარა ქაბუნაურთა ნაკვალევზეო,“ - გადმოგვცემს ჰელენას ნათქვამს მეორე პოლონელი მწერალი ქალი მონიკა ვარნენსკა, რომელიც თვითონ ჩამოვიდა ხევსურეთში 1966 და ამ წიგნის შესახებ მაშინ გაიგეს საქართველოში.

1966 წელს საქართველოში იმოგზაურეს გერმანული გამოცემის „ფრაიე ველტის“ (Freie Welt) ჟურნალისტებმა ჰანს ფროშმა და ჰაინც კრიუგერმა. მათსაგანგებოდ მოინახულეს ხევსურეთი და დაწერეს რეპორტაჟი "ქაბუნაურის ქვეყანაში"(1967, №49).

***

გადმოცემის თანახმად, მგელიკა ლიქოკელი მამისგან და პაპისგან მიღებული ცოდნით კურნავდა ხალხს და მისი წინაპრებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ დასტაქარობის ხელოვნებას

ფაქტია, რომ მას ცოდნა ჰქონდა პროფესიონალებისგან და ტრეპანაციას თავისი შეხედულებით ვერ ჩაატარებდა.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს, რომ საუკუნეების წინ საქართველოში მედიცინა მაღალ დონეზე იყო.

და კიდევ ერთხელ გვახსენებს ის ფაქტს, რომ სიტყვა „მედიცინა“, მეცნიერთა მოსაზრებით, კოლხეთის მეფის აიეტის ქალიშვილის – მედეას სახელთანაა დაკავშირებული, ხოლო კოლხეთში სამკურნალო ხელოვნება თავისი ნედლეულითა და იარაღ-მოწყობილობებით, დამოუკიდებელ დარგად არსებობდა, თანაც, საგანგებო ემბლემით – გველის გამოსახულებით.

საქართველოში აფთიაქის ცნებასაც დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი აფთიაქები უნიკალური ციხე-ქალაქების, ვარძიისა და უფლისციხის ტერიტორიაზეა შემონახული.

საგულისხმოა, რომ მე–18 საუკუნის გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის და მედიცინის ისტორიკოსის კურტ იოაჰიმ შპრენგელის კვლევა, მედიცინის ისტორიის ხუთტომეული, სწორედ კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება.

***

ბოლოს, 100 წელს მიღწეულ მგელიკას თავადაც დასჭირვებია ოპერაცია (მოტეხილობის გამო). როცა მიმხვდარა, რომ საკუთარი ხელით ოპერაციას ვერ გაიკეთებდა და წამლებიც ვერ შ­ვე­ლოდა, ტკივილები კი სულ უფრო უძლიერდებოდა, 1935 წელს თავი მოუკლავს.

 
 
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати