1936 წლის 13 იანვარს, დილით, სოფელ ბარისახოში უცხო ადამიანი გამოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცს ტყავის ჩექმებში ჩატანებული კუბოკრული შარვალი და ბეწვის ქურქი ეცვა. ცალ მხარზე ზურგჩანთა გადაეკიდებინა, მეორეზე თხილამურები გაედო. უცნობმა ადგილობრივ სკოლას მიაშურა, სადაც რამდენიმე მოწაფე და მასწავლებელი დახვდა. სტუმარი მათ რუსულ ენაზე მიესალმა და ამერიკელ ჟურნალისტად, რობერტ მაკგრეგორად გაეცნო, რომელიც ხევსურთა ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესწავლას აპირებდა.
მაკგრეგორმა ბარგი ბარისახოს დასასვენებელ სახლში დააბინავა და სოფლის საფიხვნოზე შეკრებილ მამაკაცებს შეუერთდა. ამერიკელის განსაკუთრებულ ინტერესს მახლობლად მდებარე ლიქოკის ხეობა იწვევდა.
13 იანვრის ღამეს ლიქოკელები ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ. სალოცავთან შეკრებილმა 50-მდე ადამიანმა მაკგრეგორი ჩვეული სტუმართმოყვარეობით მიიღო. ამერიკელმა გვარიანად მოილხინა. პრობლემა მხოლოდ მაშინ შეექმნა, როცა თავისი ფოტოაპარატით სალოცავის გადაღება ისურვა. რამდენიმე ხევსურს ეჭვი გაუჩნდა, რომ სტუმარი ხელისუფლების მიერ მიგზავნილი კაცი იყო, რომელიც სალოცავში არსებული საკულტო ნივთების აღრიცხვას აწარმოებდა. მაკგრეგორს გადაღების უფლება არ მისცეს, სამაგიეროდ, როცა სასმელი მოეკიდათ, გული გაუხსნეს და საბჭოთა ხელისუფლებისადმი სიძულვილის შესახებ გაანდვეს.
მაკგრეგორმა მასპინძლებს კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა - ამერიკის მთავრობა თქვენს მხარეს არის და მალე იარაღით მოგამარაგებთო.
სტუმარი ერთი კვირის მანძილზე მოსმენილს უბის წიგნაკში იწერდა და ხევსურებს აიმედებდა, რომ კომუნისტების აღსასრული მალე დადგებოდა. მერე თბილისში გაემგზავრა, შემდეგ თვეებში კი ხევსურეთში კიდევ რამდენჯერმე ავიდა.
1936 წლის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მეექვსე განყოფილებაში, რომელსაც კაპიტანი ალექსანდრე ქვლივიძე ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის მორიგი საქმე აღიძრა.
ჩეკისტებმა გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც შესაძლო ამბოხის შემთხვევაში მთიელებს უხელმძღვანელებდა. ამ ჯგუფს ამერიკელი ჟურნალისტის თარჯიმანი, 60 წლის ღერენა ლიქოკელი მეთაურობდა.
ღერენა 1922 წლის აჯანყების აქტიური წევრი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო.
1936 წლის 23 ივნისს ღერენა ლიქოკელი, ორ ნათესავ კაცთან ერთად, თბილისში სოლოლაკში, ამერიკელი ჟურნალისტის ნაქირავებ ბინაში მივიდა. მაკგრეგორმა ხევსურებს ამერიკის ხელისუფლების სახელზე წერილის გაგზავნა შესთავაზა. წერილი იმავე დღეს, ამერიკელის ბინაში დაიწერა.
1936 წლის 1-ელ ოქტომბერს ღერენა ორ შეთქმულთან ერთად, კვლავ თბილისში ჩავიდა, მაკგრეგორის საცხოვრებელს მიადგა. კარი არავინ გააღო. მოულოდნელად კომუნალური ბინის მეზობელი ოთახებიდან შეიარაღებული ჩეკისტები გამოცვივდნენ და ხევსურები შეიპყრეს. იზოლატორში 14 ხევსური აღმოჩნდა. არც ერთი მათგანი შინ აღარ დაბრუნებულა. მათი ბედი დღემდე უცნობია.
ხევსურების წერილი:
,,ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა. ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან, ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია, იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი, ღერენა ლიქოკელი, გიორგი ლიქოკელი. 1936 წლის 23 ივნისი".
ამერიკის ხელისუფლებისადმი შედგენილი მიმართვა ათწლეულების მანძილზე საბჭოთა უშიშროების არქივში ინახებოდა. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცა. 2006 წელს ამ დოკუმენტის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გადასცეს. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.
ფოტო: 1921 , წითელ არმიასთან საბრძოლველად ჩამოსული ფშაველები და ხევსურები
წყარო: ნანა კალანდაძე
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/