USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
"ხალხის ძალის" არაკეთილსინდისიერი წევრები -მოძრაობის წევრთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები
თარიღი:  766

თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, ქონებრივი დეკლარაცია შეავსონ. საჯარო სამსახურის ბიურო 6000 პირის დეკლარაციის მონიტორინგს შემთხვევითობის პრინციპით ახორციელებს. “ფლანგვის დეტექტორმა” მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები გამოითხოვა. ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და დავით კაჭარავა ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ. გამორჩეულად საინტერესოა ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევა, რომელიც ყველაზე ხშირად ადეკლარირებს არასრულ მონაცემებს. 

საქართველოს კანონმდებლობა თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, რომელიც მისი და ოჯახის წევრთა ქონების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. საქართველოს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ კანონის მე-20 პრიმა მუხლის თანახმად ბიურო ვალდებულია დააჯარიმოს თანამდებობის პირი, რომელიც მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემებს არასრულად და არასწორად შეავსებს და შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფიდად შეფასდება (მუხლი 18 პრიმა, მე-12 პუნქტი). ჯარიმის მოცულობა განისაზღვრება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით და არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები (მუხლი 20).

ქონებრივ დეკლარაციას ყოველწლიურად საშუალოდ 6000 თანამდებობის პირი ავსებს. დელკარაციების სისწორის მონიტორინგს 2017 წლიდან საჯარო სამსახურის ბიუროს სპეციალური დეპარტამენტი ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციების მონიტორინგი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება. შესაბამისად, ყველა თანამდებობის პირის დეკლარაციის სისწორის შესწავლილი არ არის. 

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად სრულად და კანონის დაცვით ავსებდნენ დეკლარაციებს, 2022 წლის ოქტომბერში დაარსებული, მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები.

“ფლანგვის დეტექტორმა” მიმდინარე წლის 26 იანვარს საჯარო სამსახურის ბიუროდან მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრების – ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის – შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა

საჯარო სამსახურის ბიურომ დადებითად მხოლოდ სოზარ სუბარის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას დეკლარაციები შეაფასა, რომლებიც 2018 წლიდან არის შევსებული. ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, მიხეილ ყაველაშვილისა და დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაციები უარყოფითად არის შეფასებული. საჯარო სამსახურის ბიურომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია ზაალ მიქელაძისა და ეკა სეფიაშვილის დეკლარაციებთან დაკავშირებით, რაც იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი არ განხორციელებულა.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოვლენილი დაღვევები “ხალხის ძალის” წევრების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში:

 

    

 

  • ვიქტორ ჯაფარიძე

ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია 2004-2008 და 2012-2022 წლებში არის ხელმისაწვდომი. 2004-2008 წლებში ჯაფარიძე მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2012-2016 წლებში მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, 2016-2020 წლებში კი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრიც მანდატი ჰქონდა. ბოლო მონაცემებით, 2020 წლიდან ვიქტორ ჯაფარიძე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრიც არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ 2022 წლის ოქტომბერში დატოვა პარტია “ქართული ოცნება” და მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა. 

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ოთხჯერ შემოწმდა, 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში. ოთხივე შემთხვევაში ბიუროს შეფასება უარყოფითი იყო და რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს ჰქონდა ადგილი. საჯარო სამსახურის ბიუროს დასკვნის თანახმად, ოთხივე შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა/ხარვეზი, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ, უძრავი ქონების არასრულ აღრიცხვასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, თუ ერთმანეთს შევადარებთ 2018 და 2019 წლის დეკლარაციებს, თვალსაჩინოა, რომ ჯაფარიძეს უძრავი ქონება სრულად არ აქვს ასახული. გარდა იმისა, რომ 2019 წლიდან დეკლარაციაში აღარ არის მოხსენიებული შვილი, ეკატერინე ჯაფარიძე და მისი უძრავი ქონება, ამავე დეკლარაციაში ვეღარ ვხვდებით ჩანაწერს ვიქტორ ჯაფარიძის უძრავ ქონებაზე, რომელიც მან 2002 წელს 26,300 აშშ დოლარად შეიძინა. ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარეობდა. ასევე, საინტერესოა მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე მიწის ნაკვეთის შემთხვევაც, რომელიც ვიქტორ ჯაფარიძემ მემკვიდრეობით მიიღო. 2018 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ნაკვეთი ჯაფარიძეს 2013 წელს გადაეცა მემკვიდრეობით და მისი ფართობი 693 კვ.მ იყო. 2019 წლის დეკლარაციაში კი, სავარაუდოდ, საუბარია იგივე მიწის ნაკვეთზე, თუმცა მემკვიდრეობით გადაცემის თარიღად 2011 წელია მითითებული, ფართობი კი 692 კვ.მ-ს შეადგენს. სავარაუდოა, რომ საუბარია ერთი და იგივე მიწის ნაკვეთზე, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სხვადასხვა ნაკვეთი არის აღრიცხული, ფაქტია, რომ 2019 წლის დეკლარაციაში წინა წლის ქონებრივი მდგომარეობა სრულად არ არის აღრიცხული. 

განსხვავებულია 2019 და 2020 წლის დეკლარაციებიც. მაგალითად, 2020 წლის დეკლარაცაში ჩნდება ახალი ჩანაწერები ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის სახელზე. თუკი 2019 წელს მის სახელზე მხოლოდ ბინა და სხვენი ფიქსირდებოდა, 2020 წლის დეკლარაციაში ჩანაწერი გაჩნდა 1995 წელს შეძენილ ბინაზეც, რომელიც მანამდე არსად ფიქსირდებოდა. 

2022 წლის დეკლარაციაში ასახული ქონებრივი მდგომარეობა ასევე საკმაოდ განსხვავებულია წინა წლების ქონებრივი დეკლარაციებისგან. 2022 წლამდე არსად ფიქსირდებოდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ 2010 წელს დაბა მესტიაში მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო. ასევე, ჩნდება ჩანაწერი 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებულ ორ მიწის ნაკვეთზე, რომლებიც მესტიაში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარეობს. თუკი, წინა წლების ქონებრივი დეკლარაციებიდან გამქრალი იყო თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჯაფარიძემ 2013 წელს შეიძინა, 2022 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ბინა კვლავ გამოჩნდა. 

გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ვიქტორ ჯაფარიძე უძრავ ქონებას არასრულად ასახავდა დეკლარაციებში, საჯარო სამსახურის ბიურო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში სხვა ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მის ოჯახის წევრებს უკავშირდება.

კერძოდ კი, ბიუროს წერილში ვკითხულობთ რომ 2018 წელს ასევე ხარვეზები გამოვლინდა თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშების ნაშთებში. ასევე, თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის აღრიცხვასა და შემოსავლებში. 

ვიქტორ ჯაფარიძემ 2019 წლის დეკლარაციაც ასევე არაკეთილსინდისიერად შეავსო. ხარვეზები კვლავ უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს უკავშირდება. 

იგივე პრობლემა განმეორდა 2020 წელსაც. ბიუროს შეფასებით დეკალარაციაში ვ.ჯაფარიძის მიერ არსწორად იქნა მითიებული ინფორმაცია უძრავი ქონების, საბანკო დოკუმენტაციისა, თანამდებობის პირის ანაზღაურებისა და ერთჯერადი გასავალის შესახებ, რომლიც ოდენობაც 5000 ლარს აღემატებოდა. რაც შეეხება ჯაფარიძის ბოლოს შევსებულ დეკლარაციას, 2022 წელს გამოვლენილი ხარვეზები ამჯერადაც უძრავ ქონებას, სამეწარმეო საქმიანობას და საბანკო ანგარიშზე ერთჯერად თანხის ჩარიცხვას შეეხება, რომლის ოდენობაც 3000 ლარს აღემატება. 

 

https://gmc.org.ge/public//storage/news/February2023/dek1.png

 

  • დიმიტრი ხუნდაძე

კიდევ ერთი პარტლამენტარი, ვინც არაკეთილსინდისიერად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძეა. 

დიმიტრი ხუნდაძე 2012 წლიდან მე-8, მე-9 და ახლა უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია.  დიმიტრი ხუნდაძის 2018 წლის დეკლარაცია უარყოფითად იქნა შეფასებული საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ. კერძოდ, ხარვეზები ხუნდაძის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გამოვლინდა. ასევე, ხუნდაძემ არასწორად მიუთითა ინფორმაცია საბანკო ანგარიშის ნაშთისა და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.  

დიმიტრი ხუნდაძე არასრულად ადეკლარირებს ქონებას, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ წინა წლისგან განსხვავებით, 2018 წლის დეკლარაციაში ვერ ვხვდებით ჩანაწერს მცხეთაში, აღმაშენებლის N158-ში მდებარე ბინის შესახებ, რომელიც ხუნდაძემ ჩუქების საფუძველზე მიიღო. 2018 წლის დეკლარაციაში ასევე არ არის ინფორმაცია 1985 წელს მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლზე, რომელიც ასევე მცხეთაში მდებარეობს, ამის მსგავსად არ არის აღრიცხული 1983 წელს მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთიც. 2017 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2005 წელს დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთაში ავტოფარეხის მშენებლობა დაიწყო, თუმცა 2018 წლის დეკლარაციაში მასზე საუბარი აღარ არის. 2018 წლის დეკლარაციაში ასევე არ მოიძებნება ჩანაწერი აგარაკის შესახებ, რომლის მშენებლობა ხუნდაძემ 2010 წელს დაბა ურეკში დაიწყო. კიდევ ერთი უძრავი ქონება, რომელიც 2018 წელს დიმიტრი ხუნდაძეს დეკლარაციაში აღარ აღუნიშნავს 2007 წელს დაბა ურეკში შეძენილი მიწის ნაკვეთია. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ 2018 წლის დეკლარაციაში ჩნდება რამდენიმე ჩანაწერი 2014-2015 წლებში შეძენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც მანამდე არცერთ დეკლარაციაში არ იყო ნახსენები. 

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოვლენილი დარღვევის შემდეგ ბიურომ ხუნდაძის დეკლარაცია 2019 წელსაც შეამოწმა. ამჯერადაც, ბიუროს შეფასება უარყოფითი აღმოჩნდა. მიზეზი კი ხუნდაძის მიერ მიღებულ შემოსავლებში ცდომილებების არსებობა იყო.

 

https://gmc.org.ge/public//storage/news/February2023/dek1.png

 

  • გურამ მაჭარაშვილი 

საჯარაო სამსახურის ბიურომ გურამ მაჭარაშვილის, 2018 წლის დეკლარაცია ასევე უაყოფითად შეაფასა. მაჭარაშვილის, 2018 წლის, დეკლარაციის მონიტორინგის დროს გამოვლენილი ხავეზები მის უძრავ ქონებას, საბანკო ინფორმაციას, ოჯახის წევრების შემოსავალსა და სამეწარმეო საქმიანობას შეეხებოდა. 

გურამ მაჭარაშვილი პარლამენტარი 2016 წლიდან გახდა. ის მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ მაჭარაშვილის ქონებრივი დეკლარაცია 2017, 2018 და 2019 წლებში ერთმანეთის მსგავსია და უძრავი ქონება ყველგან ერთნაირად არის აღრიცხული.

 

https://gmc.org.ge/public//storage/news/February2023/dek1.png

 

  • მიხეილ ყაველაშვილი

რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს, დეპუტატის დეკლარაციის რამდენიმე ნაწილი დაახარვეზა. პირველი ხარვეზი ხელშეკრულების საგნის ღირებულებას და ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ მატერიალურ შედეგს ეხება. 

ხარვეზი ფიქსირდება თანამდებობის ბირის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ, ყაველიშვილმა არასწორად მიუთითა ინფორმაცია მის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფინანსების შესახებ. 2019 წლის დეკლარაციის თანხმად ყავალეშივილის საბანკო ანგარშზე 56,594 ლარი იყო განთავსებული.

კიდევ ერთი ხარვეზი 2019 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებასთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულ დეკლარაციაში, შემოსავლების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ყაველიშვილის გერის (გიორგი ივანიშვილი) და მეუღლის (თამარ ბაგრატიონის) მიერ. გიორგი ივანიშვილის წლიური შემოსავალი 45,018 ლარს შეადგენდა, ხოლო თამარ ბაგრატიონის 3600 ლარს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ოჯახის წევრს იმაზე ნაკლები შემოსავლი ჰქონდა მითითებული დეკლარაციაში ვიდრე  ეს იყო დაადეკლარირა.

 

 

  • დავით კაჭარავა 

საჯარო სამსახურის ბიურომ დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაცია მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს შეამოწმა. მონიტორინგის შედაგად, ბიურომ მცირემნიშვნელობის უზუსტობები გამოავლინა, რის გამოც თანამდებობის პირს მიეცა გაფრთხილება. ბიუროს მიერ გამოვლენილი ხარვეზები კაჭარავას სამეწარმეო საქმიანობასთან და მის მიერ დადებულ ხელშეკრულებასთან იყო დაკავშირებული.

დეკლარაციების მიხედვით, დავით კაჭარავა წილებს ორ კომპანიაში ფლობს. პირველი კომპანია შპს ჯენტლმენი საქართველოა, რომელიც 2017 წლიდან არსებობს. საჯარო რეესტრის ბოლო, 2022 წლის ამონაწერის თანახმად, კომპანიის ერთპიროვნული დირექტორი ნუცა თვარაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი დავით კაჭარავა, წილის მმართველი დღევანდელი მონაცემებით, დავით კაჭარავას მამაა მისი სახელიც დავით კაჭარავაა. 2021 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ კომპანიის შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 29,177 ლარი შეადგინა. 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით კი კომპანიის შემოსავალი 12,000 ლარია. 

მეორე კომპანია, სადაც დავით კაჭარავა წილს ფლობს, შპს თბილალპროფი არის. კომპანია 2018 წელს დაარსდა. ბოლო ამონაწერის თანახმად, დირექტორი დავით კაჭარავაა. კაჭარავა ასევე ფლობს კომპანიის 51%-იან წილს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მისი წილის მმართველი მამამისია. თავის მხრივ, მამამისი, დავით კაჭარავა კომპანიის 16%-იან წილსაც ფლობს. დანარჩენი 33% კი გიორგი დანელიას მფლობელობაშია. 2021-2023 წლების ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ დავით კაჭარავას კომპანიიდან შემოსავალი არასდროს მიუღია. 

 

შეჯამება

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თითოეული თანამდებობის პირი ვალდებულია, შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია. დეკლარაცია მოიცავს ინფორმაციას პირის და მისი ოჯახის წევრების ქონების, ფინანსური აქტივებისა თუ საბანკო ანგარიშების შესახებ. თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სრული და სწორი მონაცემები შეიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიურო მას დააჯარიმებს. იმ შემთხვევაში, თუ ბიურო დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს დაადგენს, მონაცემები შესაბამის სამართლებრივ ორგანოს გადაეცემა. 

მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და დავით კაჭარავა ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ. კანონის თანახმად, ეს პირები არა ერთხელ უნდა ყოფილიყვნენ დაჯარიმებული საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ. თუმცა საინტერესოა, რომ აღნიშნული ბერკეტი არც ისე წარმატებულად მუშაობს ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევაში, რადგან ის წლიდან წლამდე არღვევს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების წესს და არასრულ მონაცემებს ადეკლარირებს.

 

წყარო:

  1. საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული საჯ.ინფორმაცია-  http://bit.ly/3Ie2xTx 

  2. https://gmc.org.ge/
ანალიტიკა
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.