USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Tbilisi
„ხალხის ძალა“ სამშობლოს ღალატისათვის ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას ითხოვს
Date:  573

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი ფიქრობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის „საუკეთესო პერიოდი იქნება.“ მათივე განმარტებით, „მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მყარი გარანტია საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის დასასრულებლად და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნის წინ პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა დანიშნა. ეს ის გოგავაა, რომელმაც ძველი რუსთავი 2-ის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში საომარი მოქმედებების დაწყება აღიარა. უფრო მეტიც, გოგავამ განმარტა, 8 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების წარმოებისას იმიტომ ვჩქარობდით, რომ პირველი ფაზის დასრულება საომარ მოქმედებებში რუსული ჯარის შესაძლო ჩართვამდე მოგვესწროო.

ისიც გვახსოვს, როგორ დააანონსეს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წყობილების აღდგენა ჯერ მამუკა ყურაშვილმა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. ისიც გვახსოვს, 8 აგვისტოს როგორ საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, კახა ლომაია და სხვები არა იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსული ჯარისგან იცავდა თავს, არამედ იმის შესახებ, თუ როგორი წარმატებით იკავებდა ქართული ჯარი კონფლიქტის ზონაში დასახლებებს და როგორი წარმატებით მიმდინარეობდა კონსტიტუციური წყობილების აღდგენის ოპერაცია.

რა გასაკვირია, რომ ნაციონალებმა 2012 წელს ხელისუფლების დაკარგვისთანავე მათ მიერ კონტროლირებადი ყველა ტელევიზიიდან - მათ შორის რუსთავი 2-დან, იმედიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სრულად გააქრეს 2008 წლის არქივები. იმ დღეების ეთერების უწყვეტი კადრები ახლა რომ გვქონოდა, ჩვენც და იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც 2008 წელს მცირეწლოვანნი იყვნენ ან სულაც დაბადებული არ იყვნენ, სრული სიმძაფრით დაგვიდგებოდა თვალწინ იმ უმძიმესი ღალატის ქრონიკა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა.

ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ნაციონალებმა საკუთარ საბრალდებო დასკვნას თავად მოაწერეს ხელი. ევროსაბჭოს რეზოლუციით მათ აღიარეს, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და მეტიც, ქართულ ჯარს ის ომის დანაშაული დააბრალეს, რომელიც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია.

2008 წლის აგვისტოს ღალატს წინ უძღოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, სააკაშვილის მიერ დევნილებისთვის 2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება, რუსეთის მიმართ უხეში რიტორიკის მუდმივი გამოყენება და უამრავი პროვოკაცია, რომელმაც, საბოლოოდ, რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა.

გარდა ამისა, 2006 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოაწყო არაერთი სამხედრო პროვოკაცია, მათ შორის რამდენიმე პროვოკაცია უშუალოდ აგვისტოს ომის დაწყებამდე განხორციელდა. ეს ყველაფერი უტყუარად ადასტურებს, რომ 2008 წლის დანაშაული არ იყო სპონტანური და დაუგეგმავი, არამედ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პატრონების მიერ კარგად გათვლილი სცენარი, რომელმაც საქართველოში რუსეთის შემოჭრამდე და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციამდე მიგვიყვანა. ბუნებრივია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ომში რუსეთი გაიმარჯვებდა. თუმცა, მათი გეგმა არც იყო წინააღმდეგობის გაწევაზე გათვლილი. მაშინ ნაციონალებმა შეასრულეს დაკვეთა, რომელიც არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, არამედ გარკვეულ გლობალურ მიზნებზე იყო გათვლილი. სამწუხაროდ, ამ გლობალურ სცენარში საქართველო საკუთარმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცის მისიისთვის გაწირა, რაც სამშობლოს ღალატი იყო.

საინტერესოა, რომ ნაციონალებმა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და შესაბამისი კანონი ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 2008 წლის სექტემბერში მიიღეს. იმავე პერიოდში ამოიღეს კონსტიტუციიდან ჩანაწერები სამშობლოს ღალატის შესახებ.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კომფორტულად თანამშრომლობს სალომე ზურაბიშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან, რომლებსაც თავის დროზე მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ასევე, პარტიულ თანამდებობებზე აწინაურებენ ადამიანებს, რომლებსაც საომარი მოქმედებების დაწყება აქვთ აღიარებული. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 2008 წელს ჩადენილი ღალატი მათ ოდნავ დისკომფორტსაც კი არ უქმნის. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ნაციონალებს, პატიმრების წამებასთან, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების გაყალბებასთან და სხვა უმძიმეს დანაშაულებთან ერთად, ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი.

ჰააგაში და სტრასბურგში სასამართლო პროცესების დასრულებამდე ყველა თავს ვიკავებდით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულისა და ღალატის შეხსენებისგან, რათა მათი დანაშაულის ხაზგასმას სახელმწიფოს ინტერესები არ დაეზიანებინა. თუმცა, ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, სასამართლო პროცესები საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჰააგას და სტრასბურგს საერთოდ არ უმსჯელიათ ომის დაწყების საკითხზე და დაადგინეს, რომ ქართულ ჯარს 2008 წელს არც ომის დანაშაული ჩაუდენია და არც ადამიანის უფლებები დაურღვევია.

სასამართლო პროცესები დასრულდა და სამართლებრივი რისკები აღარ არსებობს, ჩვენ კი მაინც დუმილის სტრატეგია შევინარჩუნეთ, რაც არასწორია. ახლა, როდესაც „ნაცმოძრაობისთვის“ 2008 წლის დანაშაულის შეხსენებას საქართველოსთვის არავითარი ზიანის მოტანა აღარ შეუძლია, მათ დანაშაულზე ხელის დაფარება ყოვლად გაუმართლებელია. სამშობლოს ღალატი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, თუნდაც, იმისთვის, რომ ეს სასჯელი გახდეს მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც პატრიოტიზმის ნაკლებობამ მომავალში სამშობლოს ღალატი და მსგავსი დანაშაული შეიძლება ჩაადენინოს.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, თავისი ყველა სატელიტით და მეტასტაზით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს. ვფიქრობთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მყარი გარანტია საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის დასასრულებლად და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way