USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
„ხალხის ძალა“ ამერიკას - ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, თუნდაც ეს "სტრატეგიული პარტნიორობის" გადახედვად დაგვიჯდეს
Date:  

პარტია „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს და ამერიკის ელჩის საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების კრიტიკას ეხმაურება.

„გუშინ ჩვენი „სტრატეგიული მეგობრის“, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა რობინ დანიგანმა პირველი მწვავე და ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რასაც ცხადია, უპასუხოდ ვერანაირად ვერ დავტოვებთ. თუ აქამდე ახალი ელჩი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა. ეს გასაგებიცაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებული პოლიტიკას აწარმოებს, ელჩ დანიგანს არავინ მისცემდა უფლებას, რომ შედარებით ნეიტრალური პოზიციონირებით თავი აერიდებინა მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავებისთვის.

ქალბატონმა ელჩმა დაგვიწუნა ჩინეთთან ბოლო პერიოდში გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და იქვე მიზეზიც დაასახელა - ჩინეთი რუსეთს აფინანსებს, რუსეთი თქვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია და არ მესმის, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირები იმ ქვეყნის მმართველ პარტიასთან, რომელიც საქართველოს ოკუპანტს აფინანსებსო... „შესაშური“ ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ შეუძლებელია ელჩის ამ ლოგიკას გაჰყვე თუნდაც სერიოზული მსჯელობის დონეზე, რადგან გზად იმდენი ბუნებრივი ბარიერია, რომ გამორიცხულია დანიგანის ამ განცხადებამ ჩიხში არ შეგვიყვანოს.

პირველ რიგში, გვსურს მარტივი კითხვა დავუსვათ რობინ დანიგანს - თუ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, ხოლო ამჟამად რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და ახდენს მისი ტერიტორიების ოკუპაციას - რატომ აღრმავებს აშშ ყოველწლიურად ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს?

თუ ჩინეთთან ურთიერთობა სახიფათო და საფრთხის შემცველია, რატომ ამყარებს და აღრმავებს ევროკავშირი საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტაქტებს და რატომ აკეთებენ ანალოგიურს ევროკავშირის ქვეყნები დამოუკიდებლად, გაერთიანების მიღმა?

აი როგორ გამოიყურება რიცხვებში აშშ-ს და ევროპის 2023 წლის სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან:

აშშ-ჩინეთის წლიური სავაჭრო ბრუნვა 575 მილიარდი დოლარია, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აშშ-ს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციების მოცულობა საშუალოდ წელიწადში 35 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 860 მილიარდი დოლარია.

რატომ ფიქრობთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება აშშ - ს და ევროკავშირს სიკეთეს მოუტანს, ხოლო ჩვენთვის სახიფათოა? საქმე ისაა, რომ დიდი ხანია თქვენ ჩვენს ქვეყანას უყურებთ როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, ხოლო ქართველ ხალხზე გაქვთ მცდარი წარმოდგენა, თითქოს მას კარგის და ავის გარჩევა არ შეუძლია, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ არის.

ქართულმა საზოგადოებამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კარგად ისწავლა კეთილისა და ბოროტის, ქვეყნისთვის სასარგებლოსა და საზიანოს გარჩევა და როდესაც გვეუბნებით, რომ თქვენ ივაჭრებთ ჩინეთთან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენს ქვეყანას და მის განვითარებას წაადგება. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მძიმედ დაზიანდება, თუ საქართველო ჩინეთთან გაწყვეტს ეკონომიკურ ურთიერთობას, სწორედ საქართველოა. ჩინეთის ეკონომიკაზე საქართველოსთან ვაჭრობა და აქ ინვესტიციების განხორციელება, ან პირიქით - ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად გაწყვეტა ჩინეთისთვის არაფერს ნიშნავს და მის ეკონომიკაზე ოდნავადაც ვერ აისახება, სამაგიეროდ საქართველოსთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთივე უხეში ფორმით ითხოვდით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისათვის და ერთი ხელის მოსმით გაგვეწყვიტა ყველანაირი ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტები, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. მიზეზი აქაც მარტივი იყო - ამ უგუნური ნაბიჯით რუსეთს ვერაფერს დავაკლებდით, ხოლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ქართველ ხალხს ნამდვილად გამოვუწერდით ჩვენივე ხელით „უმძიმეს სანქციებს“, რომელთა შედეგები ათეული წლების განმავლობაში მძიმე დაღად დააჩნდებოდა ჩვენი ხალხის ცხოვრებას.

ილუზია და ქართველი ხალხის დაცინვაა თქვენი მხრიდან მუდმივი აპელირება 6 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც, თურმე, 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოახმარეთ. ჯერ ერთი, საქართველოში შემოსული ამერიკული დახმარება, რაც ჩვენ დავითვალეთ, არის არა 6, არამედ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი 30 წლის განმავლობაში. და მეორე - ამ თანხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიხარჯა საქართველოში თქვენს მიერ დაფინანსებული ენჯეოების ხელით თქვენივე საყვარელი პარტიის - „ნაცმოძრაობის“ - ჯერ ხელისუფლებაში მოყვანისათვის, შემდეგ მისივე უწყვეტი მხარდაჭერისათვის. და მესამე - დღეს უკვე ეს თანხები ძირითადად ისევ იმ ენჯეოებს ხმარდება, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და რომელთაც ერთადერთ მიზნად „ქართული“ აგენტურული ქსელის, არაერთგზის სახე და სახელცვლილი, მაგრამ მარად მონებად და სამშობლოს გამყიდველებად დარჩენილი ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება განუზრახავთ.

იძულებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის წვლილი, რაც საქართველომ, თქვენთან პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო მისიებში შეიტანა. ჩვენი მონაწილეობის გარეშე მხოლოდ ავღანეთის მისია აშშ-ს მინიმუმ 2 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა, თუმცა ეს არც არის სახსენებელი იმ ადამიანურ მსხვერპლთან, რაც ჩვენმა სამშობლომ და ხალხმა ამ მისიაში გაიღო.

ცალკე საუბრის და გამოძიების თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, როცა, ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული „ფინანსური დახმარება“, მაგრამ სანამ ამ დახმარების საჭიროება დადგებოდა ქვეყანაში, თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო. დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა ეს მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება და მონური მორჩილება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა. არ იქნებოდა ასეულობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35000 ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა.

სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რადგან დღეს უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის საქართველოში, რომ სააკაშვილი და მისი აგენტურული ბანდა სწორედ რომ ოკუპაციის გამოსაწვევად ასრულებდა უმძიმეს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს „ოკუპანტი“, ხოლო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში - ვიდრე დღემდე, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის. აგვისტოს ომის შემდეგ გაწეულ დახმარებაზე კი (რაც აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებაში სერიოზულ წილს შეადგენს) მარტივად გეტყვით - თქვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გქონდათ, რადგან ომისგან ჩამოქცეულ ეკონომიკაში ფული რომ არ ჩაგესხათ, ამ ჩამოქცეულ ეკონომიკას თქვენი საყვარელი ნაცმოძრაობაც თან გადაჰყვებოდა. სინამდვილეში, თქვენ ეს ფული თქვენივე აგენტურის ხელისუფლებაში დასატოვებლად გადაიხადეთ. დიახ, ეს იყო თქვენი მიზნებისათვის გაწეული ხარჯი, თორემ ათიათასობით დევნილისთვის წეროვანის ბარაკებში ჩასახლება როგორი „ღირსეული“ დახმარებაცაა, ამას ქართველი ხალხი კარგად ხედავს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც ჯიუტად დახმარებად გვითვლით და მუდმივად გვამადლით იმ მითურ 6 მილიარდს, რომელიც სინამდვილეში 4 მილიარდიც არ არის და ძირითადად თქვენივე აგენტურის გამაგრებას და მათ გაძლიერებას ხმარდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაჟინებით გთხოვთ, გამოაქვეყნოთ თანხების დეტალური ხარჯთაღრიცხვა და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება.

თქვენ რომ ჩვენს ქვეყანასთან ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა გსურდეთ, ანაკლიის პორტს სწორედ ამერიკული ინვესტიციით ააშენებდით, თანაც დიდი ხნის წინ. მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, თქვენ ყველა ჯერზე უარი თქვით პორტის აშენებაზე და ახლა, როცა რეალური ინვესტორი გამოჩნდა, ამ პროექტისა და მისი ინვესტორების მიმართ

თქვენი დამოკიდებულებით ნათლად აჩვენებთ, რომ ერთადერთი მიზანი, რაც თქვენ გამოძრავებთ, არის პროექტის ჩაშლა და პორტის მშენებლობის გაუქმება.

თქვენ რომ ჩვენ ქვეყანასთან ნამდვილი სტრატეგიული კომუნიკაციით იყოთ დაინტერესებულნი, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ს ვიზების გაცემის სტატისტიკით სამარცხვინოდ არ იქნებოდნენ ავღანეთის გვერდით, იმ ავღანეთის, სადაც დემოკრატიის დასამყარებლად წლების განმავლობაში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ვიბრძოდით და სისხლი დავღვარეთ, ბოლოს კი პასუხად ის მივიღეთ, რომ ავღანელები უფრო ხშირად იღებენ აშშ-ს ვიზებს, ვიდრე ქართველები. რა ჰქვია ამას, სტრატეგიული პარტნიორობა თუ ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა?

სამწუხაროდ, „სტრატეგიული პარტნიორისგან“ ჩვენ აღარაფერი გვიკვირს და აღარაფერი გვაოცებს. უფრო მეტიც - ყველა თქვენი შემდეგი სვლა და მოწოდება ჩვენთვის ნაცნობი და მოსალოდნელია. როგორც ახლა გვეუბნებით, რომ თურმე თქვენ ივაჭრებთ ჩინეთთან, გააღრმავებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს, რადგან, თითქოს, ეს ურთიერთობა ჩვენ დაგვაზიანებს. ზუსტად ასე გვეუბნებოდით, რომ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თითქმის 80 წელია აშშ-ში მოქმედებს და წარმატებით იცავს ამერიკის სახელმწიფოს და ამერიკულ დემოკრატიას, საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ტყუილი არ მიიღო და ამგვარი ორმაგი სტანდარტი მიუღებლად და შეურაცხმყოფლად მიიჩნია.

ნუ გაგიკვირდებათ და ნუ შეშფოთდებით, თუ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორედ იმას გავაკეთებთ, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. და რადგან თქვენ სიტყვით გვაჯერებთ, რომ ჩვენი მეგობრები ხართ, ხოლო საქმით სრულიად საპირისპიროს ვხედავთ, ვიტოვებთ უფლებას, თავად გადავწყვიტოთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და როგორც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუნდაც ეს იმ - მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამი - „სტრატეგიული პარტნიორობის“ გადახედვად დაგვიჯდეს, რის მუქარასაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვისმენთ და თანაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან...“ - წერია განცხადებაში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way