USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
"ხალხის ძალა" - ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, საქართველოსთვის პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემი სტატუსის თემა
Date:  478

2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ ღირსებია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„სინამდვილეში, პოლიტიკაში ფაქტებით ყველაფერი თითქმის მათემატიკური სიზუსტით იზომება, ეს ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულმა დემოკრატიამ გასული 10 წლის და მათ შორის - გასული 2 წლის მანძილზე, მხოლოდ წინსვლა განიცადა:

- 2008-12 წლების პარლამენტში ფორმალურად 12, რეალურად კი - მხოლოდ 4 ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი, ხოლო დღევანდელ პარლამენტში ოპოზიციას 59 დეპუტატი - 6 სხვადასხვა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი წარმოადგენს;

- სენატორი რიში 2012 წლის ყოვლად გაუგონარი არჩევნებით აღფრთოვანებას დღემდე ვერ მალავს, თუმცა, ყველამ იცის, რომ 2012 წლის ჩათვლით, საქართველოში ყველა არჩევნები უხეშად ყალბდებოდა. „ქართული ოცნების“ პირობებში კი, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხელისუფლება არათუ არჩევნებს არ აყალბებს, აგენტურა მას იქით უყალბებს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს;

- 2012 წლამდე ქვეყანას ჰქონდა დანაშაულებრივი რეჟიმის ინტერესებზე მორგებული, სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია, რომელიც ავტორიტარიზმის სამართლებრივი გარანტის ფუნქციას ასრულებდა, დღეს კი მოქმედებს ახალი კონსტიტუცია, რომელიც კლასიკურ საპარლამენტო მმართველობის სისტემას ადგენს და ავტოკრატიის ჩამოყალიბებას აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს;

- 2012 წლამდე, ეროვნული მასშტაბით მოქმედი ყველა ტელევიზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქმედებდა, დღეს კი უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმის უმაღლესი ხარისხი, რომლის პირობებში ნაცმოძრაობა 3 ტელეარხს ფლობს, ხოლო ნებისმიერი ახალი მედიასაშუალების დაფუძნება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი;

- 2012 წელს აღიკვეთა პატიმრების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების სისტემური პრაქტიკა, რომელიც 2012 წლამდე იყო დამკვიდრებული და რითაც წინა ხელისუფლებამ გვანტანამოს ციხის ყველა რეკორდი მოხსნა. 2012 წლიდან, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 24,100-დან 9,200-მდე, ხოლო პატიმრების სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდა;

- 2012 წელს აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელიც აგენტოკრატიის ფინანსური უზრუნველყოფისა და მისი პოზიციების გამყარების ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი იყო;

- 2012 წლამდე სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებდა სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემი, რის შედეგადაც მართლმსაჯულება ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წელს მოიხსნა პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, რის შედეგადაც სასამართლო პრაქტიკა თვისებრივად შეიცვალა. გამამართლებელი განაჩენების ნულოვანი მაჩვენებელი ჰუმანურმა სისხლისსამართლებრივმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა. მრავალჯერადად გაუმჯობესდა წინასწარი პატიმრობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, ჯარიმისა და გირაოს შეფარდების, მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების მაჩვენებლები, რაც ადასტურებს, რომ სასამართლოში ვითარება არა მხოლოდ ფუნდამენტურად გაუმჯობესდა, არამედ ყველა სისტემური პრობლემა პრინციპულად აღმოიფხვრა. ამ ყველაფერს დამატებით ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ათჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. გასულ წლებში ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლო 28 წევრით აგენტურისა და მისი პატრონების საყოველთაო კრიტიკის ფონზე დააკომპლექტა, თუმცა, დღემდე ვერავინ იხსენებს უზენაესი სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის მიერ განხილულ ვერცერთ საქმეს, რომელზეც ვინმეს რაიმე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს;

- აღარაფერს ვამბობთ საერთაშორისო რეიტინგებზე და ინდექსებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით საქართველოს 10-წლიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ წინსვლას ადასტურებს.

როდესაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ - აგენტოკრატიას გულისხმობენ. საკმარისია სიტყვა „დემოკრატია“ სიტყვა „აგენტოკრატიით“ ჩავანაცვლოთ და მყისიერად ცხადი ხდება, თუ რას უწოდებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსვლას.

ე.წ. „დემოკრატიის უკუსვლა“, ანუ აგენტოკრატიის უკუსვლა არის ვითარება, როდესაც:

- აგენტურა ზედიზედ მესამედ აგებს საპარლამენტო არჩევნებს და ვერ იბრუნებს ძალაუფლებას;
- აგენტურას ამხელენ ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში;
- აგენტურა თავის ლიდერს არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოპარვისთვის იმეტებს და ამითაც ვერ აღწევს მიზანს;
- აგენტურა რუსთაველის გამზირზე აღმართული სცენიდან ითხოვს მთავრობის გადადგომას და ქუჩის აქციებით ცდილობს ხელისუფლების გადატრიალებას, მაგრამ მიზანს ვერც ამ ფორმით აღწევს;
- აგენტურა მინიმალური დოზითაც ვერ ახერხებს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური კონტროლის დაბრუნებას;
- აგენტურის ორი მთავარი ფიგურა თავს ვერ აღწევს სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის და მათ ციხეში უწევთ სასჯელის მოხდა;
- აგენტურა იმ დონეზეა დეგრადირებული, რომ მისი მთავარი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ერთმანეთს ხაბეიშვილი, მელია და მუმლაძე ეჯიბრებიან;
- აგენტურა მისი ლიდერის განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ უკანასკნელ აქციაზე ათას კაცსაც კი ვერ უყრის თავს;
- აგენტურა ვერ ასრულებს მთავარ დავალებას და ვერ აღწევს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებას.
ტრადიციულად, აგენტურის დასუსტების ფონზე, მათი პატრონები აქტიურდებიან და ასე ცდილობენ ხოლმე მათი თანამშრომლების სისუსტის კომპენსირებას. ამ ტრადიციის გათვალისწინებით, ორი სენატორის - რიშისა და შაჰინის ბოლოდროინდელი გააქტიურებაც სავსებით ლოგიკურია.

ასევე, მოსალოდნელია, რომ აგენტურის პატრონები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემის აქტუალიზებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. საქართველოსთვის პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემი სტატუსის თემა, თავის დროზე, ჩვენთვის მოიგონეს, რათა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთვის სტატუსი არ მიენიჭებინათ და ამით, ხელისუფლებაში აგენტოკრატიის დაბრუნებისთვის გაეხსნათ გზა. თუმცა, საზოგადოებამ მაშინ სცენარი, საბოლოოდ, იოლად გაშიფრა და აგენტურას მისი განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ამის მიუხედავად, გამორიცხული არაა, მათ კანდიდატის თემის აქტუალიზება კიდევ ერთხელ სცადონ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, საზოგადოება ამ სცენარსაც ადვილად წაიკითხავს და მას კიდევ ერთხელ სათანადო რეაქციით შეხვდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში დემოკრატიის წინსვლა და აგენტოკრატიის უკუსვლა ერთნაირი მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება. ამასთან, აგენტოკრატიის უკუსვლა სწრაფი ტემპით სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც პარლამენტის საბოტაჟმა, 19 აპრილის ნაძალადევმა შეთანხმებამ და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო და აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მოაზრებულმა ამ სამივე აქტმა, საბოლოოდ, აგენტურა იქით დაასუსტა. დემოკრატიის ე.წ. ორწლიანი უკუსვლა სინამდვილეში სწორედ იმ უკუსვლას მოიაზრებს, რომელიც აგენტურამ ამ ორი წლის მანძილზე განიცადა.

ფაქტია, რომ საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ. მთავარია, საზოგადოება ამგვარი რიტორიკით არ გადაიღალოს და ამ ფონზე, შეცდომა არ დაუშვას. სწორედ ამისათვის არის საჭირო სიმართლით ხალხის აღჭურვა. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს აგენტოკრატიის დაბრუნება, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიული წინსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way