USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
კეზერაშვილს აშშ-მა ვიზა არ მისცა - მან სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივლა
თარიღი:  440

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.

იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომელიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კირომ ამ პირს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული.

ამავეს განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომელიც დავით კეზერაშვილის სარჩელს გაეცნო:

"მუხლი, რომლის საფუძველზეც უარია ნათქვამი, ამბობს, რომ თუ საკონსულოს თანამშრომელმა და გენერალურმა პროკურორმა იცის ან აქვთ ინფორმაცია, რომ პირი არის ჩართული კონკრეტულ დანაშაულში, თანამონაწილეა ასეთი დანაშაულის, მას შეიძლება უარი ეთქვას ვიზის მიღებაზე".

რას ითხოვს კეზერაშვილი სასამართლოში?

დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

ამ შინაარსის სარჩელი გამოქვეყნდა ვებგვერდზე Courtlistener.com, რომელიც აშშ-ს სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.

სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო.

ამის შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა.

დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა.

სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

"ამ სარჩელიდან არ ჩანს, დავობენ თუ არა ვიზის არგაცემაზე, ეს დოკუმენტი ეხება ინფორმაციის მიუღებლობის საკითხს. სარჩელში ნათქვამია, რომ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა არასწორად დააკავა, არ გადასცა მხარეს, დროული პასუხი არ გასცა და ამით ადეკვატური ინფორმაციის მიღების უფლება დაერღვათ", - განმარტავს ნიკა სიმონიშვილი.

დეტალებისა და მისი პოზიციის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ სცადა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირება: კითხვები გაუგზავნა ელექტრონული ფოსტით; დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც მისი სარჩელი მოამზადა და ესაუბრა შუამავლებსაც. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა დაუყოვნებლივ განახლდება.

 

აშშ-ს ვიზაზე უარის თქმის მომენტისთვის (2023 წლის ივლისი) უკვე ცნობილია ე.წ. ქოლცენტრებზე ბიბისის გამოძიების შესახებ, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ამ გამოძიების ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

"BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან", - დაწერა კეზერაშვილმა ტელეკომპანიაში გაგზავნილ საჩივარში, სადაც ის ფაქტების უარყოფას მოითხოვდა.

კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა

 

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელია და ბიბისის გამოძიებამდე არხის საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ფლობდა. გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე. ეს გადაწყვეტილება მან "ფორმულის" თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო.


რეესტრმა დავით კეზერაშვილს "ფორმულაში" წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

 
  • სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, თუმცა ის არცერთ მათგანზე არ არის მსჯავრდადებული, გარდა ერთისა.
  • 2021 წლის სექტემბერში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე.
  • კეზერაშვილი ქართულ სასამართლოს გამართლებული ჰყავს რამდენიმე, მათ შორის „ტელეიმედის“ გასხვისების საქმეზე, რომელშიც ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალად ედებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე მითვისება-გაფლანგვა.
  • საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
  • კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2006-2008 წლებში იკავებდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.
  • ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილს დღემდე ადანაშაულებს ამ პარტიის არაფორმალურ მართვაში.
  • კეზერაშვილმა ნიკა მელიას ბრალდებებს მისივე დაფუძნებული ტელეკომპანია "ფორმულის" ინტერვიუში უპასუხა, - თქვა, რომ "არასდროს ჩარეულა და არც ჩაერევა პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში", თუმცა დაეხმარება ყველას, ვისაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება სურს.
  • დავით კეზერაშვილი კვიპროსში ცხოვრობს და იქ ხშირად ხვდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.

წყარო: რადიო თავისუფლება

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.