USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
კეროლ კარსკი: საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს, პროდასავლურ, პროალიანსურ გზას მიჰყვეს
Date:  531

“საქართველო რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს, თუმცა მის ამჟამინდელ მთავრობას განზრახული აქვს, პროდასავლურ, პროალიანსურ გზას მიჰყვეს. მმართველი პარტია – „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია ღიად აცხადებს, რომ მთავრობას სურს ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება”, – წერს ევროპარლამენტარი, კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით – „გაძლიერდეს NATO, დავეხმაროთ საქართველოს, დავიცვათ დასავლეთი“. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ მიზანს და ეს უახლესი გამოკითხვებით დასტურდება. „ეს შეიძლება, აუხდენელ ოცნებად ჟღერდეს, სანამ მონაცემებს ნახავთ. საქართველო სულადობრივად უკვე არის NATO-ს საერთაშორისო მისიების ყველაზე დიდი მონაწილე ავღანეთში და ის ახლახან გახდა მეორე არაწევრი სახელმწიფო (ფინეთის შემდეგ), რომელიც ალიანსის კიბერუსაფრთხოების პლატფორმას შეუერთდა, რომელსაც MISP აკრონიმით იცნობენ. პარტია „ქართულ ოცნებას“, ასევე, განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია: გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა წარმოებს და ინვესტიციები მოედინება. შედეგად, სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში; მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ახლა მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით; Heritage ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს”, – წერს ევროპარლამენტარი. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს უნდა გვაინტერესებდეს იმიტომ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დამაიმედებელი ამბავია. დასავლური კაპიტალიზმისა და დემოკრატიის კლება ბოლო წლებში ფართოდ იყო პროგნოზირებული, თუმცა საფრთხისა და პესიმიზმის მომასწავებელი უწყებების აზრები მცდარი გამოდგება. „გაერთიანებული სამეფოს როლი პოსტპანდემიური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში ფუნდამენტურია. ნუ დააკნინებთ მის მნიშვნელობას. ალიანსის ძირითადი წევრის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამხედრო ძალის მქონე ქვეყნისა და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის რანგში, გაერთიანებული სამეფოს როლი თავისუფალი სამყაროს დაცვის საქმეში უცილობელი რჩება, ევროკავშირის დატოვების მიუხედავად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უახლესი საერთაშორისო ამბავი – სანამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია ყველა სხვას გადაფარავდა – ამ ფაქტს ადასტურებს. თებერვალში გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს უშიშროების სამსახურებმა გამოაცხადეს, რომ საქართველოს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში მომხდარი მასიური კიბერთავდასხმა გააანალიზეს. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო ევროპის გეოგრაფიულ და ტექნოლოგიურ საზღვარზე იმყოფება. თუ გლობალური ბრიტანეთი რამეს ნიშნავს, ეს არის მისი გაძლიერებული როლი – ისეთი, როგორიც თებერვალში გამოჩნდა, როდესაც ჩვენს პროდასავლურ მოკავშირეებს დაეხმარა მსოფლიოს რთულ ადგილებში. საქართველო, ალბათ, ყველაზე ნათელი მაგალითია”, – წერს ევროპარლამენტარი.

economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way