როგორ ვიქცევით, როდესაც კბილი გვტკივა? ამ კითხვას ერთადერთი ლოგიკური პასუხი აქვს: რა თქმა უნდა, კბილის ექიმთან მივდივართ. თუმცა დღესაც კი, როდესაც კბილის უმტკივნეულო მკურნალობა ჩვეულებრივი ამბავია, დანტისტებისა ბევრს ეშინია. ტკივილის დასაამებლად ათასგვარ შინაურ, მეზობლებში გაკითხულ თუ ინტერნეტში ამოკითხულ მეთოდს მიმართავენ და სტომატოლოგთან მაშინღა მიდიან, როცა კბილი უკვე ამოსაღებია. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მაშინ, როდესაც საანესთეზიო საშუალებები არ არსებობდა...
როგორ მკურნალობდნენ ავადმყოფ კბილებს საუკუნეების წინ? ამჯერად სწორედ კბილების მკურნალობის არქაულ მეთოდებზე მოგიყვებით.
უხსოვარი დროიდან შუა საუკუნეებამდე
დაუჯერებელია, მაგრამ არქეოლოგთა ბოლოდროინდელი აღმოჩენები მოწმობს, რომ კბილის გაბურღვა ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში იცოდნენ. თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე ნაპოვნია ცხრა ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანის ყბა, რომელზეც კბილებს სიმეტრიული, აშკარად ხელოვნური ნახვრეტები აქვს. თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია, რით ავსებდნენ ნახვრეტებს, რას იყენებდნენ ბჟენის დანიშნულებით.
შუამდინარეთში კბილებს, ისევე როგორც ბევრ სხვა დაავადებას, ქურუმები და შამანები მკურნალობდნენ. მტკივან კბილზე ლენცოფასა და სხვა მცენარეული კომპონენტებისგან დამზადებულ მალამოს ადებდნენ ავადმყოფს და თან კბილის ტკივილის საწინააღმდეგო შელოცვას აყოლებდნენ. სხვათა შორის, სამკურნალო შელოცვები იმ ეპოქის პოეზიის შესანიშნავი ნიმუშებია.
კბილის მკურნალის პროფესია პრესტიჟულად მიიჩნეოდა ძველ ეგვიპტეშიც. პაპირუსებმა შემოინახა ცნობები იმის შესახებ, რა იცოდნენ ეგვიპტელებმა ამა თუ იმ მცენარის ანთების საწინააღმდეგო თუ ტკივილგამაყუჩებელ თვისებებზე, როგორ მკურნალობდნენ გინგივიტს (ღრძილების დაავადებას), მინანქრის ეროზიას და პულპიტს (კბილის რბილობის ანთებას), რა საშუალებებს იყენებდნენ კბილების დასაბჟენად, როგორ ამზადებდნენ კბილის პასტას და სახეხ ფხვნილს კვერცხის დაფქული ნაჭუჭის, პემზისა და ფერფლისგან და ა.შ.
მუმიების კბილების შესწავლამ ცხადყო, რომ ძველ ეგვიპტეში სტომატოლოგებს კბილის არა მხოლოდ დაბჟენა, არამედ ამოღება და საღით შეცვლაც კი შეეძლოთ. ყბის ძვალს ხვრეტდნენ და ახალ კბილს მასზე ოქროს მავთულით ამაგრებდნენ.
პირველი სტომატოლოგი, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, გახლდათ ჰესი-რე. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლით ადრე, ფარაონ ჯოსერის (მესამე დინასტია) ზეობის ხანაში ცხოვრობდა ეგვიპტეში და ოფიციალურად ატარებდა “კბილის მკურნალთა შორის უდიდესის” ტიტულს.
არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ კბილის გახვრეტის ტექნოლოგია არც მაიას ცივილიზაციისთვის ყოფილა უცხო, თუმცა კბილებს უფრო მეტად ესთეტიკური მიზნით იხვრეტდნენ – ზედ სამშვენისებს იმაგრებდნენ.
კბილების მკურნალობის უფრო და უფრო უკეთესი მეთოდების მიგნებას ცდილობდნენ ძველ საბერძნეთში, თუმცა მათი მიგნებების უმეტესობა საკმაოდ მტკივნეული იყო. მაგალითად, მწვავე ტკივილის დროს ნერვს რკინის გავარვარებული წკირით წვავდნენ.
ძველი ბერძნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ექიმები მტკივანი კბილის ამოღებას არ ჩქარობდნენ – ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად. ძველ საბერძნეთში შემუშავებული მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი, მაგალითად, გატეხილი კბილის შინირება, – რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული ფორმით, – თანამედროვე სტომატოლოგიაშიც გამოიყენება.
ძველ რომში კბილის ტკივილს მცენარეული ნახარშებით და, რაღა თქმა უნდა, შელოცვებით მკურნალობდნენ. ვერ გეტყვით, რომაელი ღმერთები იყვნენ ასეთი გულქვები თუ შელოცვა ვერ აღწევდა ადრესატამდე, მაგრამ საქმე უმეტესად მაინც მტკივანი კბილის ამოღებით მთავრდებოდა.
სხვათა შორის, პროთეზირების ხელოვნება ძველ რომში საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა. მდიდარი რომაელებისთვის პროთეზებს ძვირფასი ლითონებისგან და ცხოველებისა თუ ღარიბი ადამიანების ჯანსაღი კბილებისგან ამზადებდნენ. თუმცა ეს პროთეზები დიდი პრაქტიკულობით არ გამოირჩეოდა. კბილების გასაწმენდად რომაელები სპეციალურ ფხვნილს იყენებდნენ, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო შარდოვანა.
სტომატოლოგიის ისტორიაში ახალი სიტყვა თქვა იმპერატორ ტრაიანეს პირადმა ექიმმა არქიგენმა, რომელმაც კბილი სპეციალური ბურღით გაბურღა. თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევად დარჩა და კიდევ მრავალი საუკუნე გავიდა, სანამ კბილის გაბურღვა სტომატოლოგიის ტრადიციულ ინსტრუმენტად იქცეოდა.
კბილების მოვლის საკითხში კი პირველობა ჩინელებს ეკუთვნით. სწორედ მათ შექმნეს პირველი კბილის ჯაგრისი ცხოველის ჯაგრისგან. შემორჩენილია არაერთი ჩინური მანუსკრიპტიც, რომლებიც კბილების დაავადებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს აღწერს. მაგალითად, ჩინელი სწავლული სუ-კუნგი, რომელიც VII საუკუნეში მოღვაწეობდა, კბილის დასაბჟენად გამდნარ ვერცხლს იყენებდა.
კბილის ტკივილის მიზეზებსა და მკურნალობაზე თავიანთი წარმოდგენები ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთშიც. X-XI საუკუნეების ცნობილი ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი იბნ სინა (რომელსაც ევროპაში ავიცენად იცნობდნენ) ტრაქტატში “სამკურნალო მეცნიერების კანონი” აღწერს კბილის ამოღების ჩვენებებსა და უკუჩვენებებს, კბილის მკურნალობის მეთოდებს და იძლევა რეკომენდაციებს პირის ღრუს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.
პირველი ათასწლეულის ბოლოს ახლო აღმოსავლეთის ექიმებმა კბილის ტკივილის სამკურნალოდ დარიშხანის გამოყენება დაიწყეს. ცნობილია, რომ ეს შხამი კბილის ნერვს კლავს და, შესაბამისად, ტკივილისგან ათავისუფლებს ავადმყოფს. მოგვიანებით ეს მეთოდი ევროპაშიც დაინერგა და XX საუკუნის ბოლომდე წარმატებითაც იყენებდნენ.
ბნელი შუა საუკუნეები
შუა საუკუნეებში ევროპულ მედიცინას მძიმე დრო დაუდგა. ეკლესიამ, რომელმაც უდიდესი გავლენა მოიპოვა, ყოველგვარ სამეცნიერო საქმიანობაზე მკაცრი ზედამხედველობა დააწესა. მრავალი სამედიცინო მანიპულაცია, მათ შორის – კბილების მკურნალობაც, “ქრისტიანი ექიმისთვის” უღირს საქმიანობად შეირაცხა. სტომატოლოგია ხელოსნების ხელში აღმოჩნდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კბილების მკურნალობა მტკივანი კბილის ამოღებით შემოიფარგლებოდა.
კბილის ტკივილის მიზეზებზე შუასაუკუნეობრივი წარმოდგენები არალოგიკური, მცდარი და ხშირად სასაცილოც კი იყო. მაგალითად, ბევრს მიაჩნდა, რომ კბილის ტკივილს იწვევდა ე.წ. კბილის ჭია, რომელიც კბილში ცხოვრობდა და შიგნიდან ხრავდა მას. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ კბილის ტკივილი ცოდვებისთვის ზეგარდმო მოვლენილი სასჯელი იყო, შესაბამისად, მისი მკუნალობა ღვთის ნებისადმი ურჩობას ნიშნავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა ქრისტიანს არ ჰყოფნიდა რწმენის ძალა, რომ იობივით უდრტვინველად მიეღო “ღვთით მოვლენილი სასჯელი” – ტკივილის გაძლებას ბევრი კბილის ამოღებას ამჯობინებდა. ამ სამსახურს კი მათ დალაქები და მჭედლები უწევდნენ. რა თქმა უნდა, ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე (საუკეთესო შემთხვევაში – ალკოჰოლით გაბრუებულებს). პროცედურა ხშირად სამჭედლოში, სადალაქოში, ბაზარში, აბანოში, ქალაქის მოედანზე ტარდებოდა. და სახალხო სანახაობად იქცეოდა ხოლმე, უამრავი გულშემატკივრის შეძახილების თანხლებით. ჰიგიენაზე, ბუნებრივია, არავინ ფიქრობდა და კბილის ამოღებას ხშირად ინფექცია მოჰყვებოდა ხოლმე.
ლოგიკურია, რომ ბევრი, სრულიად ახალგაზრდა, უკბილოდ რჩებოდა, ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა კბილის პროთეზებზე. თუმცა პროთეზი დიდი ფუფუნება იყო, რადგან იმხანად მას ძვირფასი ლითონებისა და სპილოს ძვლისაგან ამზადებდნენ. ასე რომ, მასზე დიდგვაროვნებს მიუწვდებოდათ ხელი. თუმცა ღარიბებს ეს პროთეზები დიდად არც გამოადგებოდათ – ისინი იმდენად მოუხერხებელი იყო, რომ მხოლოდ კოსმეტიკურ დანიშნულებას თუ შეასრულებდა, ღარიბები კი არ დადიოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც პროთეზით მოიწონებდნენ თავს.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის დიქტატურამ სტომატოლოგიისა და, საზოგადოდ, მედიცინის განვითარება საგრძნობლად შეაფერხა, დროდადრო მაინც გამოჩნდებოდნენ ხოლმე გამბედავი ადამანები, რომლებიც ცდილობდნენ, თავიანთი საქმიანობით ახალი სიტყვა ეთქვათ მეცნიერების ამ დარგში. ერთი მათგანი გახლდათ ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოვანი არკოლანი, რომელიც ჯერ კიდევ XV საუკუნეში მკურნალობდა კბილებს გახვრეტის მეთოდით. კბილის რბილობს წვავდა და ოქროთი აბჟენდა.
პირველი ხელის ბურღი 1684 წელს ქირურგმა კორნელიუს ზოლინგენმა გამოიყენა, თუმცა ამ ინსტრუმენტს, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი აკლდა სრულყოფილებამდე.
შუა საუკუნეების ზოგიერთი სტომატოლოგი დაავადებულ პულპას ადუღებული ზეთით და გოგირდმჟავათი წვავდა. დიდგვაროვანთათვის არცთუ იაფ და იოლად საშოვნელ დარიშხანსაც იყენებდნენ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მტკივნეული იყო ეს მეთოდები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესია კბილის ტკივილით გატანჯულ მრევლს მოთმინებას ურჩევდნენ და თან ამუნათებდნა, თქვენივე ცოდვებისთვის ისჯებითო, კბილის ღრუში მდუღარე ზეთის ჩასხმა არც ისე დიდ სისასტიკედ მოგეჩვენებათ.
თანამედროვე სტომატოლოგიის სათავეებთან
XVIII საუკუნის დასაწყისი შეგვიძლია სტომატოლოგიის გაფურჩქვნის ხანად მივიჩნიოთ. კბილის მკურნალობას ამ პერიოდში უკვე მედიცინის ცალკე დარგად განიხილავდნენ და ეს დიდი მიღწევა იყო – წინათ ხომ კბილების მკურნალობა უღირს საქმიანობად ითვლებოდა, რომელსაც მჭედლებს და დალაქებს ანდობდნენ.
სტომატოლოგიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ფრანგმა ექიმმა პიერ ფოშარმა და ის დამსახურებულად მიიჩნევა თანამედროვე სტომატოლოგიის ფუძემდებლად. ფოშარი მკურნალობდა იმდროინდელი ელიტის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც იყვნენ ფილოსოფოსი და განმანათლებელი დენი დიდრო, კარდინალი დე ფლერი და თვით მეფე ლუდოვიკო XV. ფოშარის ნაშრომი “დანტისტი-ქირურგი ანუ ტრაქტატი კბილების შესახებ”, რომელიც 1728 წელს გამოქვეყნდა, ნამდვილი გარღვევა აღმოჩნდა სტომატოლოგიაში. მასში აღწერილი იყო ასზე მეტი სტომატოლოგიური დაავადება და მათი მკურნალობის მეთოდები.
ფოშარი არაერთ გენიალური იდეის ავტორი გახლავთ. ის დაუღალავად ეძებდა საუკეთესო მასალას კბილის დასაბჟენად, იგონებდა ახალ-ახალ სამედიცინო ინსტრუმენტებს. მაგალითად, სწორედ მან გამოიგონა მთელი ყბის მოსახსნელი პროთეზი, რომელიც უკბილო პირის ღრუში ზამბარებით მაგრდებოდა. მანვე გამოიყენა პირველად თანკბილვის გასაუმჯობესებელი ფირფიტები და ოქროს გვირგვინი, რომელიც ბუნებრივი ელფერის მისანიჭებლად ფაიფურით დაფარა.
პიერ ფოშარი პირველი ექიმი გახლდათ საფრანგეთში, რომელსაც ქირურგი-დანტისტის წოდება მიენიჭა. მის მომსახურებაზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ფოშარმა გადაწყვიტა, კბილების პროთეზების საწარმო გაეხსნა. სამუშაოდ ის მხოლოდ იუველირებს იღებდა და მათ მინიმალურ ცოდნას აძლევდა მედიცინაში. ანატომიისა და სტომატოლოგიის მოკლე კურსის დასასრულების შემდეგ ისინი თავად ფოშარს აბარებდნენ გამოცდას და მერეღა იწყებდნენ კბილის პროთეზების დამზადებას.
XIX საუკუნეში სტომატოლოგიამ სულ უფრო სწრაფად იწყო განვითარება. 1864 წელს ბრიტანელმა სტომატოლოგმა ჯორჯ ჰარინგტონმა შექმნა პირველი ძრავიანი საბურღი მანქანა, რომელიც იქოქებოდა და ორი წუთის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მეტისმეტად ხმაურიანი და მოუხერხებელი იყო. ჰარინგტონის გამოგონება ამერიკელმა დანტისტმა ჯეიმს ბეალ მორისონმა გააუმჯობესა 1871 წელს – მან საბურღ მანქანას ფეხის პედალი გაუკეთა, რომ უფრო იოლად მოსახმარი ყოფილიყო. 1880-იან წლებში ექიმმა დიუბუა დე შემანმა ფაიფურისგან ხელოვნური კბილები დაამზადა, რომლებსაც ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი. ამავე პერიოდში გამოიგონეს სტომატოლოგიური ჰიდრავლიკური სავარძელიც, რამაც როგორც სტომატოლოგებისთვის, ისე მათი პაციენტებისთვისაც გაცილებით კომფორტული გახადა მკურნალობის პროცესი.
სიმართლე კარიესის შესახებ
მართალია, კბილების მკურნალობის ისტორია უკვე საუკუნეებს ითვლიდა, მაგრამ არავინ იცოდა, რა აზიანებდა მათ. რწმენა, რომ კბილს ჭია ხრავდა ან კბილის ტკივილი ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. მაშ, რა აფუჭებდა კბილებს და რა იწვევდა მწვავე ტკივილს, რომელსაც ვერავინ უძლებდა?
1890 წელს ამერიკელმა სტომატოლოგმა უილობი მილერმა, რომელიც ბერლინის უნივერსიტეტში მუშაობდა, კარიესის მიზეზს მიაგნო. მისი კვლევის თანახმად, კბილებს აზიანებდა გარკვეული ტიპის ბაქტერია, რომელიც შაქრით იკვებებოდა და მჟავებს წარმოქმნიდა.
ამრიგად, პრობლემის სათავეს მიაკვლიეს, მაგრამ არავინ იცოდა, როგორ დაეცვათ კბილები დაზიანებისაგან. ამ კითხვას სრულიად შემთხვევით გაეცა პასუხი.
კოლორადოელმა სტომატოლოგებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, რატომ ჰქონდათ შტატის მცხოვრებლებს კბილებზე ლაქები და საბოლოოდ აღმოაჩინეს, რომ იქ, სადაც სასმელი წყალი ფთორით ღარიბი იყო, ადამიანები უფრო ხშირად უჩიოდნენ კარიესს. დღეს უკვე დადგენილია, რომ ფთორი, რომელსაც წყალი შეიცავს, კბილის მინანქრის შემადგენელი ნაწილია და თუ ის საკმარისი რაოდენობით მივიღეთ (და კბილებსაც სათანადოდ მოვუარეთ), კარიესის გაჩენის ალბათობა 65%-ით შემცირდება.
კბილის ტკივილი და გვირგვინოსნები
კბილის ტკივილისთვის ადამიანის სოციალურ სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის არც არისტოკრატებს ინდობდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ძლევამოსილ მონარქებს. ცნობილია, რომ კბილის ტკივილი ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ პირველსაც ტანჯავდა. 1578 წლის დეკემბერში გვირგვინოსანს კბილი აუტანლად ასტკივდა. კარისკაცები მას დაჟინებით ურჩევდნენ, ამოეღო მტკივანი კბილი, მაგრამ დედოფალმა კიდევ უფრო დიდი ტკივილის შიშით სასტიკი უარი განაცხადა. მაშინ ლონდონის ეპისკოპოსმა ჯოლ ეილმერმა გადაწყვიტა, თავად მიეცა მაგალითი მონარქისთვის და მის თვალწინ ამოაღებინა კბილი დალაქს, რითაც დედოფალს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. თუ გავითვალისწინებთ, რომ არცთუ ახალგაზრდა ეპისკოპოსს არც ისე ბევრი კბილი ჰქონდა დარჩენილი, მისი საქციელი შეიძლება უდიდეს კეთილშობილებად ჩავთვალოთ.
მონარქთა სტომატოლოგიური პრობლემები ხშირად მათ ქვეშევრდომებზეც მტკივნეულად აისახებოდა ხოლმე. საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო XIV-ს (მეფე-მზეს), რომელიც ელიზაბეტ პირველზე საუკუნით გვიან მეფობდა, სასტიკად ტანჯავდა კბილების ტკივილი. ისტორიული წყაროების თანახმად, 1685 წლისთვის ზედა მარცხენა ყბაზე მას უკვე საერთოდ აღარ ჰქონდა კბილები. ამბობენ, რომ სწორედ კბილის აუტანელი ტკივილის დროს მოაწერა ხელი ლუდოვიკო XIV-მ განკარგულებას რელიგიური თავისუფლების აკრძალვის შესახებ, რამაც საფრანგეთში რელიგიურ უმცირესობათა დევნის ტალღა გამოიწვია.
აი, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომებზე კი მტკივნეულად არა მონარქის კბილის ტკივილი, არამედ მისი სტომატოლოგიით გატაცება აისახა. კბილების მკურნალობა პეტრე პირველის ჰობი გახლდათ. ევროპაში მოგზაურობის დროს მან თავად გადაწყვიტა დანტისტის სპეციალობის შესწავლა და მოგვიანებით თავის ცოდნას რიგით მოქალაქეებზე ცდიდა ხოლმე. რამდენად კარგი სტომატოლოგი იყო იმპერატორი, ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მასთან კბილის ტკივილის თაობაზე დაჩივლებას ვერავინ ბედავდა.
საბედნიეროდ, თანამედროვე სტომატოლოგია, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ჰუმანური, დახვეწილი და სრულიად უმტკივნეულოა. დანტისტები და ორთოდონტები სასწაულებს ახდენენ. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ კბილის ექიმის, გაუფრთხილდით და მოუარეთ კბილებს, რომ მათმა ტკივილმა არასოდეს შეგაწუხოთ.
ნინო ბაზერაშვილი