USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
„კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობის ღია წერილი ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის წევრს, ქ-ნ ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს
Date:  713

"კავკასიური სახლი" ეხმაურება ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის წევრის, ქ-ნ ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის განცხადებას საქართველოში "პოლიტპატიმრების" განთავისუფლებასთან დაკავშირებით. "თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას.

დიდად პატივცემულო  ქ-ნო ფონ კრამონ-ტაუბადელ,

„კავკასიური სახლი“ საქართველოს  ერთ-ერთი უძველესი  საზოგადოებრივი ინსტიტუტია, რომელმაც საქმიანობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მაშინ ამ მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ  საგანმანათლებლო ორგანიზაციას  „მთარგმნელთა კოლეგია“ ერქვა და წარმოადგენდა მხატვრული თარგმანის პროფესიულ  ცენტრს, რომელიც  ემსახურებოდა  როგორც  ქართული ლიტერატურის თარგმანს მსოფლიოს ენებზე, ასევე,  ევროპული  აზროვნებისა და  ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების  თარგმნას ქართულ ენაზე და მათ პოპულარიზაციას.  ამ გზაზე ორგანიზაციას უხდებოდა მრავალი წინააღმდეგობის დაძლევა, რასაც მას ანტიდასავლურად მომართული ოფიციალური იდეოლოგია უქმნიდა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ჩვენი ცენტრი უკვე მაშინ გარემოსდაცვით პრობლემებს აქცევდა.

1990-იანი წლების დასაწყისში „კავკასიური სახლი“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის კოლექტიური წევრი გახდა,  მისი წამყვანი თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ  მწვანეთა მოძრაობის დაფუძნებაში  და იყვნენ  საერთო კავკასიური  მოძრაობის  – „კავკასია -ჩვენი საერთო სახლი“ – სულისჩამდგმელები და ხელმძღვანელები.  ჩვენი თანამშრომლები მრავალი წლის განმავლობაში  იბრძოდნენ  საბჭოთა  ტექნოკრატიული მაფიის წინააღმდეგ, რომელიც  გიგანტური ინფრასტრუქტურული მშენებლობებით ანადგურებდა   საქართველოსა და კავკასიის უნიკალურ ბუნებას.  და  ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო კავკასიის რეგიონში საერთო კულტურული,  ეკოლოგიური  და სამშვიდობო სივრცის ჩამოყალიბებისთვის.

„კავკასიური სახლისა“  და მისი  გარემოსდაცვითი  მოღვაწეობისათვის     განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა  თანამშრომლობას   (მწვანეთა პარტიის  პარტნიორ) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან. ფონდის ხელშეწყობით  წლების მანძილზე  იმართებოდა  არა მხოლოდ  საერთო -კავკასიური  გარემოსდაცვითი და სამშვიდობო ღონისძიებები, არამედ  ქართულად ითარგმნა ცნობილი ევროპელი მწვანე პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების (პეტრა კელის, იურგენ ტრიტინის, რუდოლფ ბაროს, რალფ ფუქსის, გერჰარდ შიკისა და ნაუმი კლაინის) ტექსტები. რამდენიმე მათგანი სხვა მწვანე მოღვაწეებთან ერთად ჩვენს  ოფისშიც გახლდნენ სტუმრად.

„კავკასიური სახლის“ ისტორიის გახსენებით მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ თქვენ, როგორც ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი, ჩვენს თანამებრძოლად მიგვაჩნიხართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთმანეთთან საერთო პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებები გვაერთიანებს. აქედან გამომდინარე, გვსურს, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გულისტკივილი გაგიზიაროთ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენ აქტიურად ლობირებდით რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხს. თქვენმა განსაკუთრებულმა მონდომებამ, აქტიურობამ და აქამდე ჯერ არნახულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი დამნაშავე შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა. ვფიქრობთ, რომ თქვენ ბატონების – უგულავასა და ოქრუაშვილის  – შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და იმ პოლიტიკური ძლების გავლენის ქვეშ იმყოფებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის  ავტორიტარული  რეჟიმის რეაბილიტაციას.

ბ-ნი გიგი უგულავა სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის დროს ქალაქ თბილისის მერი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება დედაქალაქის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ მირზა შაფის ქუჩის შემთხვევა, როდესაც გიგი უგულავას ადმინისტრაციის უკანონო ნებართვით მსხვილმა ინვესტორებმა, ფეხით გაქელეს რა  სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, –  მიწასთან გაასწორეს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელი,  უნიკალური არქიტექტურული ნაგებობების ნაწილი და უსახლკაროდ დატოვეს იქ მაცხოვრებლები.

გ. უგულავას მმართველობის პერიოდში თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად იქცა. მოხდა მრავალი სკვერის, ბაღისა და საჯარო სივრცის პრივატიზაცია, რის შედეგად დასახლებაში კრიტიკულად შემცირდა მწვანე საფარის რაოდენობა. ბევრ ჩვენგანს გიგი უგულავა უნახავს 2007-2011 წლებში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო დემონსტრაციების სასტიკად დარბევის დროს, როდესაც იგი პოლიციას მითითებებს აძლევდა, უმოწყალოდ დაესაჯა კანონიერი აქციის მონაწილენი.   გიგი უგულავა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეში სასამართლოს მიერ ოფიციალურად არის ცნობილი დამნაშავედ: თქვენ მიერ „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოცხადებულ პირს ბრალი ედება  დედაქალაქის ხაზინიდან 50 მილიონი ლარის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებაში. (მაგალითად,  გიგი უგულავა  „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კონცერტის მონაწილე მუსიკოსებს დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებად აფორმებდა და რიგით მეეზოვეებთან შედარებით გაცილებით მაღალ ხელფასს თვეობით უხდიდა).

პატივცემულო ქ-ნ  ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ  ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის.

„კავკასიურმა სახლმა“ თავისი ოფიციალური განცხადებით უმკაცრესად დაგმო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, როდესაც მთავრობის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად რამდენიმე ჩვენმა თანამოქალაქემ დაკარგა თვალი, ათობით  აქტივისტმა კი მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. თუმცა, დემონსტრაციის ტრაგიკულად დასრულებაზე ჩვენ პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლებას არ ვაკისრებთ. მივიჩნევთ, რომ რიგმა ოპოზიციურმა ძალებმაც შეუწყვეს ხელი პროვოკაციულ მოქმედებებს, როდესაც პარლამენტის შტურმით, ძალადობრივი მეთოდებით აღება სცადეს. შტურმის ორგანიზატორთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ ბ-ნი ოქრუაშვილი გახლდათ, რომელიც საქართველოს სასამართლომ ასევე ოფიციალურად მიიჩნია სისხლის სამართლის დამნაშავედ. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ბ-ნმა ოქრუაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში  თავი გამოიჩინა, როგორც  ყველაზე  უფრო აგრესიულმა და სახიფათო  მილიტარისტმა პოლიტიკოსმა:  2004 წელს მის მიერ დაგეგმილი გაუაზრებელი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ცხინვალის რეგიონში რუსი და ოსი შეიარაღებული ფორმირებების ხელით ათობით ქართველი მშვიდობიანი მოსახლე, ჯარისკაცი და პოლიციალი დაიღუპა. დაიღუპნენ, ცხადია,  მოწინააღმდეგე მხრიდანაც. 2006 წელს თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ცენტრალური ტელევიზიების პირდაპირ ეთერში იმუქრებოდა, რომ ახალ წელს თავის თანამებრძოლებთან ერთად ცხინვალში შეხვდებოდა. ოფიციალურ უწყებებზე თავდასხმის ორგანიზატორი, ავანტიურისტი პოლიტიკოსი დღეს თქვენი წყალობით უკვე პოლიტპატიმრის სტატუსით ცდილობს დივიდენდების დაგროვებას.

ჩვენ შესანიშნავად, თქვენზე და თქვენს კოლეგებზე ბევრად უკეთ გვესმის, რომ ქართულ დემოკრატიასა თუ მართლმსაჯულებას უამრავი მძიმე პრობლემა აქვს და არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას. გულწრფელად ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას, რომლის მიზანიც ახალი ინსტიტუტების მშენებლობა და სისტემური ცვლილებების განხორციელებაა. მაგრამ საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ  ხშირად რიგი ევროპელი პოლიტიკოსები დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის ნაცვლად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ ნეოკოლონიალიზმის ყველაზე ფარული და დახვეწილი ფორმების საქართველოში დანერგვის მცდელობებს, ქართველი ხალხის დახმარების ნაცვლად კი მაშველ რგოლს აწვდიან კორუმპირებულ,  მილიტარისტ, დანაშაულში მხილებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა სხვა მანკიერებასთან ერთად კიდევ  იმით ხასიათდებიან, რომ ბუნების მიმართ სრულიად პარაზიტულ-მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ და  მთელ ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს განადგურებით ემუქრებიან.

ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ – ადამიანი, რომელსაც ტყიბულელ მეშახტეებთან ურთიერთობის გამოცდილებაც კი გაქვთ და წარმოადგენთ პაციფისტური და გარემოსდაცვითი მოძრაობის მემკვიდრე პარტიას – გახდეთ ამ მანკიერი პრაქტიკის ნაწილი.

დღევანდელ საქართველოში მოქალაქეთა მრავალი ჯგუფი ცხოვრობს მუდმივი სოციალური ჩაგვრის პირობებში. მათ შორის განსაკუთრებით უჭირთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს:  მრავალი წელია სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას სიღარიბესთან ერთად  სასიცოცხლო სივრცის ერთიანი განადგურებაც ემუქრება.  ამასთან, ლაპარაკია მაღალმთიანეთის სრულიად უნიკალურ ბუნებაზე:  სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობებმა შეიმუშავეს 150-მდე საშუალო და გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი.   ამ ჰესების აშენებას  ხელისუფლება  საეჭვო ტრანსნაციონალური კორპორაციების დახმარებით გეგმავს.

გარემოს  ყველა  დამცველმა იცის, რომ გიგანტური კაშხლები და წყალსაცავები  განადგურებით ემუქრება ათობით ათასი ადამიანისა თუ ცხოველის სასიცოცხლო სივრცეს: უძველეს ტყეებს,  ენდემებს,  სავარგულებს, ვენახებს, ძველი კულტურის ძეგლებს… ეს ანტიმეცნიერული პროექტები  საქართველოსთვის ეკონომიკურად წამგებიანია,  სოციალურად აგრესიული და  ეკოლოგიურად  -კატასტროფის  მომტანი, რითაც სრულიად ეწინააღმდეგება  ევროკავშირის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. მართალია, ევროპის ბუნებისდაცვითმა ორგანიზაციამ  მოსთხოვა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მის მიერ ხელმოწერილი  CONVENCION DE BERNE , ანუ დაიცვას მდინარეები, მაგრამ ასეთი მთავრობები  ადვილად არ იღებენ ხელს იმ პროექტებზე, რომელთაგან თავად გამოელიან მოგებას.

აი, აქ გვჭირდება  თქვენი და  არა მხოლოდ თქვენი დახმარება ქალბატონო ფონ კრამონ-ტაუბადელ.

ამიტომ,  მოგიწოდებთ:  ცალკეული კრიმინალების ციხიდან დახსნის ნაცვლად,  დაგვიდგეთ გვერდით,   რათა ერთად გადავარჩინოთ  საქართველოს  რეგიონები,  მისი უნიკალური სილამაზის მაღალმთიანეთი,  ველური, ნეოლიბერალური კაპიტალიზმისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალებისგან!

 

პატივისცემით,

ნაირა გელაშვილი – კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარე, მწერალი, გერმანისტი, გარემოს დამცველი.

გიორგი ლობჟანიძე – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი

ლევან ლორთქიფანიძე – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, პოლიტოლოგი

თეა გალდავა – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, ისტორიკოსი

ივანე აბრამაშვილი – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, კონფლიქტოლოგი

წყარო:http://caucasianhouse.ge/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way