უცხოელ მოღვაწეთაგან გრიგოლ გაგარინის ღვაწლი თბილისისა და თბილისელების წინაშე ფრიად წონადია. იგი იყო ქართველი ერის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. ცნობილმა რუსმა ფერმწერმა, არქიტექტორმა, ხელოვნებათმცოდნემ, გრიგოლ გაგარინმა, თბილისში ექვსი წელი იცხოვრა და, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი გვაშორებს მისი მოღვაწეობის პერიოდიდან, მხატვარი დღესაც შეგვახსენებს თავს თბილისისადმი მიძღვნილი თავისი სისხლსავსე შემოქმედების ნიმუშებით: სიონის ეკლესიის კედლის მხატვრობა, თბილისის ყოფილი საოპერო თეატრის დარბაზისა და ფოიეების მოხატულობა, დავით ჭავჭავაძისა და მაიკო ორბელიანის პორტრეტები, ყოფითი სცენები, ხუროთმოძღვრების ძეგლთა სურათები, პარიზში დასტამბული ალბომები “თვალწარმტაცი კავკასია” და “კავკასიის კოსტიუმები”, ბატალური სცენა “ახტალის ბრძოლა”, სცენიურად გაფორმებული გიორგი ერისთავის პიესები “გაყრა” და “დავა”, ბეთანიის ეკლესიაში თამარ მეფის პორტრეტისა და ფრესკის საკუთარი ხარჯით აღდგენა…
გრიგოლ გრიგოლის ძე გაგარინი დაიბადა 1810 წლის 29 აპრილს (11 მაისი) პეტერბურგში. მამა, თავადი გრიგოლ ივანეს ძე გაგარინი, თავისი დროის გამოჩენილი დიპლომატი, იყო განათლებული ადამიანი, რომლისთვისაც უცხო არ იყო ლიტერატურა და მხურვალედ უყვარდა ხელოვნება. ის აწყობდა შეხვედრებს მხატვრებთან და იტალიაში მსახურობის პერიოდში, შეძლო გადაექცია თავისი სახლი რუსული მხატვრული ცხოვრების ერთ-ერთ ცენტრად საზღვარგარეთ. გ. ი. გაგარინთან ერთმანეთს ხვდებოდნენ მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები. სილვესტერ შჩედრინი წერდა, რომ გ. ი. გაგარინი “თვითონაც მოყვარულია და მეცადინეობს ფერწერაში წარმატებით; მას მეტად უყვარს იხილოს ეტიუდები, რომელშიც თვლის, რომ უფრო ვლინდება მხატვრის ნიჭი”.
მამის სახლში გ.გ. გაგარინი ხედავდა სილვესტერ შჩედრინის, თ. მატვეევის, თ. ბრუნის, პ. ბასინის, ა. ვენეციანოვის ნაწარმოებებს. 1824 წელს რომში მხატვრებმა დადგეს დ. ფონვიზინის “ნედოროსლი” და თამაშობდნენ ამ კომედიაში. მამის გემოვნება, ახალგაზრდა მხატვრების მამის სახლში ყოფნა, არა მხოლოდ ქმნიდნენ მხატვრული გემოვნების მუდმივ ატმოსფეროს ახალგაზრდა გაგარინის გარშემო, არამედ განამტკიცებდნენ მასში სამშობლოსთან კავშირის გრძნობას, რომელიც მას ნანახი ჰქონდა ბავშვობაში.
გრიგოლ გაგარინი 13 წლამდე იზრდებოდა მშობლებსა და ძმებთან ერთად პარიზსა და რომში, ხოლო მერე სწავლობდა სიენაში, ტოლომეის კოლეგიაში, რომლის კურსიც დაამთავრა 1826 წელს. პარიზის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები მათემატიკაში, ფილოლოგიაში, სამართალში, ფილოსოფიასა და ისტორიაში. გაიარა კურსები სამშენებლო ხელოვნებასა და ფერწერაში.
გ.გ. გაგარინის ნაცნობობა კარლ ბრიულოვთან
გ.გ. გაგარინის ნაცნობობა კარლ ბრიულოვთან, რომელსაც განსაკუთრებით დიდი და ნაყოფიერი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის, დაიწყო 1823-1824 წლებში. ისინი მაშინ დაახლოვდნენ, როდესაც გაგარინი იყო 16 წლის და ამთავრებდა თავისი განათლების პირველ ეტაპს. ამ დროისთვის მან უკვე განსაზღვრა თავისი ლტოლვა ხელოვნებისადმი, შევიდა მამის ნაცნობთა წრეში. ცოდნის მოყვარული და ნიჭიერი ჭაბუკი დამეგობრდა კ. ბრიულოვთან. ისინი ერთად დადიოდნენ ეტიუდებზე, ხატავდნენ და წერდნენ, სწავლობდნენ ბუნებას გ.ი. გაგარინის სახლის გარშემო.
თავის ჭაბუკ მეგობარში ბრიულოვმა აღზარდა გულისხმიერება ბუნების სილამაზისადმი, გააღვივა ინტერესი ყოფითი სცენებისადმი. მან განავითარა ჭაბუკში დაკვირვებულობა, დანახულის გადმოცემის უნარი. გაგარინს ჰქონდა შესაძლებლობა გადმოეღო ბრიულოვიდან მისი მხატვრული აღქმის საუკეთესო, პროგრესიული მხარეები.
გაგარინი მადლიერების გრძნობით იხსენებდა ბრიულოვის გაკვეთილებს: “ის მიზიარებდა მე კოლორიტის საიდუმლოებას, მიხსნიდა იმას, რასაც ვხედავდი და ვერ ვხედავდი, რასაც ვგრძნობდი ანგარიშმიუცემლად. ბრიულოვის გაკვეთილი იყო ჩემთვის აღმოჩენა _ იმის შემდეგ მე მივხვდი, რომ ბუნების მომხიბვლელობაში იმალება არა მხოლოდ უშუალო ტკბობის ინტერესი, არამედ გონების ინტერესიც~. ბრიულოვი ცდილობდა განევითარებინა მოსწავლის ფანტაზია. “საღამოობით, როდესაც მთელი ოჯახი იკრიბებოდა დიდი მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელიც სავსე იყო ქაღალდებით, საღებავებით, ფუნჯებითა და ფანქრებით, ის გადასინჯავდა მთელ ჩემს აზრებს, ავითარებდა მათ თავისებურად და მათგან აკეთებდა საოცრებებს. ის იყო ან გასეირნების შთაბეჭდილებები, ან რომანტიკული ფანტაზია, ზოგჯერ კლასიკური ხასიათისა, ან ბოლოს წაკითხულის ილუსტრაცია, ხან, ბოლოს და ბოლოს, სიჭაბუკის მოგონებები ან ახალი ფერწერული ხერხის ცდა…” ბრიულოვის გაკვეთილებიდან გაგარინმა მიიღო მეტი, ვიდრე შეეძლო მიეღო პეტერბურგის აკადემიის გაკვეთილებზე. გაგარინმა აითვისა “არა ყინულიანი სისწორე ნახატისა”, არამედ მოქნილი, ცოცხალი ნახატი ბუნებისა, ხალხისა და არა თაბაშირისა.
ბრიულოვისგან შეძენილი გაგარინმა შეავსო ხატვაში შემდგომი მეცადინეობებით, ფერწერასა და აგრეთვე სამშენებლო საქმის შესწავლით. ის გაიტაცა “რომანტიზმის მოძრაობამ ხელოვნებასა და ლიტერატურაში, მაგრამ ამ მოძრაობაში მან, ბრიულოვის მოსწავლემ, შეძლო სწორად აღექვა ყველაზე მნიშვნელოვანი _ მისი რეალისტული საფუძველი. ცხოვრებისეული გამომხატველობის ძიება ბატონობს ქუჩაში დანახულ და შესაძლებელია იქვე ჩახატულ სცენებში”. ის აკეთებდა კარიკატურებს ნაცნობებზე, მასწავლებლებზე. ამ ნახატების გვერდით, გაგარინი ქმნიდა თავისებური სერიოუზულობით გამსჭვალულ აკვარელს “აფიშების დამტარებელი”. მასში შეგნებულადაა ხაზგასმული კონტრასტი გატანჯული დამტარებლისა და ფრანტის შორის, რომელიც ეცნობა ვერცხლის წყლის რეკლამას.
მოღვაწეობა რუსეთში
1832 წელს გაგარინი მამასა და ძმებთან ერთად ჩამოვიდა რუსეთში. ახალი შთაბეჭდილებები მაშინვე გადმოსცა ნახატებში: ამ წლებიდან მოყოლებული გაგარინის მუდმივი საქმიანობა გახდა ხატვა. ყველაფერი, რასაც ის ხედავდა ქუჩებში, პარკებში, პეტერბურგის არემარეში, მის კანცელარიებსა თუ მანევრებზე, შემდგომ მოსკოვშიც შეტანილი იყო ალბომებში.
გაგარინი არ იყო სრულად თანმიმდევრული. ნახატების “ქვისმთლელები”, “მზიდავები”, “გლეხი ფეხითმოსიარულე”, “გლეხი – ცხენით მოსიარულე”, “მოსკოველი დარაჯი და ცელქები”, “დაჭერილი ქურდი” ზოგიერთი ამდაგვარი ნახატის გვერდით უხვად არის ნიანგებისა და ეშმაკების ბრძოლები, რაინდთა ორთაბრძოლები, ალეგორიები, დედაქალაქის ფანტასტიკური ხედები და ა.შ. გაგარინი ამ პერიოდში არა მხოლოდ ნახატებში სცილდებიდა სინამდვილეს, არამედ საყოფაცხოვრებო სცენებსაც ალამაზებდა ხან ჭრელი შეფერადებით, ხან შუქისა და ჩრდილის ეფექტური ლაქებით, მაგრამ სინამდვილის ასახვისას მკაფიო იყო მისი ხედვის გამჭრიახობა და გულისხმიერება.
ეს დაეხმარა მას დაახლოებოდა მამის მეგობრებს, რომლებიც პუშკინის წრის წარმომდგენლები იყვნენ. პუშკინის მეგობარი პოეტი პ. ვიაზევსკი ატყობინებდა ა. ტურგენევს: “გაგარინის ვაჟიშვილები სასიამოვნო ბიჭები არიან. როგორი შესანიშნავი ნიჭი აქვს უფროსს ფერწერისა”.
მამამისის რჩევით გაგარინი, პეტერბურგში ჩასვლისას შეხვდა ა.ს. პუშკინს, რომელიც, როგორც ჩანს, სიმპათიით განიმჭვალა ახალგაზრდა მხატვრისადმი. მალევე გაგარინმა შეძლო შეეტყობინებინა მამისათვის, თავისი და პუშკინის ჩანაფიქრის შესახებ ვინიეტების გაფორმების თაობაზე ჯერჯერობით მან (პუშკინმა) მომანდო მე რამდენიმე, ჯერ კიდევ გამოუცემელი ლექსი, რომლებიც მომცემენ საშუალებას შევქმნა ძალიან ორიგინალური ნახატები”.
გაგარინმა პუშკინის ლექსების ილუსტრირება მართლაც დაიწყო: 1833-1834 წლებში შეიქმნა ნახატები (ფანქრით ან კალმით) ნაწარმოებებისათვის “რუსლანი და ლუდმილა”. “ზღაპარი მეფე სალთანზე”, “ანგელოზი”, “პიკის ქალი”, “ბახჩისარაის ფანტანი”, “ციგნები”.
გაგარინის გატაცება `რომანტიზმის მოძრაობით ხელოვნებაში~ თვით სიუჟეტების არჩევანში გამოჩნდა. უპირატესობა ეძლეოდა მათ, რომელიც საშუალებას აძლევდა `ნებისმიერი სახის ფანტაზიის განვითარებას~. მკვეთრად უსვამდა ხაზს სახის დამახასიათებელ თვისებებსა და კონტრასტს შუქსა და ჩრდილს შორის. შემონახული სურათები მოწმობენ ავტორის ცოცხალ ინტერესს პუშკინის ნაწარმოებებისადმი, თვით პოეტისადმი. მან გადაწყვიტა შექმნილიყო ტიტული და ილუსტრაციები `პიკის ქალისადმი~, დანართები და გაფორმება `ზღაპარი მეფე სალტანზე“, შვიდი ილუსტრაცია `დამხრჩხვალ~-ისთვის. ნაწარმოების შინაარსის ასეთი თანმიმდევრული გადმოცემის გამოცდილება იყო ახალი იმ დროისათვის.
მართლაც, 1833-1834 წლებში შეინიშნება გაგარინის ნახატებსა და რიგ სცენებში თხრობისა და სიუჟეტის განვითარება, ანუ ის განსაკუთრებულობა, რომელიც გაიშალა მასში 1830-1840 –იან წლებში და დიდი ძალით გამოვლინდა ნამუშევრებში `ტარანტასისათვის~.
ახალმა თვისებებმა თავი იჩინა სხვა მიმართულებებშიც. 1833-1834 წლებში შეასრულა აკვარელი “ტერასაზე“, რომელიც, შესაძლებელია, არის აგრეთვე პუშკინის ილუსტრაცია (“კეთილშობილი ესპანელი ქალის წინაშე“) შუქის სისავსით და თავისი სუფთა ფერებით. ეს აკვარელი გაგარინის გვიან ნამუშევრებს უსწრებს და მოწმობს იმაზე, რომ ბრიულოვის გაკვეთილების დროს კი არ ბაძავდა თავის მასწავლებელს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აკვირდებოდა ბუნებას. `მეჯლისი ბარატინსკებთან~ აგრეთვე შეიცავს გაგარინის გვიანი ნამუშევრების ელემენტებს _ ყოფით სცენებს და ჯგუფურ პორტრეტებს ერთდროულად.. რეალისტური თვისებები აქ უფრო გარკვევითაა, ვიდრე რიგ ილუსტრაციებში. გაგარინი არ ფანტაზიორობს ყურადღებით გადმოგვცემს ნატურას, აკეთებს დარბაზის ჩანახატებს, სადაც მიმდინარეობდა მეჯლისი, გულმოდგინედ აკვირდება პორტრეტულ მსგავსების მინიატურებს გამოსახულებებში.
ამ ნივთის დოკუმენტალობა აგრეთვე უსწრებს 1840 წლების ნამუშევრების ანალოგიურ თავისებურებებს.
თავისებური დოკუმენტალობა დამახასიათებელია ნაცნობებზე გაკეთებული კარიკატურებისათვის. პუშკინის თანამედროვეები გაგარინმა შეძლო აღებეჭდა მრავალრიცხოვან მონახაზებში, მან ზომიერად გააზვიადა არა მხოლოდ მათი გარეგნობა, არამედ თავის დაჭერის თვისებაც. თუმცა ბევრი ამ ცოცხალი და გონებამახვილური სცენებიდან ჯერ კიდევ მეტყველებენ მათი ავტორის სიჭაბუკეზე.ძვირფასია ის, რომ საალბომო მონახაზებს შორის არის სერიოზულად დამუშავებული, ნატურაში დაკვირვებული სცენები, ან შესანიშნავი თავისი დახვეწილობით და გააზრებულობით ფანქრით შესრულებული ნახატები. ასეთი ნამუშევრები შეიცავენ თვისებებს, რომელიც დამახასიათებელია უკვე მოწიფული გაგარინისათვის.
ისევ საზღვარგარეთ
1834 წელს გაგარინი გააგზავნეს დიპლომატიური მისიით კონსტანტინოპოლში.
კონსტანტინოპოლსა და მცირე აზიაში გაკეთებული მისი ალბომები გაივსო ჩანახატებით.
გაგარინის ალბომებიდან განიდევნა უწინდელი ფანტასტიკური სცენები. ნატურიდან მუდმივმა და გატაცებულმა ხატვამ გაგარინში გამოიმუშავა ნახატის სიზუსტე და ანგარიშიანი სიძუნწე; მას უკვე ყოფნიდა რამდენიმე შტრიხი ცხოვრებისეული სცენის გადმოსაცემად.
ბრიგ `ფემისტოკლოს~ ბორტზე გაკეთებული სცენები სავსეა ჭეშმარიტი რეალისტური გამოსახულებებით. იმ ბრიგზე, რომელზეც გაგარინმა ათენიდან კონსტანტინოპოლში ჩაიყვანა კ. ბრიულოვი და გზაში გააკეთა ჩანახატები მისი, გრიგოლ მეთაურის, ვ. კორნილოვისა (შემდგომში სევასტოპოლის დაცვის გმირის) და დასვენების წუთებში გამხიარულებული ეკიპაჟისა.
ნატურიდან ხატვა გრძელდებოდა სხვა ადგილებშიც, სადაც კი მოუწია გაგარინს მსახურობა. 1830-იანი წლების ნახატები ხდებოდა უფრო მკაცრი და გულმართალი. გაგარინმა სრულყო განესაზღვრა უმნიშვნელოვანესი; მუშაობდა რა თუნდაც კონტურის მანერაში, ჩრდილის შტრიხების გარეშე, მან შეძლო მიეღწია სიღრმისა და გაშუქებისა სრული შთაბეჭდილებისთვის. ის აშკარად გაიზარდა და სრულყოფილი გახდა.
1837 – 1839 წლებში მსახურობდა უმცროს მდივნად მიუნხენის მისიაში.
1839 წელს გაგარინი დაბრუნდა სამშობლოში. კაზანში მგზავრობამ (ალბათ მამის მემკვიდრეობის მისაღებად) მისცა საშუალება უფრო ფართოდ დაენახა რუსეთი, ვიდრე მან ნახა 1832 – 1834 წლებში. ამასთან ის უკვე არ იყო უწინდელი ხალისიანი – ცნობისმოყვარე ჭაბუკი, არამედ გახდა მოწიფული ადამიანი. თავის ალბომებში მას შეაქვს კაზანამდე გრძელ გზაზე დანახული. მან თავის თავზე განიცადა დაღლა მოგზაურობისა პროვინციის გზებსა და ლოდინი საფოსტო სადგურებზე. ხვდებოდა თავადებს, სწორედ იმათ, ვისაც რუსეთში მოგზაურობისას ხვდებოდა ცნობილი პავლე ივანეს ძე ჩიჩიკოვი (ნ. გოგოლის ნაწარმოების `მკვდარი სულები~-ს გმირი).
1840 წელს დაინიშნა განსაკუთრებულ დავალებათა მოხელედ აზიის დეპარტამენტში.
იმავე წლის მაისში მივლინებული იყო ბარონ პ. ვ. განთან, რომელსაც დავალებული ჰკონდა დაემკვიდრებინა ამიერკავკასიაში სამოქალაქო წყობილება.
1841 წლის აპრილიდან ივნისამდე ჩერკევსკის რაზმის შემადგენლობაში მყოფი მონაწილეობდა მთიელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში. იგი პირადი მამაცობისა და სიმამაცისათვის დააჯილდოეს მე-3 ხარისხის ბაფთიანი წმ. ანნას ორდენით. იმავე წლის პირველ ივლისს მიენიჭა ლეიბ-ჰუსართა პოლკის პორუჩიკის წოდება და გადაიყვანეს სამხედრო მინისტრის კანცელარიაში განსაკუთრებული დავალებებისთვის. იმავე წლის ამიერკავკასიაში ახალი წყობილების დამყარების საქმეში გაწეული შრომისათვის მიიღო წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი. 1842 წელს მიენიჭა შტაბ-როტმისტრის წოდება. 1843 წლის 1 იანვარს დაინიშნა ფლიგელ-ადიუტანტად.
კავკასიაში მოღვაწეობა
კავკასიის მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა 1848 წელს საქართველოში მოიწვია გ. გაგარინი. ვორონცოვმა თბილისში ახალი თეატრის მშენებლობაზე დაიწყო ზრუნვა. იმხანად წარმოდგენები ე.წ. “მანეჟის თეატრში” იმართებოდა, შემდეგში გიმნაზიის შენობაში გადაიტანეს. სცენა თვით გ. გაგარინმა გამართა და გ. ერისთავის კომედიის “გაყრის” დეკორაციებიც მან შეასრულა.
რაკი ქალაქს არ გააჩნდა სრულყოფილი თეატრი, მეფისნაცვალმა დღევანდელი თავისუფლების მოედანზე არსებული თავისუფალი ტერიტორია გამოიყენა და 1847 წლის 15 აპრილს ახალი თეატრის შენობის საძირკველიც ჩაიყარა. თეატრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი, ხოლო გრიგოლ გაგარინს დაევალა დარბაზისა და ფოიეს მხატვრული გაფორმება. თუ როგორ გაართვა თავი მხატვარმა დაკისრებულ მოვალეობას, მოვიტანთ ორ ამონაწერს, რომლებიც ეკუთვნის რუს მწერალს ვ. სოლოგუბს და ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას. ვ. სოლოგუბი, რომელიც თეატრის დირექტორი იყო, 1851 წლის გაზეთ “კავკაზში” (# 29) წერდა: “…თავადი გაგარინი… მან კიდევ უფრო სრულჰყო თავისი ნიჭი და დასახლდა რა თბილისში, უკვდავყო სახელი ილუსტრაციებითა და სურათებით კი არა, არამედ მთელი ძეგლებით. სწორედ მან მორთო თბილისის ახალი თეატრი გაუმჯობესებული არაბული სტილით… მკვდარი კალამი უძლურია გამოჰხატოს ახალი დარბაზის მთელი წარმტაცობა, სიკეკლუცე და სიმშვენიერე. იგი მიაგავს სტორისა და მორტიმერის მიერ აღმოსავლური სურათების მიხედვით სხვადასხვა მინანქრისაგან გაკეთებულ ვეებერთელა სამაჯურს… როდესაც თეატრში შედიხართ, თქვენ გაოცებთ ქვედა იარუსის ლოჟები, რომლებსაც შემოვლებული აქვს თეთრი და ცისფერი ფართო არშია, ფაქიზად შესრულებული მკრთალ-იასამნისფერ ფონზე… ოქროცურვილ პლაფონზე… ჩამწკრივებულია მედალიონები: ესქილეს, სუდრაკის, შექსპირის, კალდერონის, მოლიერის, გოლდონის, გოეთესა და გრიბოედოვის სახელებით…”
თბილისური თეატრისა და გრიგოლ გაგარინის მხატვრობის აღწერაში მეტი სითბო და სიყვარული ჩააქსოვა ალექსანდრე დიუმამ თავის წიგნში “კავკასია”. ფრანგი რომანისტი წერდა: “უნდა გამოვტყდე, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი… თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა… ფარდა საუცხოოა (ისიც გ. გაგარინს ეკუთვნოდა): მოხატულობის ცენტრში აღიმართება ქანდაკების კვარცხლბეკი ზედ დახატული ჯგუფით, რომელიც მაყურებლისაგან მარჯვნივ წარმოადგენს რესეთს, მარცხნივ კი საქართველოს. რუსეთის ჯგუფში მოჩანს პეტერბურგი და ნევა, მოსკოვი თავისი კრემლით, ხიდები, რკინიგზები, გემები, ცივილიზაცია. საქართველოს მხარეზე მოჩანს თბილისი თავისი ციხის ნანგრევებით, ბაზრებით, წამოშვერილი კლდეებით, თავისი ბობოქარი, დაუოკებელი მტკვარით, სპეტაკი ცითა და მთელი თავისი პოეზიით. კვარცხლბეკის ძირში რუსეთის მხარეზე მოჩანს კონსტანტინეს ჯვარი, წმინდა ვლადიმერის დევნა, ციმბირის ბეწვები, ვოლგის თევზები, უკრაინის ხორბალი, ყირიმის ხილი, ესე იგი, რელიგია, მიწათმოქმედება, კომერცია, სიუხვე. საქართველოს მხარეზე მოჩანს საუცხოო ქსოვილები, შესანიშნავი იარაღი, ვერცხლის სევადიანი თოფები, სპილოს ძვლითა და ოქროთი დამშვენებული ხანჯლები, ვარაყიანი ხმლები, ოქროცურვებული ვერცხლის კულები, სადაფით მოჭედილი ჩონგურები, დოლები სპილენძის ეჟვნებით, შავი ხის ზურნა, ესე იგი, სამკაული, ომი, ღვინო, ცელვა, მუსიკა…”
თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1851 წლის 8 ნოემბერს და სულ 23 წელი იარსება, – 1874 წლის 11 ოქტომბერს ეს უნიკალური ნაგებობა ხანძარმა იმსხვერპლა. ასე დაიღუპა გრიგოლ გაგარინის შემოქმედების დიდი წიგნის ერთი, ყველაზე საინტერესო გვერდი.
თეატრის მოხატვის შემდეგ გრიგოლ გაგარინი ჩვეული მონდომებით შეეჭიდა სიონის ტაძრის კედლებს.მოდით, ისევ ა. დიუმას მოვუსმინოთ: “როცა თავადმა გაგარინმა მორთო ჯოჯოხეთის ტალანი, როგორც ამას თეატრს უწოდებენ, მან ხელი მიჰყო სამოთხის კარის შესრულებას, როგორც ეკლესიას ეძახიან. თბილისის კათედრალური ტაძარი მთლიანად მოხატულია ამ დიდი ხელოვანის მიერ და მსგავსად თბილისის თეატრისა, რომელიც თუ ყველაზე უკეთესი არა, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია დედამიწის ზურგზე, სიონის ტაძარიც ერთ-ერთი ელეგანტური ეკლესიაა მთელს რუსეთში.”
როდესაც სიონის ტაძრის მოხატვას შეუდგა, გ. გაგარინმა მოსკოვიდან და პეტერბურგიდან გამოიწერა საღებავები, ტილო, არმატურა… რუსი მხატვარი ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და საკუთარი სახსრებით აღადგინა შელახული ფრესკები, პორტრეტები. მისი პროექტით აშენდა ალაგირის ეკლესიაც.
იმდენად უყვარდა მხატვარს საქართველო და ქართველი ერი, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე არც კი ფიქრობდა. იყო შემთხვევა, როდესაც მისმა ახლობლებმა მოსკოვში სოლიდური სამსახურიც კი გამოუძებნეს, მაგრამ ყურად არ იღო. ჭეშმარიტებას არ იქნება მოკლებული თუ ვიტყვით, რომ მხატვრისათვის თბილისურ პერიოდს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც სწორედ მთელი თბილისი იქცა მის შემოქმედებით სახელოსნოდ და სწორედ აქ გაიფურჩქნა მისი ნიჭიც.
საქართველოში ჩამოსული გ. გაგარინი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. მისი სახელი რუსული და ქართული კულტურის შემაერთებელ ხიდად იქცა. მხატვარს ახლო მეგობრობა ჰქონდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან, მანანა ორბელიანთან… აგრეთვე იმხანად თბილისში მცხოვრებ სხვა ერების წარმომადგენლებთან – ი. პოლონსკისთან, მირზა ფათალი ახუნდოვთან, მირზა შაფისთან…
1849 წელს მიენიჭა როტმისტრის წოდება. 1850 წელს მონაწილეობდა გენერალ ნესტეროვის ჩეჩნური რაზმის მიერ წარმოებულ ომში მთიელი ხალხის წინააღმდეგ. წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1852 წელს მონაწილეობდა დაღესტნის ექსპედიციაში. 1853 მხატვრულ და სამშენებლო დარგში სასარგებლო ნაშრომებისათვის მიიღო მეორე ხარისხის წმ. ანნას ორდენი.
იმის გამო, რომ გრიგოლ გაგარინი 1854 წელს გაამწესეს სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის დიდი თავადის ქალ მარიამ ნიკოლოზის ასულის განკარგულებაში, იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. ბევრი კეთილი სიტყვა ითქვა ქართველი ერის დიდი მეგობრის თბილისიდან გამგზავრების დროს, რადგანაც განშორება ორივე მხარემ ტკივილამდე განიცადა.
1854 წლის 24 ივლისს თავი გამოიჩინა კურუკ-დარის ბრძოლაში, რის გამოც დაჯილდოებული იყო მე-4 ხარისხის წმ. ვლადიმერის ორდენით. 1856 წლის 6 მაისს მიიღო III ხარისხის იგივე ორდენი დაშნით. ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის დროს იმყოფებოდა მოსკოვში. მან მიიღო დავალება ეხელმძღვანელა “მეფის კურთხევის ზეიმების აღწერის” მხატვრული ნაწილისათვის. 1858 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და ჩაირიცხა ამალაში, ხოლო 1859 წლის 27 მაისს დაინიშნა სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე იყო 1872 წლის 19 აპრილამდე. ამ ხნის განმავლობაში დააჯილდოვეს პირველი ხარისხის წმ. სტანისლავის ორდენით (1860 წ.), წმ. ანნას ორდენი დაშნით (1862 წ.). მე-3 ხარისხის წმ. ვლადიმერის ორდენი დაშნით (1867 წ.), თეთრი არწივის ორდენით (1868 წ.). 1864 წლის 4 დეკემბერს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლისა და გოფმეისტერის წოდება. 1874 წლის 11 იანვარს დააჯილდოვეს წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენით და 1890 წლის 19 თებერვალს უბოძეს ობერ-გოფმეისტერობა.
თბილისიდან წასვლის შემდეგ გრიგოლ გაგარინს არ გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან. იგი სიკვდილამდე მის თავგადადებულ მომღერლად დარჩა. ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა მხატვარმა და 83 წლის ასაკში, 1893 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა საფრანგეთში, შატერლოში. მისი ნეშტი გადმოასვენეს ტვერის გუბერნიის კოროჩევის მაზრის სოფელ კარაჩაროვოში, საკუთარ მამულში.
წყარო: ჩორგოლაშვილი მამია, “…თითქოს აქ ვიყო დაბადებული”, თბილისი, “ნაკადული”, 1990 წ.
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/