USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
კავკასიის ძლიერი ქალები: მედეა, ნინო და თამარი - ამ ლეგენდარულმა ადამიანებმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლები შეასრულეს“ - «Neue Westfälische» (გერმანია)
Date:  776

გერმანული გაზეთი „ნოიე ვესტფალიშე“ (Neue Westfälische - იბეჭდება გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ ბილეფილდში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კავკასიის ძლიერი ქალები: მედეა, ნინო და თამარი - ამ ლეგენდარულმა ადამიანებმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლები შეასრულეს“ (ავტორი - ეკხარტ ეიხლერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ოქრო საწმისი - ყველას თუ არა, ბევრს მაინც წაუკითხავს და მოუსმენია მითი ვერძის  ტყავზე, მოოქროვილი მატყლით. ძველი ბერძნები იმდენად იყვნენ გატაცებული მისი ხელში ჩაგდებისათვის, რომ იაზონი და 50 ზღვაოსანი ხომალდ „არგოს“ მეშვეობით ლეგენდარულ ოქროს ქვეყანა კოლხეთში გაგზავნეს. იაზონი კოლხიდის მეფის ასულმა მედეამ შეიყვარა და ოქროს საწმისის დაუფლებაში დაეხმარა - თავისი მაგიური უნარი გამოიყენა. 

მითების თანახმად, ოქროს საწმისი, სავარაუდოდ, ქუთაისში ინახებოდა. აქ, დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა კოლხეთის სამეფო, რომელიც თავისი სიმდიდრით უამრავ მტერ-მოყვარეს იზიდავდა, განსაკუთრებით კი ცხვრის ტყავებით ოქროს მოპოვების წესით, რომელიც კავკასიის მდინარეების ნაპირებზე მრავლად იყო. ალბათ, ესეც სტიმულს აძლევდა ბერძნების სიხარბეს. თუ როგორ იყო განვითარებული საიუველირო საქმე - ოქრომჭედლობა - ძველ კოლხეთში, ამაში დავრწმუნდებით, თუ თბილისის მუზეუმების სიმდიდრეს დავათვალიერებთ, ან თვით ქუთაისის ცენტრში მდებარე დიდი შადრევანით, სადაც მოოქროვილი ლომია გამოსახული, როგორც სიმბოლო უძველესი ოქრომჭედლური ხელოვნებისა. კოლხელი ქალის მედეას ძეგლი დგას ბათუმში - საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში.

დასავლეთ საქართველოში არგონავტების ყოფნიდან ორი ათასი წლის შემდეგ, მეოთხე საუკუნეში ქვეყნის სცენაზე გამოდის კიდევ ერთი ქალი, სახელად ნინო, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელებაში - იგი იბერიაში (ასე ერქვა მაშინ აღმოსავლეთ საქართველოს) ფეხით მივიდა კაპადოკიიდან. წმინდა ნინო იყო სამედიცინო საქმის მცოდნეც, რომელმაც იბერიის მეფე მირიანი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნა. მეფე იმდენად იყო აღფრთოვანებული ნინოს მისიონერული საქმიანობით, რომ მან 337 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში მდებარე ორი ტაძარი - სვეტიცხოველი და კვრის მონასტერი - წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, ისინი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არიან შეტანილნი. ჯვრის მონასტრიდან თუ გადმოიხედავთ, ღვთიური პეიზაჟის მომსწრენი გახდებით. წმინდა ნინო საქართველოში საკულტო ფიგურას წარმოადგენს: ათასობით წლის განმავლობაში ვაზი და ღვინო ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და როცა ნინომ ქართველებში ქრისტიანობა გაავრცელა, ამას ვაზის ჯვრით ხელში აკეთებდა. ნინო დაკრძალულია სოფელ ბოდბეში, სადაც მისი სახელობის ქალთა მონასტერი მოქმედებს.

საქართველოს მესამე ლეგენდარული ქალია თამარ მეფე, რომლის მმართველობის პერიოდში - 1184-1213 წლებში - ქვეყანა რეგიონში უძლიერეს და უმდიდრეს სახელმწიფოდ გადაიქცა. თამარ მეფის პიროვნება ლეგენდებითაა მოსილი, იგი წარმოდგენილია როგორც ბრძენი და სამართლიანი, ენერგიული და გაწონასწორებული მმართველი. მან გარდაქმნა სახელმწიფო მმართველობის სისტემა, შექმნა სამოქალაქო სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძველი. თამარ მეფის ბიოგრაფად ითვლება პოეტი შოთა რუსთაველი, რომელმაც, დიდი მეფის მალული სიყვარულით, დაწერა ქართული ეროვნული ეპოსის სიმბოლო - პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომლის სტრიქონები და აფორიზმები ყოველმა ქართველმა ზეპირად იცის.

თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული არქიტექტურული მარგალიტი - კლდეში გამოკვეთილი ქალაქი ვარძია. აქ, მდინარე მტკვრის ზემოთ 500 მეტრი სიმაღლის ტუფის კლდეში 13-სართილიანი 5 ათასი მღვიმეა გამოკვეთილი, რომლის მშენებლობა გიორგი III-მ დაიწყო და მისმა შვილმა თამარმა დაასრულა. საჭიროების შემთხვევაში ვარძიაში თავის შეფარება 50 ათას ადამიანს შეეძლო. ყველა სათავსოში არის ვენტილაცია და წყალსადენი... ვარძიაშივეა გიორგი მესამისა და თამარის მშვენიერი ფრესკები“.

სტატიაში საუბარია აგრეთვე „ქართვლის დედის“ ძეგლზე, რომელიც სიმბოლურად ქართველ ქალს, ქართველ დედას ანსახიერებს - „მას ერთ ხელში ღვინის თასი უჭირავს - მოყვრისათვის, მეორეში კი ხანჯალი - მტრისათვის“. მოხსენიებულია აგრეთვე ცნობილი კინომსახიობი ქალი სოფიკო ჭიაურელი („მარლენ დიტრიხი საქართველოდან“),  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.

წყარო: https://www.nw.de/lifestyle/reise/23586432_Die-starken-Frauen-vom-Kaukasus.html

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way