USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი(ხელაია) - ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის
Date:  401
99 წლის წინ 19 მარტს ნაძალადევის მუშფაკ თეატრის შენობაში (ახლანდელი კინოთეატრი საქართველოს ადგილზე ს.ვ.) დასრულდა კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) და საკათალიკოზო საბჭოს წევრების 9 დღიანი სასამართლო პროცესი.
 
უკიდურესი ცინიზმი შეიძლება უწოდო იმას, რომ ბოლშევიკური ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოებრივი, ეროვნული და სარწმუნოებრივი თავისუფლებისათვის მებრძოლ სასულიერო პირებს, როგორც "სამშობლოს მოღალატეებს" ასე ასამართლებდა. დარბაზში მობილიზებულ იყო ეგზალტირებული მუშები, პროლეტკულტელები, რომელნიც სკანდირებდნენ "ძირს კონტრრევოლუცია," "სამშობლოს მოღალატეები," ანაფორიანი აგენტები."
 
ბოლშევიკურ გაზეთებში: "მუშაში", "კომუნისტში", პირველ გვერდებზე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი ამბროსის, დაპატიმრებული საკათალიკოსო საბჭოს წევრების კარიკატურები. სამშობლოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიოტებს სასამართლოს დარბაზში არ უშვებდნენ. ისტორიამ შემოგვინახა ამ სამარცხვინო სასამართლო პროცესის მონაწილეთა ვინაობა.
 
სასამართლოს თავმჯდომარე გ. ჩხეიძე, წევრები: გ. რთველიძე, ვ. წივწივაძე, საზოგადოებრივი ბრალმდებლები: ორზუმელიანი, გუმბრიევი, ოქოიანი, ვარლამიანი. სახელმწიფო ბრალმდებელი: ალ. ერქომაიშვილი, მდივანი, აბაკელია, წინასწარ გადაწყვეტილი განაჩენის მიუხედავად უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსისა და საკათოლიკოზო საბჭოს წევრების დაცვა მაინც იკისრეს ადვოკატებმა: კ. ნინიძემ, ა. გუნცაძემ, დ. დადიანმა, ვ. ყანჩელმა, ქ. ქავთარაძემ.
 
ბოლშევიკურ პრესაში, შრომითი კოლექტივების საერთო კრებაზე მიღებული ასეთი შინაარსის რეზოლუციები იბეჭდებოდა.
 
"ჩვენ მთავარი სახელოსნოს მუშები მოვითხოვთ, რათა შავი ყორნები კონტრევოლუციისა დასჯილი იქნან უმაღლესი სასჯელით და ის მენშევიკ-სოციალისტები, რომლებიც მათ იცავენ, მოთავსებულ იქნან საბრალმდებლო სკამზე."
 
სასამართლოს სხდომის ყოველი დღე იწყებოდა "განსასჯელთა" ადვოკატების შანტაჟითა და ლანძღვით, როგორ ბედავთ ამ ავაზაკი, მოღალატე მღვდლების დაცვას? საბჭოთა წყობილებას არც თქვენ სჭირდებით და არც თქვენი მოღალატე მღვდელნი.
 
მაინც რას ამტკიცებდნენ ისინი? "მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი შიმშილის ბრჭყალებში გამომწყვდეული სულს ღაფავდა. სამღვდელოება ქვებითა და კეტებით უძალიანდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ეკლესიებში თავმოყრილი საგანძურის გამოტანა. სამღვდელოებას არ სურდა, რომ ტყუილუბრალოდ ეკლესიებში დაყრილი ოქრო-ვერცხლის მაგივრად მშიერი ხალხისათვის პური ეყიდათ." .საეკლესიო სიწმინდენი, წმიდა ხატები ამ უტიფარი, უმეცარი გადამთიელებისათვის "უბრალო ოქრო-ვერცხლი იყო."
 
სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს არ ჰქონდა თურმე იმის უფლება, რომ ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკა, და ეს შეეძლოთ მათ, პატრიარქის და საკათალიკოზო საბჭოს წევრების დასჯას მოითხოვდნენ: საპონ-ზეთის, საფეიქრო, ხე-ტყის, რკინიგზის მე-6 სალანდაგო დეპოს მუშები. მიუხედავად ყოველივე ამისა ხელისუფლებამ სულიერად ვერ გატეხა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი და საკათალიკოსზო საბჭოს წევრები. სასამართლოს სხდომების პარალელურად ბოლშევიკურ პრესაში შაქრო ნავთლუღელი, გიგო ხეჩუაშვილი დასცინოდნენ უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, საკათალიკოზო საბჭოს დაპატიმრებულ წევრებს.
 
"აქ ზის ავტორი მემორანდუმის,
გენუის კრების შემვედრებელი,
რომ "კრება" ერთხმად დახმარებოდა
და "წამებისაგან" დაეხსნა ერი"...(შაქრო ნავთლუღელი)
გიგო ხეჩუაშვილი კი დაცინვით ამბობდა.
"ესე არიან "სულის მამანი"
ბრალდებულების სკამზე მსხდომელნი,
მოღალატეთაგან პასუხს მოითხოვს
დღეს ბრალმდებელი ხალხი მშობელი."
 
მომავალი თაობებისათვის სულიერი სიმტკიცისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესის ამბროსი ხელაიას საბოლოო სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა სასამართლო პროცესზე. მისი აზრით, ბრალდება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა წაუყენეს არასწორი იყო. ხელისუფლება საკათალიკოსო საბჭოს ედავება საეკლესიო ქონების დამალვის, გენუის კონფერენციაზე კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაგზავნილ მემორანდუმზე "კონტრრევოლუციონერობაზე," უწმიდესი ამბროსის აზრით, ხელისუფლების რომელი ფორმა იქნება საქართველოში ამის განხილვა ეკლესიის საქმე არ არის, მაგრამ მას სასურველად მიაჩნია მართვა-გამგეობა ქვეყნისა დამყარებულ იყოს ხალხის ნებისყოფაზე და თვითგამორკვევაზე." .მისი აზრით, ქართველ კომუნისტებს "რევოლუციური ინტერესებიდან" გამომდინარე, საქართველოს თავისუფლება არ მიაჩნდათ საჭიროდ. მის უწმიდესობას მოჰყავდა. გაზ. "მუშაში" გამოქვეყნებული ბოლშევიკების დაცინვა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი. "თავისუფალი დამოუკიდებელი, ნეიტრალური ზურნა."
 
მისი უწმიდესობის აზრით, თუ ქართველი კომუნისტები საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრენი არიან, მაშინ მას ასამართლებს რუსეთის ხელისუფლება, რადგან მემორანდუმის თანახმად იგი იცავდა საქართველოს სახელმწიფოებრივ და რელიგიურ თავისუფლებას, თუმცა რომელ თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი, როცა იდევნება ქართული ენა, როცა საქართველო დააქუცმაცეს ავტონომიებად, როცა დევნა-შევიწროებას განიცდიან ქართველი პატრიოტები, დევნილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სასულიერო პირები.
 
"ისტორია გვიმტკიცებს - აღნიშნავდა მისი უწმიდესობა - რომ დევნილობა უძლურია მოსპოს სარწმუნოება... იგი არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნილობა ამ მოთხოვნილებებს კიდევ უფრო აძლიერებს, ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებულის ძალით."
 
უწმიდესმა ამბროსიმ უპასუხა ორზუმელიანების, ოქოევებისა და ვარლამიანების "ბრალდებას." თითქოს გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნით, საკათალიკოსო საბჭომ, უწმიდესმა კათალიკოზმა გადაიმტერეს ქართველი ერი. მისი აზრით, ქართველი ხალხისათვის, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, არ შეიძლება სულერთი იყო მისი მომავალი.
 
"თუ მე ვიცავდი ჩვენი ერის თავისუფლებას, ამის უფლებას მაძლევდა ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება - აცხადებდა უწმიდესი ამბროსი - თუ მე ხმა ამოვიღე რუსეთის დიდმპყრობელობის საწინააღმდეგოდ, დიდმპყრობელობის, ანომალიის წინააღმდეგ ბრძოლას გვირჩევს ერთი ჩვენი უმაღლესი ხელისუფალთაგანი. (იგულისხმება ვ. ლენინი). თუ ხელისუფლება აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის, მაშინ ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამომერთვას დანაშაულად ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვა, დიდმპყრობელობის დასაგმობად ხმის ამოღება... მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორის თვალით შეხედავს უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამას დაგვანახებს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილ იქნება... ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის.
 
ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემ თავს, როგორც მორწმუნე ვიტყვი, იყოს ნება ღვთისა და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: "ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირით ჩემ ზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა." უწმიდესი ამბროსი გრძნობდა, რომ მისი ეს სიტყვები ურწმუნო სასამართლოს წევრებისათვის არაფერს არ ნიშნავდა, მაგრამ იგი იყო გამხნევება ათასობით პატრიოტი ქართველისა, რომელთა ეროვნული სულის ჩაკვლას ცდილობდნენ ბოლშევიკები.
 
1924 წლის 19 მარტს საღამოს 8 საათზე ბოლშევიკურმა სასამართლომ გამოიტანა სამარცხვინო განაჩენი: "კათოლიკოს ამბროსის - იგივე ბესარიონ ხელაიას - დაპატიმრება 7 წლით და 9 თვით, 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით, იასონ კაპანაძეს დაუსწრებლად (რადგან გაქცეული იყო საზღვარგარეთ ს. ვ.) 9 წლით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით. კალისტრატე ცინცაძეს - 3 წლით და 9 თვით, 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით, მარკოზ ტყემალაძეს 9 თვით, 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით, იოსებ მირიანაშვილის 9 თვით და 23 დღით სასტიკი იზოლაციით.
 
სამშობლოსა და სარწმუნოების თავისუფლებისათვის მებრძოლნი მეტეხის ციხეში გაგზავნეს. ბოლშევიკური ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად წარმოეჩინათ როგორც მოღალატენი, ქართველი სასულიერო პირები სამშობლოსათვის წამებულ გმირებად შერაცხეს. 1924 წლის ეროვნული აჯანყების მონაწილე ელიზბარ მაყაშვილი წერდა: "ოჰ, მეტეხო, როგორ დამავიწყდები! ეს მძიმე, მოღუშული და დარდიანი ციხე დღეს საქართველოს დედაქალაქად გადაქცეულა, ქართველ მამულიშვილთ აქ მოუყრიათ თავი. პროფესორები და ექიმები, მკვლევარნი და ვექილნი, ქართველი სტუდენტობა, სამღვდელოება - ჩვენი სპეტაკი და წამებული მოხუცი კათალიკოსის, ამბროსის მეთაურობით." შაქრო ნავთლუღელისა და მისი მსგავსი არამზადებისაგან განსხვავებით დავით კოპალეიშვილს ასეთი სტრიქონები მიუძღვნია ტანჯული ქვეყნის ტანჯული პატრიარქისათვის:
 
"მძიმედ გაიღო ციხის კარები,
ვით ქანდაკება მარმარილოსი
შემოაბრძანეს ციხე მეტეხში
ტანჯულ ქართლოსის კათალიკოსი.
ვერ შეეგებნენ ჩაკეტილ იყვნენ:
პოეტი, მუშა, ექიმი, დენდი,
ვერცა მოხუცი, თეთრი ნაზარი,
ვერც პარიტეტის ტყვე პრეზიდენტი.
ჩეკას დახუთულ ბნელ-ცივ სარდაფში,
სადაც ბუდეა გველ-ბაყაყ-ხვლიკის,
იტანჯებოდა მტარვალთა ხელში.
ერის მინისტრი, იქ, ხომერიკი,
კაცსა გულადსა, კაცსა ფოლადსა,
ტანჯვა ენახა ნოეს, მრავალი,
უცდიდა თვის ბედს შეუდრეკელი,
ორთქმავალისა ქვეშე მავალი.
ტანჯვისა გვირგვინს თავზე ატარებს
ჩვენი მცხოვანი მამა ამბროსი
მეტეხის კარებს ერთად გაგვიღებს
ხომერიკი და კათალიკოსი."
 
ემიგრანტმა ქართველმა პოეტმა გიორგი ყიფიანმა "ლევილის მზეს" სამშობლოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ასე მიმართა:
 
"ვფიცავ ლოდზე ნაგრეხ სუროს,
ლევილის მზეს თვალცრემლიანს,
სადაც ჯვრები გარდასულთა,
ცოცხლებივით გვიცქერიან...
ვფიცავ დროშას სამჯერ კოცნით,
საქართველოს დიდების დღეს,
სამთაფერის ცაში ფრიალს,
ოცდაექვსი მაისის მზეს.
პრეზიდენტის მოხუც სახეს,
დამარცხებულ ქართლოსის ჯარს,
ყელგამოჭრილ პატრიარქებს,
კათალიკოს ამბროსის ჯვარს.
ვფიცავ-ვფიცავ აქაც-იქაც.
გულს შიგნით და სულის ძირას,
საფლავშიაც რომ დავიცავ
ხალხის სისხლით ნაკურთხ მიწას!
 
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way