USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ ll -ის მკვლელობის ვერსიები
Date:  939

განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის საფლავზე დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ ცნობილ ქვისმთლელ ნ. აღლაძეს დაამზადებინეს საფლავის ქვა ასეთი შინაარსის წარწერით: "სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე, დაიბადა 1855 წლის 11 ან 14 იანვარს მამამთავრად არჩეულ იქმნა საეკლესიო კრების მიერ 1917 წლის 17 ენკენისთვეს. ღვთივ განისვენა 1918 წ. 26 ივნისს."

საფლავის ქვა დაიდგა 1919 წლის 10 ივნისს.…


მაინც რა მოხდა მარტყოფის მონასტერში, ვინ მოკლა დიდი საეკლესიო მოღვაწე უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II?
განვიხილოთ ყველა შესაძლო ვერსია.


1. ოფიციალური დასკვნა კათალიკოზის შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ, რომელიც მოსამართლე-გამომძიებელმა ი. კობიაშვილმა დადო, არ იყო ექსპერტიზის მონაცემებით გამყარებული. დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ იმთავითვე უნდობლობა გამოუცხადა მოსამართლე კობიაშვილის დასკვნას. "ხმა დაუყარეს თავი მოიკლაო, 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო (დამბლა დაეცა 1918 წლის დასაწყისში ამდენი ნერვიულობის და ცილისწამების გამო ს.ვ.) პირთან ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან, რევოლვერი დაკეტილი იყო.

როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოიტანა "გამოძიებამ," ამის გამო მქონდა პირადი შეტაკება შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან. 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა მარტყოფის მონასტერში უცნაურად ტყვიით განგმირული კათალიკოზი კირიონი, დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი, წარმოვთქვი მეტად აღგზნებული სიტყვა იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური მეფისტოფელური დევნა-შევიწროებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოზს."
საყურადღებოა ისიც, რომ ტყვიები, რომელნიც კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სხეულიდან ამოიღეს, იმ რევოლვერისა არ იყო, რომელიც განსვენებულის გვერდით დაკეტილი ეგდო.… აქედან შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე გვქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან, ხოლო დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობის გაურკვევლობისათვის დამნაშავეებმა გაავრცელეს ბინძური ჭორი, კათალიკოზმა თავი მოიკლაო. ამ ჭორით ის მეორედ მოკლეს"...


2. ცნობილი ქართველი მოღვაწე, მწერალი და გამომცემელი იოსებ იმედაშვილი პირადად იცნობდა კათალიკოზ კირიონს, მარტყოფში დატრიალებული ტრაგედიით გულშეძრული და გამომძიებელ კობიაშვილის დასკვნით აღშფოთებული შეხვდა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას და მიიღო მისგან უფლება შეეკრიბა და გასცნობოდა კათოლიკოს კირიონ II-ის მკვლელობის ყველა მასალას. ამის საფუძველზე დაასკვნა, რომ მკვლელობა იყო კარგად ორგანიზებული. "ხმა გავრცელდა, ვითომ თვითონ მოიკლა თავიო, მაგრამ ეს აზრი სასწრაფოდ უარყოფილ იქნა, რადგან კირიონს სამუშაო წიგნები, მასალები და საწერი ქაღალდი წაეღო. შემდეგ მისი მკვლელობა დაბრალდა ტარასი არქიმანდრიტს, რომელიც კირიონის შინაკაცი იყო, მაგრამ იგი მოისყიდა დავით დავიდოვმა. ტარასის ბოლოს 500 თუმანი მისცეს, რომლითაც მან კავკავში ძროხები იყიდა და თბილისში ფერმა გაიჩინა. ამავე ტარასიმ მიითვისა კირიონის მიერ შეკრებილი ხალხური ლექსები, რომლებიც ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმს გადასცა, როგორც თავისაგან შეკრებილი."


ერთ რამეში ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ იოსებ იმედაშვილს, არქიმანდრიტმა ტარასიმ იცოდა კათალიკოზ კირიონის მკვლელების ვინაობა. მკვლელი კათალიკოზის ოთახში ვერ შევიდოდა, თუ არ გაივლიდა იმ ოთახს, სადაც მას ეძინა, ამავე დროს გასათვალისწინებელია ბრაუნინგის ხმა, როგორ ვერ გაიგონა?


იოსებ იმედაშვილი განაგრძობს: "კირიონის მოკვლის შემდეგ მოკლულ იქნა კირიონის ერთგული ბერები მირიანი, გერმოგენი, ყოველივე ამას დაბეჯითებით მიაწერდნენ დავით დავიდოვს ,რომელიც ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ შემდეგ განაგებდა სიძველეთა საქმეს, თუ კომიტეტში მუშაობდა. იყო გადასახლებული. იქ პატიმრებმა მარჯვენა მოაჭრეს: "ეგ სულ ცოდვით მოუვიდაო" – იტყოდნენ ხოლმე."


უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის დავით დავიდოვისაგან მოკვლის ვერსიას მხარს უჭერდა ცნობილი ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, რომელიც აღნიშნავდა: "მიტროპოლიტ ლეონიდეს მომხრემ მოკლა კათალიკოზი კირიონი."
დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე პირდაპირ ხელს ადებდა დავით დავიდოვ-დავითაშვილს, რომელსაც "ეგზარქოსების ჯაშუშს, "გარყვნილ კაცს" უწოდებდა, რომლისაც კათალიკოზ-პატრიარქ ლეონიდესაც ეშინოდა. "ჩემთანაც ჰქონდა შეტაკება ამ დავიდოვს. დამხვდა ქუჩაში (დავით დავიდოვი ცხოვრობდა ანჩისხატის ეკლესიის მოპირდაპირე სახლში, იქვე, ანჩისხატის ეზოში, ცხოვრობდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, ს.ვ.). დამიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება და საცემრად იწია, გამოვარდნენ სახლიდან მისი ქალები და იმათ შეიყვანეს თავიანთი მამა სახლში და გადამარჩინეს სირცხვილს, როგორც კი მომიახლოვდებოდა, ჯოხი უნდა დამეკრა თავში…
ამან იმსხვერპლა ჩვენი ეკლესიის განახლების საქმე."


სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მკვლელი შესაძლოა დავით დავიდოვ-დავითაშვილი იყო, მაგრამ ამ საქმეში ზნეობრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან მისი ის ოპონენტები, რომელნიც შემოკრებილნი იყვნენ ჟურნალ "ახალი სიტყვის" გარშემო. ისინი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს, ცდილობდნენ ქართული საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ კირიონი არ იყო პატრიარქობის ღირსი. სამწუხაროდ, მიტროპოლიტმა ლეონიდმა ვერ დაიკავა პრინციპული პოზიცია. ამან წარმოშვა ჭორები კირიონ კათალიკოზის მკვლელობასთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ. სამწუხაროა, ფრიად სამწუხარო, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ახალი ერა, რაც ავტოკეფალიის აღდგენით დაიწყო, იმთავითვე ტრაგიკული და სისხლიანი ფურცლებით ჩაიწერა.


1921 წელს ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა საქართველოში. საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა,მისი არქივები,მათ შორის კათალიკოზ კირიონის მკვლელობის საქმე უცხოეთში გაიტანეს პროფესორ იოსებ მეგრელიძის გადმოცემით ექვთიმე თაყაიშვილს უცხოეთში ყოფნისას წაუკითხავს ეს მასალები,რომელიც მოთავსებული ყოფილა ერთ დიდ საქაღალდეში წარერით “ეს არავინ არ უნდა წაიკითხოს”...საინტერესოა სად არის ეს საქაღალდე?ბევრი ვეძებეთ,მაგრამ უშედეგოდ.
განსვენებულის შემდეგ ყველა პატრიარქები (უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსისა და დავით V-ის გარდა) უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ოპონენტები იყვნენ. წამებული პატრიარქის სახელი თანდათან მიეცა დავიწყებას.


2002 წლის 16 სექტემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის დავალებით საპატრიარქოში წმიდა სინოდის რამდენიმე წევრთან ერთად იხილებოდა მასალები წმინდანად შესარაცხი დიდი საეკლესიო მოღვაწის შესახებ. სხდომაზე ბრძანდებოდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II, რომელმაც მომმართა, რა დოკუმენტური მასალა არსებობს, რომელიც აბათილებს მის უწმიდესობა კირიონ II-ზე გავრცელებულ დაუჯერებელ თვითმკვლელობის ვერსიასო. დავიწყე დრო-ჟამს გადარჩენილი მასალების მოხმობა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყურადღებით მისმენდა...


შემდეგ წამოდგა, დაგვლოცა და მივხვდით, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის დევნილი, მოწამებრივად აღსრულებული კირიონ II შერაცხა წმინდანთა დასში და უწოდა მღვდელმოწამე კირიონი.


მისი ხსენების დღედ დაწესდა ძვ. სტ. 27 ივნისი (9 ივლისი). წმიდა მღვდელმოწამე კირიონი, XX საუკუნის დასაწყისის უდროოდ ჩამქრალი მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩვენი ეკლესიისა, დაუბრუნდა სრულიად საქართველოს.

სერგო ვარდოსანიძე

წყარო: https://www.facebook.com/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way