USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
თბილისი
კარანტინი მოკლავს ბიზნესსა და ეკონომიკას: ეს ასეა? პასუხი უკვე 100 წელია რაც ცნობილია, ჯერ კიდევ „ესპანკის“ დროიდან
თარიღი:  1915

თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ახალი კორონავირუსის პანდემიას კარანტინით ებრძვის. თუმცა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ეკონომიკისთვის კოლოსალური ზიანის მომტანია. არის ქვეყნების კატეგორია, რომელიც კარანტინის გამოცხადებას არ ჩქარობს, რათა ბიზნესი ხელოვნური კომაში არ შეიყვანოს. იქ, სადაც მოსახლეობა სახლში მორჩილად დარჩა, მაღაზიები და ოფისები კი დაიკეტა, უკმაყოფილო შეძახილები სულ უფრო ხმამაღლა ისმის: ხომ არ შეიძლება ვაქცინის მოლოდინში გაურკვეველი დროით ვიყოთ ჩაკეტილები?

 ვინ არის მართალი? ვინ უნდა გადარჩეს პირველ რიგში: ადამიანი თუ ბიზნესი?

 ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას ამერიკელი მეცნიერები მიუბრუნდნენ ასი წლის წინანდელ მოვლენას, რომელიც დღევანდელ დღეს მტკივნეულად გვაგონებს. აღმოჩნდა, რომ დიდი კარანტინი სიახლე სულაც არ არის. მსოფლიოში ის ასი წლის წინაც გამოაცხადეს, როდესაც პლანეტას მოედო სასიკვდილო გრიპი, რომელიც „ესპანური გრიპის“ სახელით არის ცნობილი. მას 50 მლნ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ესპანური გრიპით“ პლანეტის თითქმის ყოველი მესამე მცხოვრები დაინფიცირდა, ყოველი მეათე დაავადებული კი გარდაიცვალა.

1918 წელს, ისევე როგორც დღეს, მთავარი მოთხოვნა იყო თვითიზოლაცია, ნიღბების ტარება, მაღაზიებისა და საწარმოების დახურვა. ისევე როგორც დღეს, მაშინაც ზოგმა ქვეყანამ კარანტინი უფრო ადრე გამოაცხადა, სხვებმა კი ლოდინი ამჯობინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გაიმარჯვეს მათ, ვინც არა ეკონომიკის, არამედ მოსახლეობის გადარჩენაზე იზრუნა. 

საწყის ეტაპზე თავს ყველა ერთნაირად ცუდად გრძნობდა, მაგრამ პანდემიის დასრულების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს გაცილებით მალე დაუბრუნდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც კარანტინი თავიდანვე გამოაცხადეს, ადამიანებს შორის ფიზიკურ კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეს და ჰიგიენის ნორმები გაამკაცრეს. 

ამერიკის ცენტრალური ბანკისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტების განმარტებით, „ქალაქებში, სადაც გადამწყვეტი და გადაუდებელი ზომები დაუყოვნებლივ მიიღეს, ბიზნეს საქმიანობა იმაზე მეტად არ შემცირებულა, ვიდრე სხვაგან. სამაგიეროდ, პანდემიის დასრულების შემდეგ ეს სფერო მალევე განვითარდა“. ამერიკელმა მეცნიერებმა, რომლებიც აშშ-ზე „ესპანური გრიპის“ გავლენას იკვლევდნენ (აშშ-ში ამ პანდემიის დროს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა), განაცხადეს, რომ საკარანტინო ზომები არამარტო ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ის ასევე ამსუბუქებს პანდემიის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს.

 მოკვდე ფეხზე მდგომი თუ იცოცხლო მუხლებზე დაცემულმა?

 Чиновники инспектируют уборщиков в Чикаго в дни эпидемии 1918 года

„ესპანური გრიპი“ თითქმის იმავე სცენარით ვითარდებოდა, როგორც ახალი კორონავირუსის პანდემია. ის რამდენიმე ტალღად აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დაიძრა. პირველი, გაზაფხულის ტალღა იყო ძალიან ძლიერი. მეორე, ზამთრის კი- კატასტროფული. აშშ-ის დასავლეთით მდებარე ქალაქებმა სიეტლმა და ლოს-ანჯელესმა დარტყმა ბოლოს მიიღეს. აღმოსავლეთ სანაპიროს მეგაპოლისების გამოცდილების გათვალისწინებით, აქ პანდემიის შემაკავებელი ისეთი ზომები მიიღეს, როგორიც თანამედროვე მსოფლიომ. რა თქმა უნდა, დისტანციური მუშაობის, ინტერნეტ-ვაჭრობისა და მოსახლეობაზე ციფრული ზედამხედველობის გამოკლებით. 

ისევე როგორც დღეს, მაშინაც დაიხურა სკოლები, თეატრები და ეკლესიები, აიკრძალა შეკრებები, გადაიდო სამგლოვიარო ცერემონიები, შეიზღუდა ვაჭრობა, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაწესდა თვითიზოლაციისა და სოციალური დისტანცირების წესები. იყო მოთხოვნა ხელების დაბანისა და ჰიგიენის სხვა ნორმების დაცვის შესახებ, მოსახლეობას აიძულებდნენ ნიღბები ეტარებინათ. მეცნიერთა განმარტებით, იმ ქალაქებში, რომლებმაც ზემოთ ხსენებული ზომები დაუყოვნებლივ მიიღეს, პანდემიის დასრულების მომდევნო წელს უკვე სამრეწველო წარმოებისა და საბანკო აქტივების ზრდა შეინიშნებოდა. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკარანტინო ღონისძიებების გატარების ვადებში 10-დღიანმა სხვაობამ პოსტეპიდემიურ პერიოდში ინდუსტრიული დასაქმების დაახლოებით 5%-იანი ზრდა გამოიწვია. დამატებითმა 50-დღიანმა შეზღუდვამ კი სამუშაო ადგილების 6,5% -იანი მატება უზრუნველყო. 

„ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს მიღებული ასეთი გამოცდილება თავდაჯერებულობას მატებს დასავლელ პოლიტიკოსებს, რომელთათვისაც კარანტინი გახდა დრამა, რომლის ფინალიც ჯერ არ დაწერილა. ისინი მხოლოდ საუბრობენ იმ მყიფე ბალანსზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, პანდემიის პირობებში გადაარჩინონ როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა. უმრავლესობამ არჩევანი სიცოცხლის შენარჩუნებაზე გააკეთა და ეკონომისტები ამ მოსაზრებას ემხრობიან. 

როგორც ამერიკელი მეცნიერების, ეკონიმისტებისა და ბიზნესმენების მიერ შემდგარმა ჯგუფმა განმარტა, ადამიანებისა და ეკონომიკის გადარჩენა ერთმანეთს სულაც არ ეწინააღმდეგება. მათი თქმით, როდესაც ქვეყნები პანდემიის შემაჩერებელ ზომებს იღებენ, ამით მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის განახლება ჩქარდება. 

დღეს ვაქცინისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საკმარისი რაოდენობის საწოლების არ არსებობის გამო, თითქმის ყველა დაზარალებულმა ქვეყანამ ეპიდემიის პიკის გაჭიანურების გზა გაიარა. ამისათვის კი მათ საზოგადოებრივ და ბიზნეს ცხოვრებაში მკაცრი შეზღუდვები შემოიტანეს. პირველ რიგში ეს მოხდა აზიაში, სადაც ეპიდემია დაიწყო, ჩინეთიდან სინგაპურამდე. შემდეგ იყო ევროპა - იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, მოგვიანებით კი- აშშ.

სხვა ქვეყნები კი კარანტინის გამოცხადებას არ ჩქარობენ. სკეპტიკოსებსა და ბიზნესის დამცველთა შორის იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თუმცა მან აზრი სწრაფად შეიცვალა და ახლა მხარს უჭერს შეზღუდვებს. ის ეთერში ჩნდება საშიში გრაფიკის ფონზე, რომლის მიხედვითაც კარანტინის გარეშე აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შეიძლება 2 მილიონსგადააჭარბოს. ტრამპი იმედოვნებს, რომ მსხვერპლის შენარჩუნება 240 ათასის ფარგლებში შესაძლებელი გახდება. 

თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების წინააღმდეგ აქტიურად გამოდის. ამისათვის მას სოციალურ ქსელებში მკაცრად აკრიტიკებენ. ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი კი ვირუსს უწოდებს ირანელების წინააღმდეგ მიმართულ „მტრულ შეთქმულებას“, რომლის მიზანიც ქვეყანაში სიცოცხლის შეჩერებაა. ის მოსახლეობას სამსახურში სიარულისკენ მოუწოდებს. 

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს კი ქვეყანაში დისტანცირების არანაირი წესი არ შემოუღია და შესაბამისად, არც თავად იცავს მას. მან განაცხადა, რომ „უმჯობესია, იდგე და ისე მოკვდე, ვიდრე მუხლზე დაცემულმა იცოცხლო“. ლუკაშენკომ ბელარუსის მოსახლეობას საკუთარი ანტივირუსული კოქტეილი გამოუწერა: არაყი, აბანო, სპორტი და მინდვრის სამუშაოები.

 როგორ აზიანებს და ეხმარება კარანტინი ეკონომიკას?

В Сиэтле во время «испанки» пассажиров пускали в трамвай только в защитных масках.ქვეყანაში ცხოვრების სრულ გაჩერებას ეკონომიკისთვის სერიოზული შედეგები მოაქვს. ნეგატიური ასპექტი თავს უმალ იჩენს, თუმცა არის პოზიტიური ფაქტორებიც. ჯერ დავიწყოთ უარყოფითით. აქტიური სოციალური ცხოვრება თანამედროვე ეკონომიკის საფუძველია. ადამიანები დადიან რესტორნებსა და სპორტული დარბაზებში, იკრიბებიან კლუბებსა და წვეულებებზე, ყიდულობენ ძვირადღირებულ მანქანებს და ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი აქვს- წარადგინონ საკუთარი თავი საზოგადოების წინაშე და შეაფასონ სხვები.

კარანტინისა და თვითიზოლაციის დაწესებით ხელისუფლება მოთხოვნას ამცირებს. ის ამავე გასროლით მეორე კურდღელს კლავს. ეს არის შეთავაზება. ამ დროს მცირდება როგორც სამუშაო ძალა (ადამიანები სახლებში სხედან, ხშირად ავადმყოფობენ და სამწუხაროდ, სიკვდილიც ჩვეულებრივზე ხშირი მოვლენაა), ასევე საქონლის წარმოება და მომსახურება (შეზღუდულია შეკრება, ვაჭრობა, სპორტი და ტრანსპორტი). ამის შედეგად ბიზნესი განვითარებაში ფულის ჩადებას წყვეტს, რაც მომავალში სიმდიდრის დაგროვებას აფერხებს. გარდა ამისა, იზრდება გაკოტრების მაჩვენებელი. ამ დროს ზარალდებიან არა მხოლოდ კომპანიები, არამედ ადამიანები. 

კარგ დღეში არც საბანკო სისტემა აღმოჩნდება. ეს ფინანსური კრიზისით განპირობებულ მასობრივ გადაუხდელ ფინანსურ დავალიანებას, ლიკვიდურობისა და კრედიტუნარიანობის შემცირებას გამოიწვევს.

თუმცა კარანტინს თავისი უპირატესობები აქვს. 

პირველ რიგში, ის ეპიდემიის მასშტაბს და შესაბამისად, მის შედეგებს ამცირებს. მკაცრ ზომებს შეუძლია კარანტინის მალევე შერბილება და მისი ხანგრძლივობის შემცირება. 

მეორე მხრივ, კარანტინი იძლევა საშუალებას, მომავალში გაცილებით სერიოზული ეკონომიკური პრობლემები იქნეს თავიდან აცილებული. თუ ჯანდაცვის სისტემა პანდემიას ვერ გაუძლებს, საავადმყოფოებისა და მორგების გადატვირთული ფოტო თუ ვიდეომასალების ხილვა მოსახლეობას ისე შეაშინებს, რომ ადამიანები სახლებში არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებით დარჩებიან. 

ასეთ შემთხვევაში ადამიანების რესტორანში, კონცერტზე ან ოფისში გამოყვანა ძალიან რთული იქნება. ისინი დაიწყებენ ფულის შენახვას და არა ხარჯვას. პირველადი მოხმარების საგნებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება, იქნება ეს ავეჯი, მანქანა, სამოგზაურო ტურები თუ მუსიკის გაკვეთილები. მოხმარება დიდი ხნით შემცირდება და ეკონომიკა პიკში შევა. 

მოხმარების შემცირების მოსალოდნელ მაჩვენებელზე დღეს საუბარი ყველას უჭირს. 1918 წელს, „ესპანური გრიპის“ პანდემიის შემდეგ, აშშ-ში სამრეწველო წარმოება საშუალოდ 18%-ით შემცირდა. ამერიკელი მეცნიერების თქმით, რომ არა მაშინდელი კარანტინი, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნებოდა. „პანდემიები ეკონომიკისთვის ძალიან საზიანოა. თუმცა დროულად მიღებულ ზომებს შეუძლია ზარალის მასშტაბის შემცირება და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქება. შესაბამისად, საკარანტინო ზომები არა მარტო სიკვდილიანობას ამცირებს, არამედ ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს,“- აცხადებენ ისინი. 

მეცნიერები ასხვავებენ COVID-19-სა და „ესპანურ გრიპს“, რომელიც მოსახლეობის ახალგაზრდა და შრომისუნარიან ნაწილს შეეხო. რა თქმა უნდა, მაშინდელი და თანამედროვე ეკონომიკაც განსხვავდება, თუმცა სპეციალისტები უფრო მეტ პარალელს ხედავენ, ვიდრე განსხვავებას. მკვლევართა განმარტებით, „ქვეყნებმა, რომლებმაც საკარანტინო ზომები დაუყოვნებლივ მიიღეს, კერძოდ, ტაივანი და სინგაპური, არა მხოლოდ შეზღუდეს ინფექციის გავრცელება. როგორც ჩანს, მათ პანდემიის ყველაზე უსიამოვნო ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებაც მოახერხეს. შესაბამისად, საკარანტინო ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პანდემიის დროს სერიოზული ეკონომიკური ზიანის წყარო.

წყარო:https://www.bbc.com/

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის