USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
კალაძის განცხადებები 30 ივნისის თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  1095

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა დღეს გამართული ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია შეაჯამა.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაუდგება იმ მოქალაქეებს, ვისაც ამ მიმართულებით მხარდაჭერა სჭირდება.

დღეს გვქონდა შეჯამება, თუ რა გავაკეთეთ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა პროგრამები არსებობს, რომ ვეხმარებით როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს დახმარებას. ჩვენი გუნდის მიზანია, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ ეკონომიკურად, წინ წავიდეთ, კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ და რაც შეიძლება ნაკლები ოჯახი იყოს, რომელსაც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები სჭირდება. თუმცა, ვიდრე არსებობს ამის აუცილებლობა, იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი თითოეულ თბილისელს დაგიდგებათ გვერდით, არ დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ. გაქვთ შესაძლებლობა, გამოიყენოთ ის პროგრამები, რომელიც მერიას ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით აქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე, კახა კალაძის ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებისა და საცობების განტვირთვის მიზნით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა.

მისივე თქმით, სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები ქვეითებისთვის, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი შუქნიშნები“, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და ნაკადების გამტარუნარიანობას.

გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით უსაფრთხო საქვეითო კავშირი შეიქმნება. პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტზეც და აღნიშნა, რომ 12 სადგურის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან.

„მეტროსადგურების რეაბილიტაცია-განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. მეტრო არის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მეტროსადგურები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ განახლებასა და მოწესრიგებას. ამ მხრივ მთელი რიგი პრობლემები არის იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობენ კომპანიები, თუნდაც პროექტის განხოციელების, ან სამუშაოების შესრულების მიმართულებით. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის, ჯამურად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 55 მლნ ევროს შეადგენს.

„თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მლნ ევროს შეადგენს. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის მეტროს 12 სადგურის კონცეპტუალური პროექტი, რაც საფუძვლად დაედება დეტალური პროექტირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერს. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და თორმეტივე სადგური უნდა იყოს დასრულებული. EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი, ჯამში, შეადგენს 55 მლნ ევროს. ცხადია, ეს არის სესხი და ჩვენ, უცხოური კომპანიების ჩართულობით, რომლებსაც ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება, შევძლებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

ამასთანავე, თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სადგურების ჩამონათვალი განისაზღვრა მათი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და პრიორიტეტად განისაზღვრა ისეთი სადგურები, როგორიცაა „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“ და სხვა.

ასევე, დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება.

„როგორც იცით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა. აღნიშნული შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად, უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.

„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სხდომის დასასრულს დედაქალაქის მერმა აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.

მისივე თქმით, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

„ახლოვდება ეროვნული გამოცდები, მინდა აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

N39-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის”- ის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან. N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ( ანზორ აბულაშვილის ქუჩა). ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“- ის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).

საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147-ე საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.

 
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის