USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
კალაძე: მომავალ წელს გველის კიდევ უფრო მეტი პროექტი, რადგან მოსახლეობის საჭიროებები იზრდება და ჩვენი ვალია, ისინი ეფექტურად დავაკმაყოფილოთ
дата:  302

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის ბოლო სხდომა გამართა და საზოგადოებას დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ ერთხელ წარუდგინა.

„სრულდება 2023 წელი და მინდა, მოკლედ შევაჯამო, რა შევძელით და რა პროექტები განვახორციელეთ. 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ჯამში, რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 ქუჩაზე ჩატარდა; 26 მილიონი ლარი დაიხარჯა 58 ავარიული შენობა-ნაგებობის გასამაგრებლად; 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის - „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1 750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც.

„ჯანდაცვის პროგრამებში, ჯამურად, 81 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რაიონული გამგეობებისგან დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000-მდე განაცხადი ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, 33 000 ბენეფიციარმა კი მიიღო მედიკამენტების დაფინანსება; სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა; გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2 500-მდე მოქალაქე. „კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისთვის დაფინანსდა 260-მდე პროექტი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა სატრანსპორტო გეგმაზე და ზოგადად, წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

„აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. დასრულდა თბილისის ტრანსპორტის გეგმაზე მუშაობა; აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „რამბოლის“ მონაწილეობით შეიქმნა თბილისის სატრანსპორტო გეგმა; შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე სრულად შემოვა დედაქალაქში და მოემსახურება მოსახლეობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, 2023 წელს ფართებით დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული, დაახლოებით, 620 პირი.

„ჯამში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული, დაახლოებით, 2 350 პირი. ამჟამად, მიმდინარეობს სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, აბრეშუმის მუზეუმი, ე.წ. კადეტთა კორპუსი, წინამძღვრიშვილის N1, ერეკლეს ქ. N6 და სხვა. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე ორ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ საზოგადოებას მომავალი წლის გეგმები და ის გამოწვევებიც გააცნო, რაც დღეს ქალაქს აწუხებს.

„ამის გარდა, კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს და მომავალ წელსაც განხორციელდება. ცხადია, არსებობს გამოწვევები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჩვენ ვართ შემართებით, გვაქვს შესაბამისი განწყობა იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას ვუპასუხოთ ღირსეულად, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ მეტი პროექტი, რომ ქალაქი კიდევ უფრო მოწესრიგებული იყოს, უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტი გამწვანებული სივრცე გვქონდეს. მთლიანობაში, ნაყოფიერი წელი იყო. ზოგიერთ პროექტი გრძელდება მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე. მომავალ წელს გველის კიდევ უფრო მეტი პროექტი, მეტი საქმე, რადგან ქალაქისა და მოსახლეობის საჭიროებები იზრდება და ჩვენი ვალია, ეს საჭიროებები ეფექტურად დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати