დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით.
„როგორც იცით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა. აღნიშნული შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად, უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.