USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
კალაძე - ივერთუბნის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
თარიღი:  479

ივერთუბნის დასახლებაში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა სრულად მოწესრიგდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გარდა, ივერთუბანში ყველა ქუჩაზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები და მოეწყო რეკრეაციული სივრცეც.

„აღსანიშნავია, რომ ივერთუბანში საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებას და პროექტის განხორციელება 2022 წელს დავიწყეთ. თავდაპირველად, წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში, 32 ქუჩაზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რომელზეც 1 000-მდე ოჯახი დაერთდა. ასევე, ახლახან დასრულდა საგზაო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ხერხეულიძეების ქუჩასთან, 6 400 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში განხორციელებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის