USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
კახი კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპები წარადგინა
дата:  315

დასახლებულ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალი 78%-დან 87%-მდე, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 60%-ით, ჯამში, 84 060 ადგილამდე გაიზარდა. რაც შეეხება მოცდის დროს, ავტობუსების შემთხვევაში ის 28 წუთიდან 18 წუთამდე შემცირდა, ხოლო მეტროში 4-დან 2,5 წუთამდე. აღნიშნული მონაცემები დედაქალაქის მერმა დღეს, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპების პრეზენტაციაზე წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვითარების გაუმჯობესება 2018 წელს შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის განხორციელებამ გამოიწვია.

„დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული ეს ყველაფერი: სატრანსპორტო ქსელის განახლება და სინქრონიზაცია, ავტობუსების ჩანაცვლება და რაოდენობის ზრდა, ავტობუსის ზოლის მოწყობა, რაც ნიშნავს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი, მიკროავტობუსების რაოდენობის მნიშვნელოვნად, შემცირება და მათი სრული განახლება, მეტროში 12 შემადგენლობის დამატება, ტაქსების რეფორმა, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა, ასევე, ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებულ ნაწილზე ისაუბრა.

„2022 წლიდან ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელი. ამ ქსელზე დღესაც მიმდინარეობს დაკვირვება, რა გამოწვევებია, სად არის საჭიროება, დაემატოს ავტობუსი ან მიკროავტობუსი. სრულად ჩანაცვლდა ავტობუსები და მათი რაოდენობა 655-დან 860 ერთეულამდე გაიზარდა. ყველას გვახსოვს, თუ როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ყვითელი ავტობუსები იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ყოველგვარი რესურსი ჰქონდა ამოწურული. ძირგავარდნილი, ძირგამომპალი ავტობუსები ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას. არავითარი კონდიცირება ან გათბობა. ეს იყო სერიოზული გამოწვევა. შემთხვევითი არ არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო. ამას აქვს თავისი მიზეზი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოუწესრიგებელი იყო.

ქალაქის მასშტაბით დაიხაზა ავტობუსის 47-კილომეტრიანი განცალკევებული ზოლი. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამ მიმართულებით კიდევ ვმუშაობთ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გადაადგილება შეძლოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი და დღეს ქალაქს 1000 მიკროავტობუსი ემსახურება. არ დავიწყებ იმის ახსნას, რა მდგომარეობაში იყო მიკროავტობუსები და როგორი გაუმართავი იყო. დღეს თბილისს ემსახურება, გამართული, მოწესრიგებული, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები. მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა, გაიზარდა ავტობუსების რაოდენობა.

მეტროს დაემატა 32, ხოლო კაპიტალურად შეკეთდა 79 ერთეული ვაგონი. მეტროს ჰქონდა ვაგონები, რომელთა შეკეთება და რეაბილიტაცია შესაძლებელი იყო და რა თქმა უნდა, ეს პროექტი განხორციელდა.

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ეტაპობრივად განხორციელდა ტაქსების რეფორმა, ხოლო 2019 წლიდან ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ჯერ არ არის დანერგილი, მაგრამ ეტაპობრივად მივყვებით ქუჩების, რაიონების მიხედვით. ბევრია ქუჩები ცენტრალურ უბნებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, სახლში დაბრუნების შემდეგ, საკუთარი ავტომანქანა საკუთარ საცხოვრებელთან გააჩეროს. შესაბამისად, ამ პროგრამის დანერგვა გაგრძელდება.

„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვის მიზნით გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება, რის შედეგადაც, აღნიშნული სისტემის სრული იმპლემენტაცია 2026 წლამდე მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძვირადღირებული მიმართულებაა, მაგრამ ქალაქში ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სატრანსპორტო მიმართულებით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის დასაძლევად დაგეგმილია მომდევნო ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები.

„დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი - ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის და იწვევს მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და ავტობუსის ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან 8 წუთამდე - საშუალოდ მოცდის დრო 18 წუთია, თუმცა, არსებობს უბნები, სადაც ადამიანებს ლოდინი ნახევარი საათი ან 40 წუთი უწევთ; ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი ავტობუსების დამატება.

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით სამუშაო დღეებში; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი ტევადობის გაზრდა 84 060 ადგილიდან 110 00 ადგილამდე - ეს შესაძლებელი იქნება ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების დამატებით; გამოწვევაა მეტროსადგურების განახლება, რასაც ასევე, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას: 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, რითაც შეიკვრება 10 სატრანზიტო დერეფანი; დამატებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და შემოყვანა; დამატებით, 40 ახალი ვაგონი მეტროსთვის; მეტროსადგურების რეაბილიტაცია; სატრანსპორტო ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა და ტაქსების რეფორმის III ეტაპი.

რაც შეეხება სატრანზიტო დერეფნებს, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში 10 მსგავსი დერეფანი მოეწყობა, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

სატრანზიტო დერეფნებია: I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ.-გაბრიელ სალოსის გამზ.); II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ.-მოსკოვის გამზ.); III დერეფანი (თამარაშვილის ქ.-მოსკოვის გამზ.); IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. - ხიზანიშვილის ქ.); V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. -გაბრიელ სალოსის გამზ.); VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. - კუპრაძის ქ.); VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. - კუპრაძის ქ.); VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. - სადგურის მოედ.); IX დერეფანი (თავდადებულის ქ. - უნივერსიტეტის ქ.); X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. - უნივერსიტეტის ქ.) დასრულდება 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.

მისი თქმით, 2023 წლიდან ავტობუსების პარკის განახლების პროცესი გაგრძელდება.

„2023 წელს შევისყიდით 18-მეტრიან 200 ერთეულ ავტობუსს, 2023-2024 წლებში კი პროცესი დასრულდება. ეს დამატებით გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მეტროპოლიტენის განახლებისა და მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება.

„მეტროპოლიტენის განახლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალოვანი კაბელები შეიცვალა, გამაგრილებელი სისტემები განახლდა. ამასთანავე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვთანამშრომლობთ და გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება.

„2023 წლიდან დაიწყება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, საცობების აღმოჩენა რეალურ დროში ინციდენტებზე, სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეციალური ტრანსპორტის პრიორიტეტულობა. შედეგად, მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებული მოძრაობას, ასევე, შემცირებულ საცობებს მივიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზეც ისაუბრა.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ, 2017 წელთან შედარებით, დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დაახლოებით, 110 000 ადგილით მეტი იქნება.

„2017 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 110%-ით გაიზრდება და დამატებით, დაახლოებით, 110 000 ადგილს მივიღებთ. ქუჩების გამტარუნარიანობა 70%-ით გაიზრდება. ქუჩების გამტარუნარიანობა ყველასთვისაა, ამის საუკეთესო მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ეს მიდგომა გაგრძელდება სხვა ქუჩებთან და გამზირებთან მიმართებითაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად 10% იქნება და ქალაქში 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობა მოგვეცემა. გადაადგილება პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ქუჩების დავიწროების პრობლემასაც შეეხო.

„ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მერია ავიწროებს ქუჩებს. მერია ქუჩებს არ ავიწროებს. სამწუხაროდ, თბილისში ფაქტობრივად ყველგან გვაქვს არასტანდარტული გზები. ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით, ზოგ ქუჩასა და გამზირზე არის სამი ზოლი, რომელიც გარკვეულ ადგილებში იქცევა ორ ან ერთ ზოლად - იქმნება ე.წ. ძაბრი, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ასეთია „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია. მაგალითად, გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი თუ ოთხი ზოლიდან, „ლაგუნასთან“ უკვე ჩნდება ორი ზოლი. ეს იწვევს საცობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საცობების განტვირთვის გეგმასთან დაკავშირებული ყველა პროექტი საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების საფუძველზე ხორციელდება.

კახა კალაძემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ ადგილობრივსა თუ უცხოელ ექსპერტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტების განხორციელების პროცესში ჩართული გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ქვეყანაში გამოცდილი სპეციალისტები. არ იფიქროთ, ეს ჩემი, ირაკლი ხმალაძის ან ვინმე ჩვენი თანამშრომლის დაწერილი პროექტებია. ამაში ჩართული არიან მსოფლიოს უძლიერესი კომპანიების წარმომადგენლები, გამოცდილი ქართველი სპეციალისტები. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქსა და დედაქალაქში 10-15 წლის წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია. იქ განხორციელებული პროექტებით პრობლემები მოგვარდა. შესაბამისად, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. გვინდა, მათი გამოცდილება გავიზიაროთ და ჩვენ ქალაქს მოვარგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპების წარდგენის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати