ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული „საგანმანათლებლო კვირეული“ გაიმართა.
პროექტი ოთხი დღის განმავლობაში კახეთში მიმდინარეობდა, სადაც რაიონში მცხოვრები 18-25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და მოიცავდა სხვადასხვა ძირითად მიმართულებას:
პროექტის ორგანიზება;
ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება;
მოტივაციის ამაღლება;
ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა.
ტრენინგების პარალელურად, ბანაკის მონაწილეები დაიყვნენ ოთხ გუნდად და იმუშავეს პრეზენტაციაზე „ქვეყანაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელს დავით მაქაცარიას, რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ ზურაბ ჩიკვილაძეს და პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძეს.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, ჩვენ მოვუსმინეთ ახალგაზრდებს და გავიგეთ მათი ხედვები, რაც, ასევე, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად კიდევ გამართავს“,-განაცხადა რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა მოზარდებისთვის საინტერესო საკითხები განიხილეს.
საგანმანათლებლო კვირეულის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.