USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა
თარიღი:  1317
ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალიხსმევით, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა.
მონუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.
„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა - ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თბილისი იყო და არის ქართველთა ისტორიული მეხსიერების, ჩვენი ეროვნული იდენტობის კერა. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალ თაობისთვის, რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა. საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის საყვარელი ქანდაკება - ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს აღნიშნული ინიციატივისთვის, ასევე, კულტურის სამინისტროსა და მოქანდაკეების ჯგუფს, რომელმაც ძეგლზე იმუშავა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მოქანდაკეებს და არქიტექტორს, რომლებიც ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროს. სწორედ თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა ეს პროექტი. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივაც იყო თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ნამუშევარი მოქანდაკეების ჯგუფმა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა. მონუმენტი, რომელიც ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე II-ის ღვაწლის უკვდავსაყოფად განთავსდა, სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ღონისძიებას მოქანდაკეები, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები ესწრებოდნენ.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის