USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
კახა ოქრიაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
თარიღი:  648
პარლამენტარი და PSP ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება  და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც თბილისი პოსტი უცვლელად გთავაზობთ:
 
"ბატონი ღარიბაშვილის შემდეგ, მედიკამენტების ფასების სამართლიანობაზე საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა აზარაშვილმა განაგრძო. მან განაცხადა, რომ დაადგენს, სამართლიანია თუ არა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. რა სამართლიანობაზეა საუბარი - სახელმწიფო აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას და თქვენ გაქვთ ორი ინსტრუმენტი:
1. მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა, რისთვისაც, ჯერ კიდევ სერგეენკოს მინისტრობის დროს, ჩემი რეკომენდაციით, დაარსდა სპეციალური სააგენტო, რომლის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი და მიიღოთ უდაბლესი ფასები მედიკამენტებზე, რადგან მოხმარების სტატისტიკა არსებობს. სწორედ ეს უდაბლესი ფასი იქნება ყველაზე სამართლიანი.
2. მეორე ინსტრუმენტი არის რეფერენტული ფასების დაწესება, რომლის შემოღებასაც საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრია 10 წელიწადზე მეტია ითხოვს, რათა დასრულდეს საუბარი ფასების სამართლიანობაზე.
აქვე, რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ ფასების დარეგულირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ აფთიაქებში დასაქმებული ფარმაცევტები, რომლებიც მთავრობას მაღაზიის გამყიდველები ჰგონია, იღებდნენ ღირსეულ ანაზღაურებას, რომელიც 1 500 ლარს უნდა აღემატებოდეს.
სამწუხაროდ, დღეს ასეთი ხელფასები არ არის, დარგში არსებული ზეკონკურენციის გამო. ამავდროულად, კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტის მოგება, რათა უზრუნველყონ ყველა ტიპის მედიკამენტის ხარისხიანი შენახვა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
სრულიად გაუგებარია მინისტრის მხრიდან საბოტაჟზე საუბარი. ვინ აწყობს საბოტაჟს - ფარმაცევტული სექტორი უწყობს საკუთარ მომხმარებელს? თუ ისაა საბოტაჟი, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესის მიმართ იყენებენ მსგავს რიტორიკას: „საბოტაჟი“, „მოღალატე“, „დესტრუქციული“?!
მათი ტოტალური უცოდინრობა, გავრილოვის ჩამოყვანა, აგენტების შესახებ რუსული კანონი, ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის, ჩვენი დიდი ფარმაცევტული წარმოების პროექტის შეჩერება და ა.შ. -აი, ეს არის საბოტაჟი!
საქართველოს ფარმაცევტული ქსელები, განვითარების დონით, ლიდერები არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაძლოა, ევროპაშიც, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო, ვერ იტყვის, რომ კარგი მმართველები და მენეჯერები არიან. ამას შედეგები გვიჩვენებს - საქართველოს სრული რეგრესი ყველა მიმართულებით!
სხედხართ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!
ქვეყანას ბიზნესი აშენებს და ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. სამწუხაროდ, თქვენ ეს არ გესმით!
ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში."
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის