USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
კახა კვაშილავა - როგორ გაჩნდა აფხაზეთში მანდარინი
дата:  2505
ვიღაცამ იკითხა ფეისბუკში, ხომ არ იცით, მანდარინი როგორ გაჩნდა აფხაზეთშიო...
წამომყევით!
ცოტა დიდი ტექსტია, მაგრამ ნუ დაიზარებთ, რადგან, მგონია, რომ საინტერესოა.
ეს ამბავი რამდენიმე ათასი წლის წინ ინდოეთში დაიწყო, სადაც ნარინჯისფერი, წვნიანი ხილის მოშენება დაიწყეს და მას ნეტარებისგან কমলা লেবু - „kamalā lēbu“ უწოდეს.
ჩინეთის ბოგდოხანამდე მიაღწია კამალაა ლეებუს შესახებ საოცარმა ამბებმა და მისმა შიკრიკებმა სასწრაფოდ ჩაუტანეს ნაყოფიცა და ნერგებიც. მოიწონა ზეცისქვეშეთის მბრძანებელმა, მას 橘子 - „ჯუძი“ უწოდა და ამ ხილის გაშენება ბრძანა.
თუმცა, მისი დაგემოვნება მხოლოდ დიდებულებს შეეძლოთ. ჩვეულებრივი მოკვდავნი ნერწყვებმომდგარი შესცქეროდნენ ჯუძის ნარინჯისფერ ნაყოფს და მისი დაგემოვნება კი უნდოდათ, მაგრამ სიკვდილით დასჯის შიში ამ სურვილს გონებაშივე უკლავდა მათ.
შემდეგ იყო და ახლო აღმოსავლეთში დამკვიდრებულმა ოსმალებმა ევროპელ გიაურებს აზიისაკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაუფლებით. არა, გასვლა ევროპელებს კი შეეძლოთ, მაგრამ იმხელა თანხებს ითხოვდნენ ოსმალნი უსაფრთხოებისთვის, რომ პორტუგალიის ნაპირებიდან ატლანტის ოკეანის უსაზღვროებას უცქერდნენ ნირწამხდარი ევროპელნი, სპარსეთ-ინდოეთ-ჩინეთიდან ჩამოტანილი სანელებლების გარეშე მომზადებულ უგემურ საკვებს რომ მიირთმევდნენ.
ევრიკა! ევროპელებს გაახსენდათ, ჯერ კიდევ ქრისტემდე დიდი ხნით ადრე არისტოტელემ და ერატოსთენემ დაამტკიცეს, რომ დედამიწა მრგვალია და იტალიელმა ქრისტეფორე კოლუმბმაც ესპანელ მონარქები დაარწმუნა, დაეფინანსებინათ მისი მოგზაურობა ინდოეთისკენ. დედამიწა ხომ მრგვალია და ჩვენც მეორე მხრიდან მივალთ ამ ქვეყნამდეო, - ერთი თუ ორი ამოსუნთქვით უთხრა მათ უდიდებულესობებს იტალიელმა მეზღვაურმა.
კი დაუფინანსეს, კი გაემგზავრა, კი მიაღწია... „ინდოეთს“.
ოღონდ წლების შემდეგ გაიგეს, რომ „ინდოეთი“ ახალი კონტინენტი ყოფილა და იქ ოქრო-ვერცხლი, კარტოფილი, პომიდორი და თამბაქო უხვად კი მოიპოვებოდა, მაგრამ კიდევ მრავალ წელს უნდა გაევლო, რომ ევროპელებს „ოქროს ვაშლი“ (იტალ.: პომოდორო) და სოკო „ტრიუფელის“ ახალი „სახეობა“ (იტალიური „tartufolo“-დან მომდინარეობს გერმანული „Kartoffel“) საკვებად ვარგისად მიეღოთ.
გვიმწიფდება მანდარინი და ჯერ ჩინეთამდე ვერ მივაღწიეთ.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, პორტუგალიელმა ვასკო და გამამ გადაწყვიტა არა დასავლეთით გაეცურა, არამედ სამხრეთით და 1499 წელს, როგორც იქნა, მიაღწია იმ ნამდვილ ინდოეთს.
ამიერიდან ევროპელებმა აზიისკენ მოგზაურობა დაიწყეს. მთლად უსაფრთხო და ნაკლებხარჯიანი არ იყო, მაგრამ ოსმალებთან ურთიერთობას მაინც ეს ერჩივნათ.
ბოლოს საოცარ და მდიდარ ჩინეთსაც მიაღწიეს. იქ მინის დინასტია ბატონობდა. წვეულებაზე, დიდებულებთან სტუმრობისას, პორტუგალიელ „ავანტურისტებს“ (მოგზაური-მეზღვაური) პატივი ერგოთ ჯიძუს დაგემოვნებისა.
ვინაიდან დიდებულებს, რომელთაც, სახელმწიფო თანამდებობებიც ეჭირათ, ჩინელები 官吏 - guān lì-ს უწოდებდნენ, პორტუგალიელებმა კი „მანდარიმებად“ მოიხსენიეს. ასე უწოდებდნენ ინდონეზიაში, სადაც ვასკო და გამას შთამომავლები ჩინეთამდე ჩავიდნენ, მმართველებს (منتري - menteri).
პორტუგალიელებმაც ჯუძი „მანდარინად“ მონათლეს და ევროპაშიც ჩამოიტანეს. მოეწონათ ახალი საოცარი ხილი ევროპელებს და მალე მათ მოსაშენებლად „ორანჟერეებიც“ (სანარინჯისფრო) მოაწყვეს. განსაკუთრებით, ლუების საფრანგეთში მოიპოვა პოპულარობა ახალმა ხილმა.
მალე მანდარინები ორანჟერეებიდან გამოიტანეს სელექციონერებმა და მისი მოშენება აქტიურად დაიწყეს ხმელთაშუაზღვის სანაპიროს (ესპანეთი, იტალია, ოსმალეთი [საბერძნეთი, ახლო აღმოსავლეთი]) ღია გრუნტში.
XVIII საუკუნეში გერმანელებმა ამ ხილს Mandarin Apfelsine უწოდეს - „ჩინური ვაშლია (აპფელ [ვაშლი] +სინა [ჩინეთი]) მანდარინიო“.
საქართველოში ეს ხილი პირველად 1885 წელს იტალიიდან შემოიტანეს. თუმცა, მისი გახარება ვერ მოხერხდა, რადგან შემოტანილი ჯიში დაბალი ყინვაგამძლეობის აღმოჩნდა და ნაყოფიც დროზე არ მწიფდებოდა.
პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
1896 წელს შემოიტანეს იაპონიიდან შემოიტანეს ახალი ჯიში „უნშიუ“, რომელიც ბათუმთან ახლოს დარგეს. უნშიუმ „ალღო აუღო“ ადგილობრივ კლიმატს და მალე სწრაფადაც გავრცელდა.
1901 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ალახაძეში (გაგრასთან, აფხაზეთი) გადაასახლეს ცნობილი რუსი მილიონერი, ოქროს საბადოების მფლობელი და ქველმოქმედი ნიკოლაი ვასილევიჩ იგუმნოვი.
ის იყო სამრეწველო-კომერციული კომპანიის „იაროსლავის დიდი მანუფაქტურის“ თანამფლობელი (ამჟამინდელი „კრასნი პერეკოპი“) და ციმბირის ოქროს მაღაროების მფლობელი. სწორედ მან ააგო მშვენიერი სასახლე მოსკოვში, იაკიმანკაზე, სადაც ამჟამად საფრანგეთის საელჩოა განთავსებული.
ძალიან თავისებური და სკანდალური პიროვნება იყო „ახალი რუსი“ გოსპოდინი.
ერთ დღეს, მან იაკიმანკას სასახლეში პომპეზური საქველმოქმედო მეჯლისი გამართა. საბანკეტო დარბაზში, რომელშიც წვეულება იმართებოდა, იატაკი მოაპირკეთა იმპერატორ ნიკოლაი II-ს გამოსახულებიანი ოქროს ჩერვონეცებით. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა საიმპერატორო კარს მიაღწია, სადაც ცოფები ჰყარეს (ჯერ იმპერატორის სახე როგორ გათელესო და მერე ამხელა სიმდიდრე ამ კაცს როგორ აქვსო), იგუმნოვს მისი ქონება ჩამოართვეს და კავკასიელ „ტუზემცებში“ გაასახლეს.
ალახაძეში იმხანად მხოლოდ ჭაობები იყო. მოსკოვიდან გამოძევებულმა იგუმნოვმა მის ახალ მამულში ევკალიპტები და კვიპაროსები დარგო, რომლებსაც ჭაობები უნდა ამოეშროთ. მალე სათევზაო საწარმოც შექმნა, რომელსაც თევზეულის საკონსერვო ქარხანაც მოჰყვა. ჭაობის სრული ამოშრობის შემდეგ, იაროსლავლში მისი ყოფილი მამულიდან ჯიშიანი საქონელიც გამოიწერა.
მალე მებაღეობაც დაიწყო და კივი და თამბაქოც მოაშენა. მან ყურადღება მიაქცია დასავლეთ საქართველოში მანდარინის სწრაფ გამრავლებას და ოსმალეთიდან (აბა, იაპონია შორს იყო და თან უკვე იქ რუსებიც არ ეპიტნავებოდათ) ამ ხილის ახალი ჯიშები გამოიწერა. ზოგიერთმა აქაც ვერ იხარა, მაგრამ, საბოლოოდ, იგუმნოვმა ალახაძეში მანდარინის ბაღიც გააშენა.
ვინაიდან ნ. იგუმნოვს საიმპერატორო კარი მაინც­და­მაინც არ ეპიტნავებოდა, აფხაზეთის მანდარინების და­გე­მო­ვნება ნიკოლაი II-მ მხოლოდ სოხუმის დენდროპარკის და­მაარსებლის ნიკოლაი ნიკოლაევიჩ სმეცკოის მამულიდან შე­ძლო, რომელმაც 1916 წელს სანქტ-პეტერბურგში რო­მა­ნო­ვების სამეფო დინასტიის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით მის ბაღში მოწეული მანდარინები გააგზავნა.
გასაბჭოების შემდგომ, იგუმნოვმა, რომელსაც ოჯახი უკვე საფრანგეთში ჰყავდა გახიზნული, მისი მეურნეობა საბჭოთა რეჟიმს „ნებაყოფლობით“ გადასცა. ბოლშევიკებმა ყოფილი კაპიტალისტის ბაღს „მესამე ინტერნაციონალის სახელობის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობა“ უწოდეს. გლეხთა ყოფილი „მჩაგვრელიც“ იქვე დაასაქმეს - აგრონომად.
1924 წელს ნიკოლაი იგუმნოვი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალახაძეში.
აი, ასე გაჩნდა აფხაზეთში მანდარინი.
ილუსტრაცია: მანდარინი აფხაზეთში.
მიყევით ბმულს - კახა კვაშილავა
Тбилиси
2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.

„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.

более
голосование
Кстати