USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
Тбилиси
კახა კვაშილავა - იმ დღეს ბევრი სოხუმელი წაიქცა, მაგრამ სოხუმი არ წააქცია
дата:  2114
1993 წლის 15 მარტის ღამე. სოხუმის ნაწილში შუქი გათიშულია. ენგურიდან მომავალი ელექტროსადენების ბოძებია აფეთქებული ზოგან, ზოგან - კაბელია ჩაჭრილი. ამიტომ ქალაქის ცაზე ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავები ბრწყინავენ. მშვენიერი სანახავია.
 
სოხუმი და სოხუმელები იძინებენ. ქალაქი ფრონტისპირა ხაზზეა, მაგრამ მცირე პაუზაა. ალაგ-ალაგ თუ გაიკაკანებს ავტომატი. მაგრამ ომი არ ჩამცხრალა.
 
სოხუმს და სოხუმელებს ომი არ უყვართ. მათ ზღვა უყვართ, ზღვის ტალღების ფონზე ყავის სმა, ნარდისა, დომინოს და ჭადრაკის თამაში უყვართ. თან საუბრობენ და ზოგჯერ უწმაწურად ხუმრობენ.
 
ჰო, სოხუმს და სოხუმელებს ომი არ უყვართ. არაა ეს მათი საქმე. მაგრამ ნახევარი წელია, სოხუმელები ომობენ და სოხუმს, რომელსაც ომი არ უყვარს, იცავენ. ცოტა მიჩუმდა ფრონტის ხაზი. ცოტა იმედი გაჩნდა, რომ მალე დამთვარდება ეს ყველაფერი.
 
იქ ხომ ომი არ უყვართ...
 
ძილს აპირებენ სოხუმელები. გვიანია უკვე.
 
დენი არ აქვს ქალაქის ნაწილს. ტელეფონის ხაზებიც გაწყვეტილია. მანქანის აკუმულატორზე აერთებენ რადიოს და თბილისს უსმენენ, მოსკოვისაც „იჭერენ“. ვიღაცას კიდევ „შტაბიდან“ მოაქვს უეჭველი ინფორმაცია.
 
გაცვალ-გამოცვალეს ინფორმაციები უბნის ბირჟებზე, გაიხუმრ-გამოიხუმრეს. გაურკვევლობის განცდას იუმორით ფარავდნენ სოხუმელები. დაემშვიდობნენ ერთმანეთს დილამდე და საძინებლებს მიაშურეს...
 
ზოგს თვალი მიხუჭულიც არ ჰქონდა, ზოგს უკვე ღრმად ეძინა...
 
შეაზანზარა ქალაქი აფეთქებებმა.
 
წამოხტნენ ჩაძინებულები. ზოგი გამორბოდა ისე იცვამდა, ზოგი ხალათით გამოვარდა გარეთ. რუსულმა სუ-25-მაც გაიშხუილა და „ლიუსტრები“ ჩამოკიდა ქალაქის თავზე. განათდა ღამის ქალაქი. სინათლემ ვარსკვლავებით აბრჭყვიალებულ ცაზე ვარსკვლავები „ჩააქრო“...
კიდევ გაიშხუილა ჰაუბიცის ჭუვრმა სოხუმელთა თავზე.
 
„მეშველიანის ტურბაზას“ და სინოპს უმიზნებდნენ გუმისთის მეორე ნაპირიდან. კარგი პოზიციები ეჭირა მომხდურს. სოხუმი ხელისგულივით ჩანდა. დადექი და უმიზმნე. დადექი და მოკალი მძინარე ქალაქი და მძინარე სოხუმელი. ხელს არაფერი გიშლის. ეგაა, ბნელა და ქალაქში ყველაგან შუქიც არაა, რომ მიზანი კარგად დაინახო. მაგრამ რუსული სუ-25 ხომ აგერაა. აფრინდება, „ლიუსტრას“ ჩამოჰკიდებს და შენ უმიზნე. უმიზნე რამდენიც გინდა, რამდენიც გაგიხარდება. ჭურვი თუ დაგიმთავრდა, ისევ რუსეთი მოგაწვდის. ოღონდ კი აქ სისხლმა მდინარესავით იჩქეფოს...
 
მალე გუმისთის მეორე ნაპირიდან ცოცხალი ძალა დაიძრა რამდენიმე მიმართულებით...
ქართველი ღიმილის ბიჭები მედგრად დახვდნენ.
 
მათ უკან ხომ ოჯახები, მეგობრები და სოხუმი იდგა.
 
სოხუმელები, ვისაც როგორ შეეძლო, ძალას არ იშურებდნენ, სოხუმის გადასარჩენად. ვისაც ჯერ კიდევ იარაღი არ აეღო, რადგან მშვიდობის და ძმობის იმედი არ დაჰკარგვოდა, ბატალიონებში გარბოდნენ, რომ გუმისთის პირას სანგრებში ტყვიებისა და ჭურვების წვიმის ქვეშ მეგობარ-ნაცნობ-უცნობებს გვერდში ამოდგომოდნენ და სოხუმი გადაერჩინათ.
 
ორი დღე და ღამე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა გუმისთაზე.
ბევრი დედა ატირდა, ბევრი ქალი დაქვრივდა...
 
სისხლი გუმისთის წყალივით ჩქეფდა... ორივე მხარეს.
 
სოხუმი გადარჩა. სოხუმი არ დაეცა. ბევრი სოხუმელი წაიქცა, მაგრამ სოხუმი არ წააქცია...
 
იმარჯვეს ქართველმა ბიჭებმა, იმარჯვეს ქართველმა არტილერისტებმა. გუმისთის გაღმა ბევრს დაუღამდა მაშინ. ძალიან ბევრს. არ ელოდნენ მოსკოვ-გუდაუთში სოხუმელთა საოცარ თავგანწირვას...
 
დიდება გმირებს!
 
ქედს ვიხრი ყველა თქვენგანის წინაშე, საქართველოს სახელდარჩენილო და უსახელო გმირებო!..
 
კახა კვაშილავა
мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати