გუშინ პროგრამის წარდგენის დროს ყველამ მოისმინა ის, რისი გაგონებაც ალბათ დიდი ხანია სურდათ. ეს არის საქართველოს მზადყოფნა 2024 წელს უკვე ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ეს არის ძალიან ხმამაღალი და ამბიციური განცხადება და ამის საფუძველს 8 წლის განმავლობაში განხორციელებული მიღწევები და განვლილი გზა გვაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ განაცხადა.
„2012-16 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიძლეოდით დაპირებებს, რომ კიდევ უფრო გამყარდებოდა და რეალური გახდებოდა ევროკავშირში წევრობა. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შესრულების ანგარიში, ის საკმაოდ ამბიციური გეგმა, რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ და რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა მაღალი შეფასებები, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პირდაპირ გავთვალოთ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ მზად ვიქნებით უკვე შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. დარჩენილი რეფორმების განხორციელება იქნება ის მთავარი სამუშაო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ და მზად ვიყოთ, განაცხადი შევიტანოთ. ეს გეგმა არის საკმაოდ რეალური“, - განაცხადა კახა კუჭავმ.