USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებით თბილისში 1 იანვრიდან, საცხოვრებელ და რეკრიაციულ ზონებში, აალებადი მასალებით და საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
Date:  922

არის კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც ხდება აალებადი მასალების, საბურავების გაყიდვა და ეს ყველაფერი შენახულია საცხოვრებელი სახლების სარდაფებში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ცეცხლის კერა გაჩნდეს, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის, ეს იქნება სრული კატასტროფა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეორადი საბურავების და აალებადი ნივთიერებების განთავსება-რეალიზაციის კუთხით დღეს დედაქალაქში „სრული კატასტროფაა“, ამიტომ შემუშავდება რეგულაციები, რომლითაც დადგინდება ის ზონები, სადაც ამ მასალების რეალიზაცია და განთავსება იქნება შესაძლებელი, საცხოვრებელ ზონებში კი ამის განხორციელება აიკრძალება.

„კანონში, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში, იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, რომელიც გვავალდებულებდა კანონქვემდებარე აქტის მიღებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. ამ მიმართულებით ქალაქში გვაქვს დღეს სრული კატასტროფა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. ამ რეგულაციის მიხედვით ასეთი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება გარკვეულ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა მაგალითად, რეკრეაციული ზონები, საცხოვრებელი ზონები და სხვა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

ასეთი ტიპის მასალების განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობებში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები.

ჩვენ დღეს რა მოცემულობა გვაქვს? არის კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც ხდება მაგალითად აალებადი მასალების გაყიდვა და ეს ყველაფერი შენახულია კონკრეტული საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, ასევე საბურავები. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გაჩნდეს ცეცხლის კერა, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის, ეს იქნება სრული კატასტროფა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს.“

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ რეგულაციის მოქმედებამდე ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მასალების რეალიზაციით არიან დაკავებული, გონივრული დრო მიეცემათ და შესაბამისი შეზღუდვები 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კალაძემ შესაბამის სამსახურებს მათთან კომუნიკაცია დაავალა.

„მე მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ დავიწყოთ ხვალიდანვე კომუნიკაცია ყველა იმ ადამიანთან, ვინც ასეთი მასალებით ვაჭრობს, რომ მივაწოდოთ ჩვენი ხედვა, გეგმა, მივცეთ ასევე გონივრული ვადა ამ ადამიანებს და მითითებები, სად უნდა განახორციელონ შემდეგი მათი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ეს კანონი, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს რეგულაციების მიღებას და საკრებულოში გაგზავნას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოთ და თვითონ ამ რეგულაციების ამოქმედება გავაკეთოთ პირველი იანვრიდან, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გონივრული ვადა და დრო იმისთვის, რომ მოახერხონ თავიანთი საქმიანობის უკვე სხვა კონკრეტულ ადგილებზე, იმ ზონებში გაგრძელება, სადაც ეს იქნება კანონმდებლობით დაშვებული. ეს არის დღეს სერიოზული გამოწვევა, პრობლემა, თუმცა, ჩვენ ამას აუცილებლად მოვაგვარებთ და მოვასწრიგებთ, რომ ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, მათი ვინც ამ საქმიანობით არის დღეს დაკავებული და მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანებულ უბნებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება. შესაბამისად, იქ სადაც საცხოვრებელი ზონებია, ასეთი საქმიანობა იქნება აკრძალული და ვერ განხორციელდება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way