USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები თბილისის მთავრობის სხდომაზე (30.10.2024)
дата:  385

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე რამდენიმე განცხადება გააკეთა და ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩევანი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე გააკეთა.

„მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება, რომელმაც ჩაიარა მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირ-ის შეფასება, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა, არჩევანი გააკეთა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, მშვიდობასა და წინსვლაზე და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას”.

მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისა და ასევე, იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელიც იცავდა და კვლავაც დაიცავს, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. ეს შემართება, ერთიანობა, რაც აღნიშნულ არჩევნებზე ჩანდა, 2012 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ. მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ხალხის მხრიდან ვგრძნობდით ამ თანადგომას. ეს ყველაფერი არის გარანტი იმისა, რომ წარმატებით დავძლევთ ყველა გამოწვევას, გაგრძელდება ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, გადაიდგმება ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანებისკენ და შესრულდება ყველა ვალდებულება ევროინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და მათ უსუსურ მცდელობას, ათასგვარი მანიპულაციით, საზოგადოების დეზინფორმირებით, ტყუილებით შექმნან საპროტესტო მუხტი, რასაკვირველია, იგი განწირულია მარცხისთვის. ეს დღეებია ვხედავთ მხოლოდ უსუსურ ბრალდებებს ყოველგვარი ფაქტების გარეშე. მთელ ძალისხმევას ხარჯავენ ე.წ. ფეიკ ნიუსების შექმნაში, საზოგადოების დეზინფორმირებაში, ნაცვლად იმისა, რომ გააანალიზონ საკუთარი შეცდომები. არანაირი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გუშინდელ დღემდე ყველაზე ძლიერი არგუმენტი იყო ის, რომ ერთ-ერთ უბანზე ორმა დამკვირვებელმა ერთმანეთი გადაკოცნაო, თუმცა, გუშინ კიდევ ერთი ახალი არგუმენტი წარმოადგინეს, რომელიც ეხება ერთ-ერთ „მილიონერ ქალბატონს“, რომელიც მათი თქმით, ბეჭდებით იჯდა სარჩევნო უბანზე და თავისი ღიმილით ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდა. ეს არის მათთვის ყველაზე ძლიერი არგუმენტი. დანარჩენს ალბათ „თენგო გვეტყვის“.

ეს ის პოლიტიკური პარტიებია, რომელთაც საარჩევნო კამპანიაც კი არ უწარმოებიათ, რადგან არ ჩათვალეს საჭიროდ ამომრჩეველთან საუბარი. რა ნამუსით უნდა მისულიყო ხალხთან გვარამია, მელია, ხაზარაძე, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზოგადოებას თავი ბოროტებით და სიბინძურით დაამახსოვრეს? მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ სამარცხვინო კამპანიას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, აბულინგებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მონებად აცხადებდნენ ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა. არ დატოვეს არცერთი სფერო - სპორტი, ხელოვნება, ბიზნესი, ყველას აყენებდნენ შეურაცხყოფას. მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბულინგი, სოციალურ მედიაში ზიზღის კამპანია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა არჩევნების შედგით.

ეს ადამიანები თავის ე.წ. ფეისბუქ ბაბლში არიან ჩაკეტილები და საერთოდ არ აინტერესებთ ირგვლივ რა ხდება. არანაირი წვდომა არ აქვთ იმ რეალურ მდგომარეობაზე, რაც ხდება. ასევე, თავისი კამპანიით, ტყუილებით აჯერებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ იგებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„2012 წლიდან მოყოლებული, თქვენ მიერ ჩატარებული ყველა გამოკითხვა, ეგზიტპოლი რეალობას აცდენილია. სწორედ ამ მოცემულობით გქონდათ მცდელობა, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოგეტყუებინათ, გეწარმოებინათ ისეთი კამპანია, სადაც ამომრჩეველს აჯერებდით, რომ ვითომ იგებდით. ყველას და ყველაფერს დააბრალეთ არჩევნებში მარცხი, საკუთარ თავის გარდა. არავის უსაუბრია პრობლემებზე და მარცხის რეალურ მიზეზებზე. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს აგინეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ. ამბობდით, ახალგაზრდა თაობამ წაგვაგებინა არჩევნებიო, ე.წ. ჯენზის აგინეთ. მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია. ამიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, რომელშიც ხართ. საქართველოში ბოროტება, სიყალბე, სიბინძურე ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.

ჩვენი მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი, სამართლიანი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის მართვა მიანდოს ყველანაირ სიბინძურეზე წამსვლელ ადამიანებს. რა ქვეყანა უნდა განდოთ თქვენ? ზამთარში შეიძლება თოვლის გუნდა არ განდოთ, არათუ ქვეყნის მართვა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ბოროტებითა და სიბინძურით, რასაც კადრულობდით ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საუბრის დასასრულს თბილისელ ამომრჩეველს მიმართა და მათ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბოლოს, როგორც თბილისის მერმა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თბილისელებს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანზე „ქართულმა ოცნებამ“, სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. საზოგადოებას ატყუებენ, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამო“. არადა 263 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“. აქვე შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 218 015 თბილისელმა დაუჭირა მხარი მმართველ პარტიას, ანუ წელს 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გპირდებით, რომ გავუფრთხილდებით თქვენს ნდობას, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ ამ ქალაქისა და ქვეყნის შენებას. ვერანაირი ბოროტი ძალა და რადიკალიზმი ვერ შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს. შესაბამისი პროექტის მომზადება-განხორციელება მან მერის მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

„თბილისის ზღვა, წყლის რეზერვუარის დანიშნულების გარდა, მოქალაქეებისთვის დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს. სანაპიროზე ხალხმრავლობა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში შეინიშნება. შესაბამისად, ცურვისთვის დასაშვებ ზონებში, ზღვისუბნის დასახლების ტერიტორიაზე, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენს, არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე, სადაც ყველა საჭირო შენობა-ნაგებობა იქნება. როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, იმავე ფორმით და კონცეფციით უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს და ეს ადგილი გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო დასვენებისთვის, როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს პარკირებისა და სივრცის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც.

„დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ მოვაწყოთ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს სრულყოფილი განტვირთვის შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა. სამუშაოების ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 მლნ ლარია.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის მიზანი ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვაა.

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი რთული სატრანსპორტო კვანძია ქალაქში, რომელიც ხშირად პრობლემას წარმოადგენს გადაადგილების თვალსაზრისით თავისი სივიწროვიდან გამომდინარე. ჩვენ მოვახდინეთ ბენზინგასმართი სადგურების ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ დავიწყოთ პროექტი, რომელიც გულისხმობს გზის გაფართოებას, რათა გაიზარდოს ამ მონაკვეთის გამტარუნარიანობა და არსებული პრობლემები გამოსწორდეს. გარდა ამისა, მოწესრიგდება ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსების მიმდებარედ უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისთვის გლდანის რაიონის გამგეობას მადლობა გადაუხადა.

„დავასრულეთ სკვერის რეაბილიტაცია, რომლის ფართობი ჰექტარზე მეტია. სკვერი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა, გლდანის რაიონის გამგეობას მადლობა გადავუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები. მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაიგო რულონური ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში შეგვეძლება ადგილზე მისვლა, დათვალიერება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა რაიონსა და უბანში საჭიროა ამ ტიპის პროექტის განხორციელება. სადაც სივრცეები გვაძლევს საშუალებას, რა თქმა უნდა, შევდივართ და ვახორციელებთ მსგავს პროექტებს, რადგან ეს ხელს უწყობს მოქალაქეებს, რომ განიტვირთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати