USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები თბილისის მთავრობის სხდომაზე (16.10..2024). სრულად
дата:  524

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის.

„2023 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დაიწყო სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე, პროექტი ეხება შემდეგ სისტემურ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში ჩართულია. 15 000-მდე განაცხადი იყო შემოსული, რადგან ეს პრობლემა ბევრ ადამიანს წლებია აქვს და ვერ ირეგისტრირებენ საკუთარ მიწას. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მოხდა მიწების იდენტიფიცირება, ისტორიის შესწავლა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 5 464 ოჯახის განაცხადი დაკმაყოფილდება.

„პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4 264 ჰექტარს, საიდანაც დაურეგისტრირებელია, დაახლოებით, 757 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ეხება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 5 464 ოჯახს დაუკმაყოფილდება განაცხადი. მინდა, მივულოცო მათ. ეს არეალები მოქცეულია სოფელი დიღმის, დიდგორის, ძველი ვეძისის, კვესეთისა და ბეთანიის სისტემურ არეალში“, - აღნიშნა თბილისმა მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა.

„რეკრეაციული პროექტები ჩვენი ქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის შესახებ. ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 40 მილიონი ლარია. გულწრფელად გეტყვით, როდესაც პირველად აღნიშნული სივრცის სანახავად მივედით, დაგვხვდა უმძიმესი მდგომარეობა, იყო ჭაობი, ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი. პირველ რიგში, რაც გაკეთდა, იყო 250 000 კუბამდე დაჭაობებული მიწის მოჭრა და გატანა, აღნიშნული არეალი კი ნოყიერი მიწით შეივსო. დღეს უკვე ტერიტორია გვაქვს მოწესრიგებული, განათებული, ყოველგვარი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, გამწვანებული რეკრეაციული სივრცე, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სკეიტ პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები.

„გარდა ამისა, მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ არსებულ სხვადასხვა მიკრორაიონს ერთმანეთთან აკავშირებს. პარკის ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად, რომელსაც საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და დაირგო 75 000 სხვადასხვა სახეობის ნერგი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნის ღონისძიება 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე იგეგმება, საღამოს მუსიკალურად ჯგუფი „მგზავრები“ გააფორმებს.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა დასრულებულია. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ცენტრი ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

„ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დედაქალაქში. ამ მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ყველა რაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სერვისზე. გასულ კვირას მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გავხსენით მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პირველი ფილიალი. ისტორიულად აქ არსებობდა სპორტული სივრცე, რომლის დემონტაჟი მოგვიწია. ფაქტობრივად, ახალი პროექტი განვახორციელეთ, სადაც განთავსებულია საკალათბურთო მოედანი, ფიტნეს სივრცე, ფრენბურთისთვის განკუთვნილი არეალი თავისი საშხაპეებითა და გასახდელებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დიდ დიღომში არსებულ მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები. ასევე, შენობაში განთავსდება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მასშტაბური პროექტი. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. კიდევ ერთი პროექტი - მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, სამგორის რაიონში მიმდინარეობს, სადაც ძალიან მალე დავასრულებთ სამუშაოებს. მომდევნო დღეების განმავლობაში, დიდი დიღმის სპორტულ ცენტრში ადგილზე მისვლის და დათვალიერების საშუალება გვექნება. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს პროგრამა 60+ ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, მსგავს ცენტრებში, გარკვეულ საათებში ინფრასტრუქტურა უფასოდ გამოიყენონ. სპორტული ცხოვრება ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати