USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებები თბილისის მთავრობის სხდომაზე (13.11.2024)
Date:  99

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ქართველ ფეხბურთელებს საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩში წარმატება უსურვა.

მისი თქმით, ქართველი გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩის ნახვას 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღო, ვინაიდან ბათუმის სტადიონის ტევადობა ყველა გულშემატკივრის მასპინძლობის საშუალებას არ იძლევა.

„16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა. როგორც იცით, აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ბათუმში. ძალიან ბევრ გულშემატკივარს აქვს მატჩზე დასწრების სურვილი, თუმცა სტადიონის ტევადობა ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ იძლევა. როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შესაძლებლობა, უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მობრძანდით, აღნიშნული სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებული იქნება. განთავსდება დიდი ეკრანი, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

კახა კალაძის თქმით, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

„სპორტის სასახლე უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია. იგი ისტორიულად იყო სპორტული, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი არენა. სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია „ლოჯიკ გრუპისთვის“. სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს განახლება-რეაბილიტაციას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და აღნიშნული სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა.

„დღეს რაც ხდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე ვითარებაა, შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს განახლებას. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე; კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები; ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას; მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, განხორციელებული სამუშაოები შესაძლებლობას მისცემს ობიექტს, უმასპინძლოს, როგორც სპორტულ, ისე სხვა კულტურულ თუ სოციალურ ღონისძიებებს და ჰქონდეს მრავალფუნქციური დატვირთვა.

„ეს პროექტი სპორტის სასახლეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ხელმისაწვდომი გახდება უნიკალური სარეკრეაციო და სპორტული სივრცე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედების თარიღმა 2026 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია.

თბილისის მერის თქმით, პანდემიის გამო რამდენიმე წლით გადავადებული რეგლამენტის ამოქმედების ახალი თარიღის განსაზღვრასთან ერთად, შესაბამისმა სამსახურებმა   ერთი წლის განმავლობაში ამ საქმიანობით დაკავებული მეწარმე-სუბიექტების ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმირება უნდა უზრუნველყონ.

„2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დაამტკიცა ახალი დადგენილება - მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესი. აღნიშნული წესის შესაბამისად გაიწერა რეგლამენტი, კერძოდ, ის არეალები, სადაც მსგავსი ტიპის საქმიანობა, პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია საერთოდ დაუშვებელია. ასევე, იქ, სადაც ეს დაშვებულია, განისაზღვრა ტექნიკური რეგლამენტი, იმისთვის, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანსაღი ცხოვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, ამ წესს პირველი იანვრიდან უწევს ამოქმედება, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკური სექტორი მზად არ არის, თუმცა მას განუსაზღვრელი დროით ვერ გადავავადებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში აქტიური ჩართულობა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ასევე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციისა და გამგეობების წარმომადგენლებს დაავალა.

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს, მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე გამგეობებს, ჩაერთონ ამ საკითხის გადაწყვეტაში. განსაზღვრეთ აღნიშნული წესის რეალურად ამოქმედების თარიღი, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ეს უნდა იყოს 2026 წლის პირველი იანვარი. მომდევნო ერთი წელი მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ინფორმაციულად მიიღონ ყველა სიახლე და გადაწყვეტილება, თუ როგორი სივრცეებია საჭირო, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განთავსება, იქ, სადაც დასაშვებია, ხოლო სადაც პრობლემას წარმოადგენს, იქ მსგავსი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ახალ რეგულაციასთან მეწარმე-სუბიექტების ადაპტირების მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა უზრუნველყოს.

„მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთჩამოთვლილი საქმიანობით, რათა ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და შევატყობინოთ, ვის რა ღონისძიებების გატარება უწევს. ამისთვის უნდა განვუსაზღვროთ გონივრული ვადა. მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დასრულდება, საზოგადოებას ვაცნობოთ, რა სამუშაოები ჩატარდა და როდის ამოქმედდება ეს დადგენილება. მომდევნო ერთი წელი საკმარისი იქნება და თუ რამე დამატებითი ჩართულობა იქნება საჭირო, მზად ვართ, ყველა მეწარმეს გვერდით დავუდგეთ, დავეხმაროთ და გავაკეთოთ ისე, როგორც სწორია. არის შემთხვევები, როდესაც მეორადი საბურავები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებშია განთავსებული, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ყველანაირი თვალსაზრისით. ამიტომ, გარკვეული საფრთხეები რომ ავიცილოთ თავიდან, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ივერთუბნის დასახლებაში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა სრულად მოწესრიგდა.

მისი თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გარდა, ივერთუბანში ყველა ქუჩაზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები და მოეწყო რეკრეაციული სივრცეც.

„აღსანიშნავია, რომ ივერთუბანში საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებას და პროექტის განხორციელება 2022 წელს დავიწყეთ. თავდაპირველად, წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში, 32 ქუჩაზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რომელზეც 1 000-მდე ოჯახი დაერთდა. ასევე, ახლახან დასრულდა საგზაო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ხერხეულიძეების ქუჩასთან, 6 400 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში განხორციელებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობამ განახორციელა, ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში სკვერის რეაბილიტაციაა. სამუშაოები, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა.

თბილისის მერის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა. შესაძლოა, ზოგან უფრო დიდი პროექტი განვახორციელოთ, ზოგან ცოტა პატარა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ყველა სივრცე ავითვისოთ, გავამწვანოთ, რათა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ ადგილები, სადაც დაისვენებენ, განიტვირთებიან, ივარჯიშებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რაიონში უბნების დონემდე ჩავალთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ინფორმაცია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებითაც მიაწოდა. კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს.

„გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. მან ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე კი მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. გიორგი პაპავა პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, მანამდე იკავებდა შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში და ა.შ., სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ის არის კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი. ვფიქრობთ, ახალ პოზიციაზე ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს და მისი საქმიანობა იქნება წარმატებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ გამართული მუშაობა ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას, იგი დაიკავა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა. იგი ბიზნეს ტექნოლოგიების მაგისტრია. აქვს თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის გამოცდილებაც, რადგან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ვფიქრობ, ის წარმატებით გაართმევს თავს ამ თანამდებობას. მინდა, გულწრფელად გისურვოთ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამსახურის სწორად და გამართულად მუშაობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way