USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე
Date:  580

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს, გრძელდება.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია 3 049 ოჯახი, რომელთა რიცხვს დღეს კიდევ სამი ოჯახი შეემატება.

„საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა 2017 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, როდესაც 2017 წელს ვატარებდით საარჩევნო კამპანიას და ვხვდებოდით მოსახლეობას. ჩვენ მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი გვხვდებოდა ამ პრობლემით. იმ დროიდან დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, შევიმუშავეთ კონკრეტული ხედვა და როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, დავიწყეთ მისი განხორციელება. დღევანდელი მონაცემებით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია 3 049 ოჯახი. ეს არის ის შენობა-ნაგებობები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ამ ფართებში ათეული წლებია, ცხოვრობდნენ ოჯახები და ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ სამ ოჯახს დაურეგისტრირდება ნაძალადევის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში.

დედაქალაქის მერმა მოუწოდა ამ პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ მათივე რაიონულ გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა წარსადგენი იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში ოფიციალურად გადაეცეთ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

კახა კალაძის თქმით, დაახლოებით, ერთ თვეში მძღოლებს საშუალება ექნებათ, ბაგებიდან უმოკლესი გზით - ახალი ხიდისა და გვირაბის გამოყენებით გადაადგილდნენ.

„სამუშაოების პირველი ნაწილი იყო საავტომობილო ხიდის პროექტი, რომელიც დასრულებულია და დღეს უამრავი ადამიანი იყენებს ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადასაადგილებლად. მეორე ეტაპი კი იყო უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირება გვირაბით. ეს სამუშაოები გასულ წელს დავიწყებთ და, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. შესაბამისად, მძღოლებს ბაგებიდან უმოკლესი გზით, ახალი ხიდისა და გვირაბის საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გადავანაწილოთ სატრანსპორტო ნაკადები და ის დიდი დატვირთვა, რაც უნივერსიტეტის ქუჩაზე მოდის, მოიხსნას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღეის მდგომარეობით, გვირაბის კონსტრუქციის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გასასვლელის პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემა. პარალელურად, დაწყებულია მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართოვდება გზა, რისთვისაც საჭირო გახდა იქ არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი იმისთვის, რომ ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიდ დიღომში მეორე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.

მისი თქმით, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ორ ჰექტარ ფართობზე არსებული შუა გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს, ამჯერად კი მსგავსი ტიპის სამუშაოები დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ, ერთ ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

„აღნიშნული პროექტი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია. ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, დაირგვება ხე-მცენარეები, გაკეთდება სარწყავი სისტემა, დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით, განთავსდება საპარკო ინფრასტრუქტურა. დიდ დიღომს ძალიან სჭირდება რეკრეაციული სივრცეები. ეს არის ტერიტორია, რომელიც სწრაფად ვითარდება, უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს და შესაბამისად, რეკრეაციული სივრცეების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას იწყებს საბურთალოს რაიონის გამგეობაც. 12 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები შშმ პირთათვის, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე შენარჩუნდება არსებული გამწვანება და დაემატება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნები განახლდება.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს გლდანის რაიონში აწყობს. შესაბამისი სამუშაოები N28-33 კორპუსების მიმდებარედ, 3 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

„რეკრეაციული სივრცე ეწყობა გლდანის რაიონშიც. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის მე-8 მიკრორაიონში, N28-33 კორპუსების მიმდებარედ, შესაბამის სამუშაოებს 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. 8 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე უკვე მოეწყო, ხოლო დარჩენილ 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკო ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა ყოფილ მოადგილეს, კახა გულედანს, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, მუნიციპალიტეტის მერიაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მინდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო ჩემ აწ უკვე ყოფილ მოადგილეს, კახა გულედანს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე წარადგინა. კახა არის უაღრესად კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანი, თავისი საქმის მცოდნე. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და იმ საქმეებისთვის, რაც ჩვენ ერთად ვაწარმოვეთ. ის წლების განმავლობაში იყო სამგორის რაიონის გამგებელი, შემდეგ უკვე ჩემი მოადგილე. მას ჩვენს უწყებაში ბევრი კარგი გაკეთებული საქმე აქვს, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებული ოჯახების პრობლემების მოგვარება. კახას ჩართულობითა და უშუალო მონაწილეობით, უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. მადლობა ამ ყველაფრისთვის და წარმატებები ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 
08 აპრილი 2025
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way