USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე
дата:  513

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს არაერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის, სრულად განახლდება რუსთაველის გამზირი.

მისი თქმით, ყველა მსხვილი პროექტის განხორციელებისას, პირველ რიგში, სრულად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.

„როგორც იცით, ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია საფარის დაზიანების, გზის ჩავარდნის შემთხვევები, სწორედ იმის გამო, რომ მიწისქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, დავიწყებთ მაისში და ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირი მთლიანად შეიცვლება, მოწესრიგდება როგორც გზის საფარი, ისე ისტორიული შენობა-ნაგებობები.

„გამზირი რადიკალურად შეიცვლება, იქნება ახალი დიზაინი, კომფორტული და, რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, პროექტი იქნება ძალიან ლამაზი და ეფექტური. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ვგეგმავთ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასაც. შენობების დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ამ ძეგლების რეაბილიტაცია, რაც რამდენიმეწლიანი პროექტი იქნება, რადგან გვინდა რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ ფასადების, არამედ მთლიანად შენობების გამაგრება და მოწესრიგება“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ტროტუარი, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. ასევე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ვაკის რაიონში კიდევ ორი, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩები მოწესრიგდება, სადაც ფუნდამენტური სამუშაოები ჩატარდება. პროექტი ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

ამასთანავე, კახა კალაძის ინფორმაციით, გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება სამგორის რაიონში ორი მიმდინარე პროექტი - გახოკიძისა და ემირ ბურჯანაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ასევე, საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება.

მიმდინარე პროექტებზე საუბრისას, მერმა გამოყო ასევე გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც გზა ფართოვდება და სავალი ნაწილის კაპიტალური სამუშაოები ხორციელდება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აგვისტოს ბოლომდე დასრულდება ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების მიმდინარე სამუშაოები, რის შემდეგაც გადაადგილება ამ მიმართულებით უსაფრთხო გახდება.

„წელს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი დასრულდება. ეს გახლავთ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. სამუშაოები ინტენსიურ ფაზაშია და აპრილის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ეს პროექტი საავტომობილო ნაკადების გადამისამართებას და კვანძების განტვირთვას გახდის შესაძლებელს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი - www.tgservice.ge შეიქმნა. ახალი მომსახურების მიღება მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი - ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარი იქნება.

„ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია - „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს ახალი მომსახურება მიზერულ ფასად, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ გჭირდებათ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე, მწვანე ნარჩენის გატანა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ახალი სერვისით. ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე - www.tgservice.ge და შეავსოთ მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“ ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური მხოლოდ 9 ლარია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომერციული პროექტი.

„მომსახურება მიზნად ისახავს, მოსახლეობას გავუმარტივოთ კონკრეტული სახის ნარჩენების გატანა. თბილისში კონკრეტულ ადგილებში შეიძლება შეგხვდეთ ნაგვის ურნებთან დალაგებული ავეჯი, საბურავები, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ამიტომ გთავაზობთ ამ სერვისს, რაც უფრო კომფორტულია. ერთად გავუფრთხილდეთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განხორციელდება.

„გლდანის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. საუბარია ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე. ამ ადგილას მოსახლეობასთან შეთანხმებით, იხსნება უკანონო შემოღობვები და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. რაც გაკეთდება, ამ ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში, თქვენ და თქვენი შვილები გამოიყენებთ. მოეწყობა ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე. ყველაფერი მოეწყობა ჩვენი მიდგომის შესაბამისად: სკვერში იქნება მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი სკვერი, რომელიც საბურთალოს რაიონში ეწყობა, პეკინის გამზირის N33, N35, N37 და N39ა კორპუსების მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცეა.

„ტერიტორია დიდი არ არის, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარია. შესაძლებლობის ფარგლებში, ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა და განახლდება. პროექტის მიხედვით, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, განათების ქსელი. მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის N34-თან. შესაბამისი სამუშაოები 5 300 კვ.მ ფართობზე განხორციელდება.

„შესრულდება გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყობა სარწყავი და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ტენდერი უკვე დასრულდა და მიმდინარეობს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, რაიონის გამგეობა ნინო წერეთლის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე შეცვალა.

19 თებერვალი 2025
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати