USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  537

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი კიდევ ერთხელ შეაფასა.

მისი თქმით, იმ მასშტაბის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“ საქართველოში გეგმავს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს ყოფილა.

„ორი დღის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლის ფარგლებში, გვქონდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. შეხვედრა გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, იყო ბიზნესშეხვედრებიც. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა - საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“ (Emaar Group), რომელიც მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის პროექტებს თბილისსა და აჭარაში განახორციელებს. მაგალითად, დუბაიში, აბუ დაბიში ყველა ძირითადი შენობა, ცათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია საქართველოში, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის უცხოურ ინვესტიციას განახორციელებს სხვადასხვა დეველოპერულ პროექტში.

„ინვესტიციები განხორციელდება თბილისსა და აჭარაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, იმით, რომ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის და ამხელა ინვესტიცია კონკრეტულად ერთ პროექტში არასდროს განხორციელებულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ისე, როგორც დედაქალაქის მერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „თბილისის განვითარების ფონდმა“ ფიროსმანის ქუჩა N29-ში არსებული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შენობა ისტორიული ძეგლია, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება.

„თბილისის განვითარების ფონდმა“ ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩა N29-ში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმიც მდებარეობს. შენობა, რომლის ფასადმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. არქიტექტურული თვალსაზრისით, ნაგებობა ეკლექტიკური სტილის მატარებელია და მხატვრული გამომსახველობითა და პროპორციებით, ქუჩას ორგანულად ერწყმის.

პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განხორციელდება: საძირკვლისა და კედლების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები; ფასადების აღდგენა-მოწესრიგება მათი პირვანდელი სახით; ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება. ეზოს ნაწილში არსებული ამორტიზებული და დაზიანებული ხის დეკორატიული ელემენტებისა და შუშაბანდების პირვანდელი სახით აღდგენა მოხდება. ასევე, იგეგმება კომუნიკაციების, წყლისა და წყალარინების ქსელების, ელექტროსადენების მოწესრიგება, როგორც მიწის ქვეშ, ისე მიწის ზემოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სხდომის მიმდინარეობისას წარმოადგინა შენობა-ნაგებობის ამსახველი ვიზუალური მასალა. მისივე თქმით, სამუშაოების შესრულებას 18 თვე დასჭირდება.

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 53 ბენეფიციარს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება და მათი უძრავი ქონების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს მათ ბალანსზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დაავალა.

მისივე თქმით, 12 სპეციალიზებული ლიფტიდან, ამ დროისთვის, რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული.

„დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაყენებული გვაქვს 12 სპეციალიზებული ლიფტი, რომელიც შშმ პირებს ემსახურება. ამ 12 ლიფტიდან რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული. რეაბილიტირდება აღნიშნული ლიფტები და რამდენიმე დღეში მათ კვლავ მიზნობრივად აზიანებენ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობასთან. მინდა, კიდევ ერთხელ დავავალო მათ, რომ ქალაქში ყველა მსგავსი ლიფტი იყოს განახლებული და მოწესრიგებული. 12-ვე ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს გამართულად. მოვიფიქროთ, შეიძლება, სამეთვალყურეო კამერები დავაყენოთ, რომ მისი დაზიანება ვერ შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე მოსახლეობას სთხოვა, არსებულ ინფრასტრუქტურას მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაასრულა. პროექტის შედეგად, რომელიც 7 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, აღნიშნული ტერიტორია მთლიანად განახლდა.

„დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, მე-6 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, განახლდა 7 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები; დაირგო ხე-მცენარეები. მთლიანად განახლებულია აღნიშნული ტერიტორია და შექმნილია სასიამოვნო გარემო. ჩვენ ზოგადად მწვანე სივრცეების შექმნას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ეს ეხება არა მხოლოდ დიდ პარკებს, არამედ ყველა საუბნო სკვერს. სადაც შესაძლებელია მსგავსი სივრცეების შექმნა, ჩვენი გამგეობები და საქალაქო სამსახურები ყველგან შესაბამის პროექტს ახორციელებენ. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული სივრცეების მოწყობას, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. თბილისს ამ მხრივ დიდი შესაძლებლობები გააჩნია. ჩვენ არ გავჩერდებით და მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

29 იანვარი 2025

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.