USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე
Date:  378

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება.

მისივე თქმით, რეორგანიზაცია გაცილებით ადრე გამოცხადდა და მისი გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„მინდა, შევეხო დედაქალაქის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საკითხს. მოვისმინეთ ბევრი არასწორი შეფასება პოლიტიკურ ჭრილში. თუ ადამიანი აიღებს და ნახავს თარიღს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, აშკარად დარწმუნდება, რომ ეს არანაირ კავშირში არაა იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეებში ხდება. გაცილებით ადრე გამოცხადდა რეორგანიზაცია. ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია-სამსახურების ოპტიმიზაცია. შესაბამისად, ახლაც დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე. მოვისმინეთ ბევრი შეფასება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის, მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, არასწორი ინფორმაციები გავრცელდა უწყების თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის საკითხზეც.

„გუშინ მოვისმინეთ შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ვიყენებთ პრემიების გაცემა-არგაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც არის ტყუილი. 2017 წლიდან ვარ თბილისის მერი. ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაც დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულებების გამო ან ვიღაცის მიმართ გვქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში თავისი შეხედულებების გამო. ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით.

რაც შეეხება პრემიას, მას კანონმდებლობა განსაზღვრავს. ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის. შემდეგ მისივე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რაც კანონით გათვალისწინებულია. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე დაგვეჩაგრა, ვინმეს მიმართ გვქონოდა უსამართლო დამოკიდებულება, თუმცა ასევე ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს - იცით, რომ გავრცელდა პეტიცია, სადაც ჩვენი 200-ზე ცოტა მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების დაშანტაჟება, ბულინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება, რომ რაღაცას ხელი მოაწეროს ან არ მოაწეროს. ეს ქმნის ძალიან არაჯანსაღ სიტუაციას სამსახურებში. შესაბამისად, პრემიებთან დაკავშირებით ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში, არავის დავსჯით რაღაც შეხედულებების გამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ნაძალადევის რაიონში, ლაითურის ქუჩაზე, თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო. საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400 აღსაზრდელს მოემსახურება.

„ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. ეს არის N43 საბავშვო ბაღი, რომლის ძველი შენობის დემონტაჟი განვახორციელეთ და ახალი პროექტი დავიწყეთ. აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები დროებით სხვა ბაღში გადავიყვანეთ. მომავალი წლისთვის პროექტი დასრულებული იქნება და პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, ბაღის ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საბავშვო ბაღი იყოს მოწესრიგებული, რეაბილიტირებული, განახლებული; იყოს სისუფთავე, გამართული ინფრასტრუქტურა და ყველანაირი პირობა პატარებისთვის. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გასულ წლებში 15 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდა, მათ ადგილას კი ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მივცეთ სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს.

მისივე თქმით, პროექტს თბილისის განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს. მსგავსი პროექტი ბოლოს 2016 წელს განხორციელდა, რის შედეგადაც მოხდა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, კონკრეტული გეგმის დადება და ეტაპობრივად მისი განხორციელება. პროექტს, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, თბილისის განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მასში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტები არიან ჩართული. ჩატარდება გამოკითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება გადაადგილების ჩვევების ანალიზში, მობილობის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ აუცილებლად მიიღონ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა, რაც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მარშრუტებს, ვუყურებთ, სად არის გამოწვევები, თუმცა, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტისთვის და სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი იწყება თქვენი მონაწილეობით. ამიტომ გთხოვთ, მიიღოთ კვლევაში მონაწილეობა, რათა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ვიცოდეთ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში და ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს. ქალაქი იზრდება, ემატება ახალი უბნები, ქუჩები, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში კვლავ გრძელდება კომერციული ობიექტების მიერ ნარჩენების კონტეინერებში და მიმდებარედ, მათივე საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის განთავსება. ძირითადად ესენია დაუშლელ მდგომარეობაში მუყაოს ყუთები და სხვა შეფუთვის ნარჩენი, ავტომობილის მეორადი ნაწილები, ზეთები, სხვადასხვა საწარმოო ნარჩენი და ჩამოწერილი პროდუქტი. ამ ყველაფრის ურნებში და მიმდებარედ განთავსება აკრძალულია და კანონის შესაბამისად, ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, დიდი სუპერმარკეტებისა და კომპანიების ნაწილი კვლავ არღვევს დადგენილ წესს.

„თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილია დედაქალაქში ნარჩენების მართვის წესი, რომლის დარღვევაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა სასურსათო ობიექტს და თითოეულ სააფთიაქო ქსელს, მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ ნარჩენი და ნუ დააბინძურებენ გარემოს, ითანამშრომლონ „თბილსერვის ჯგუფთან“. ჩვენ გვაქვს სპეციალური სერვისი, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და ყველანაირად დაგეხმარებით, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ვხედავთ კონკრეტულ ადგილებში. ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანები ხართ, გიყვართ ჩვენი ქალაქი და ერთად ვიზრუნოთ მასზე. ითანამშრომლეთ „თბილსერვის ჯგუფთან“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე განაცხადა, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობა ლეონიძის ქ. N11ა-ში არსებული სკვერის, ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაციას იწყებს.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნის, მიღწეული შეთანხმების შედეგად კი, იგი მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.

„წლების განმავლობაში, ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის მიუხედავად, სკვერი სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა. მივაღწიეთ შეთანხმებას და აღნიშნული ტერიტორია გადმოეცემა მუნიციპალიტეტს, სკვერს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ტერიტორიის დაბრუნება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და როგორც გითხარით, პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სკვერი სრულად განახლდება და მოწესრიგდება, მომავალ წელს დასრულდება.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way