USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე - 19.03.2025
дата:  1072

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული ტერიტორია კეთილმოეწყობა.

მისი თქმით, აღნიშნულ სივრცეს კურიერები დასასვენებლად გამოიყენებენ, ვინაიდან მათ დამღლელი სამუშაო აქვთ და მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში უწევთ ყოფნა.

„ვაკის რაიონში, სადაც ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომელიც ბაგებსა და უნივერსიტეტის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს, ყოველდღე ხდება კურიერების შეკრება. მათ საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოძრაობენ. ეს არის ადგილი, სადაც ისინი იკრიბებიან, იღებენ შეკვეთებს და ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, იქვე არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე მოვაწყოთ გადახურული და კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც ამ ახალგაზრდებს ნორმალური პირობები ექნებათ. შესაძლოა, დაიდგას მოსასვენებელი სკამები, რათა კურიერები ქუჩაში არ იდგნენ. საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ეს ჩვენი მხრიდან მცირე ხელშეწყობა იქნება. მხედველობაში მაქვს ჯებირებს მიღმა, შიდა სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერია „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელებას მიმდინარე წელსაც განაგრძობს.

„ჩვენს ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. ვეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა. ამიტომ მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით. ეს არის „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ. პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს. პროგრამით ერთ მოქალაქეს 6 000 ლარი უფინანსდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მომსახურების მისაღებად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს.

თბილისის მერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მაშინ სამედიცინო დაწესებულების მიერ, მოთხოვნის მოდულში ატვირთვის შემდეგ, მან ან მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა შემოიტანოს ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან.

„ჩვენ, პროგრამის დაწყებიდან, 2023 წლის სექტემბრიდან დღემდე, 812 შემთხვევა დავაფინანსეთ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატოთ მზადყოფნა და თანადგომა იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, ვისაც აღნიშნული საჭიროება აქვს. შეგიძლიათ, ისარგებლოთ აღნიშნული პროგრამით და მუნიციპალიტეტი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. მაქსიმალურად დაგეხმარებით, რომ არსებული პრობლემა იყოს მოგვარებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.    

გარდა ამისა, კახა კალაძემ ყურადღება სატრანსპორტო პოლიტიკაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, უახლოეს მომავალში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაციას გეგმავს.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტი ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად.

„პროექტის ფარგლებში, გზაჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად, დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა, შუქნიშნით დარეგულირდება. გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტო და ქვეითების ნაკადების ეფექტურ მართვას, რაც საბოლოო ჯამში, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად, დაგეგმილია „ჭკვიანი“ შუქნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დასრულდება, ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას და გაზრდის გამტარუნარიანობას.

ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა. მათ შორისაა, სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა.

„თბილისში საცობები სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს. ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის პარალელურად, მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია, საავტობუსო ზოლები გავაკეთოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს. ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ სადაც კვლევების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, ყველგან ვაკეთებთ. გარდა ამისა, იქმნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები; სადაც შესაძლებელია, ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია, აჩქარდეს.

მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების არაერთ სქემას. უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზე მოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპირო მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც, გზაჯვარედინის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. დაიხაზა ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, შეიცვალა შუქნიშნის მაჩვენებლები, ტერიტორიას დაემატა საავტომობილო ზოლებიც.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

„დედაქალაქისთვის ავარიული სახლების არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ წამოვიწყეთ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე კორპუსებით. როდესაც გავაკეთეთ მოკვლევა რაიონების მიხედვით, 10 ათასამდე ასეთი შენობა-ნაგებობა დაფიქსირდა. ცხადია, ყველას მინიჭებული აქვს ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია, თუმცა პრობლემა სერიოზულია. შედეგად, ჩვენ ვიმუშავეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ არა მხოლოდ ხედვა, არამედ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე მოხდეს მათი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება. მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი თანხის გადახდა. პირველივე დღიდან, როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, მოქალაქეები გაგვყავს ქირით, გამარჯვებული კომპანია ახორციელებს ავარიული შენობის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს გადასცემს მოქალაქეებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მეშვიდე კვარტალში, N12 კორპუსი თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ახალ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცა.

„რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამ მისამართზე. კერძოდ, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩა N18-ში, სადაც არსებული სამსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა; მეორე პროექტია საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ოთხსართულიანი ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად, რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინა 19 ოჯახს გადაეცემა; სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში. დემონტაჟი ჩაუტარდება მეოთხე კვარტალში მდებარე N6 კორპუსს და ოთხსართულიანი შენობის ადგილზე, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, ორგანიზაცია ყოველწლიურად 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიული საკითხების გადაჭრაში, გასულ წელს კი მათ, მოქალაქეების სასიკეთოდ, 700-მდე საქმე მოიგეს.

„მინდა, თბილისის მოსახლეობას შევახსენო, რომ თქვენს სამსახურშია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევთ იურიდიულ დახმარებას სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ სამართალში. „ჩემი ადვოკატი“ ეხმარება მოქალაქეებს სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე, ახორციელებს წარმომადგენლობას, როგორც სასამართლო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიული საკითხების გადაჭრაში. გასულ წელს მათ 700-მდე საქმე მოიგეს. ამ სერვისის მიღება შეგიძლიათ თბილისის ათივე რაიონში, გამგეობების სერვისცენტრებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეთა მომსახურების გარდა, „ჩემი ადვოკატი“ ეხმარება სტუდენტებს, გაიარონ სამართლებრივი პრაქტიკა.

„ორგანიზაცია თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთა სტუდენტები აქ პრაქტიკულ, საადვოკატო საქმიანობას ეწევიან და ტრენერ-ადვოკატების დახმარებით, თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати