USD 2.6920
EUR 3.1499
RUB 3.5906
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 29 აპრილის თბილისის მთავრობის სხდომაზე
Date:  58

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება იწყება.

მისი თქმით, უფასო სკრინინგი ჩაუტარდენა დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.

„ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროექტების საშუალებით არაერთ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარეთ. თბილისის მერია ამჯერად ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა პირველი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება და მას „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სკრინინგის პროგრამის დეტალები, მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა. ასევე, შეირჩა წამყვანი კლინიკები და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

„სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით, კონფერენცია გაიმართება. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად, თბილისის მერიამ წამყვანი კლინიკები შეარჩია, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტების და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფილტვის კიბო, ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70%-მდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2029-ის საქართველოში ჩატარება მიულოცა.

„გილოცავთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს უმასპინძლებს. ჩვენთან ერთად მასპინძელი ქვეყანა სომხეთი იქნება. მსოფლიო დონის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა უდიდეს პატივთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ფიფა-ს მხარდაჭერისთვის. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს ძალისხმევას წევს სპორტის მიმართულებით, მათ შორის ფეხბურთის განვითარებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ქალაქებსა და რაიონებში.

თბილისში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ჩვენც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. შეიქმნა ახალი საფეხბურთო სკოლები, რაც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის. სამომავლოდაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და ბევრი მსგავსი სპორტული კომპლექსი შეიქმნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის IV მიკრორაიონის N42 კორპუსის მიმდებარედ სკვერს მოაწყობს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 315 000 ლარია გამოყოფილი.

„ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, საქანელა სკამები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, დასასვენებელი სივრცის განახლება დაიწყო ვაკეში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ სკვერში ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამოიცვლება.

„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკო ავეჯი, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, სავალი ბილიკები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ე.წ. სამკუთხედი ბაღის მიმდებარედ, ანდრია წიკლაურის ქუჩაზე, 4 000 კვ.მ ფართობზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

„სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური. მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა, პროექტის განხორციელება კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული ქუჩა სრულად განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება დიდ დიღომშიც. კერძოდ, საბურთალოს რაიონის გამგეობა ბაგრატ III-ის ქუჩის რეაბილიტაციას ატარებს. პროექტის დასრულების შემდეგ 213-ე და 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღებამდე მისასვლელი კიდევ ერთი ალტერნატიული მოწესრიგებული გზა იქნება.

„პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და 3 000 კვმ. ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში როსტევანის ქუჩაც რეაბილიტირდება.

„სამუშაოების ფარგლებში, გაზისა და წყლის მილები მიწის ქვეშ განთავსდება. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ასევე, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way