თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია.
მისი თქმით, ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. მანვე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
„თბილისის მერია ემზადება შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის. ქალაქში უკვე აქტიურიად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება. წელსაც მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებსა და ბიზნეს სექტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი გამოიყოფა, საავტომობილო ზოლების რაოდენობა კი უცვლელი დარჩება.
„სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.
„პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დაუყონებლივ ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ შენობას ავარიულობის მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.
„ჩვენ გაკეთებული გვაქვს მოკვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით. დეტალურად ვიცით, სად რა მდგომარეობაა. არ არის დარჩენილი არც ერთი კორპუსი, სადაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები, გამგეობები არ ყოფილიყვნენ მისულები და არ შეგვეთავაზებინა პროგრამაში ჩართულობა, ასევე, იქ მცხოვრები ოჯახების ქირით უზრუნველყოფა. თავიდან იყო გარკვეული დაბრკოლებები. შესაბამისი მასშტაბით ვერ ვახორციელებდით სამუშაოებს, რადგან მოსახლეობა ნაკლებად გვთანხმდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველი პროექტები განხორციელდა, საზოგადოებამ დაინახა და დაიჯერა, რომ ჩვენ მათთვის სასიკეთო საქმე ვაკეთებთ და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად, რომლებიც სიცოცხლისთვისაც კი საშიშია, მათ ახალ, გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ, მანამდე კი დროებით ქირით უზრუნველვყოფთ. დღეს ეს პროგრამა უკვე წარმატებით მიმდინარებს, ბევრი ავარიული კორპუსია ჩართული და იმედი გვაქვს, ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება”, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე შენობას, დასრულებულია ექსპერტიზის კვლევა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია.
„დღეს ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის საკითხს განვიხილავთ. აღნიშნულ შენობას მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგებობა უკვე აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კორპუსის ჩანაცვლების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს. ასევე, დასრულებულია ექსპერტიზის კვლევა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია და მისი დაუყოვნებელი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჩანაცვლების პროგრამა ორი მიმართულებით ხორციელდება - პირველი, როდესაც მუნიციპალიტეტი უშუალოდ არის თანამონაწილე და მეორე, კერძო ინვესტორი ახორციელებს სამუშაოებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივებთან.
მისივე თქმით, მოცემულ შემთხვევაში, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც განახორციელებს როგორც ძველი კორპუსის დემონტაჟს, ისე ახალი, თანამედროვე, სტანდარტებს შესაბამისი საცხოვრებელ სახლის მშენებლობას.
მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 39 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ბინის ქირით, იმ ვადამდე, რაც ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და გარემონტებას დასჭირდება.
გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ, 11 ჰექტარზე ტყის საფარის აღდგენას ახორციელებს, სადაც, დაახლოებით, 11 000 ნერგი დაირგვება.
დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არამხოლოდ რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე ზრუნავს, არამედ დიდ ყურადღებას უთმობს ქალაქის გარშემო არსებული ტყეების მოვლა-პატრონობასა და აღდგენას, რომლებიც ქალაქის ტერიტორიის, დაახლოებით, 24%-ს შეადგენს.
„2018 წლიდან დღემდე სამსახური ახორციელებს ტყის გამაჯანსაღებელ და აღდგენით სამუშაოებს, რაც მოიცავს დეგრადირებულ ტერიტორიებზე ხეების დარგვას, ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს, სანიტარიულ ჭრებსა და ნახანძრალი ან დაზიანებული ზონების გაწმენდას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ არსებული 11 ჰექტარი ტერიტორიის აღდგენა, სადაც დაირგვება, დაახლოებით, 11 000 ნერგი. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 2018-2025 წლებში ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 140 ჰექტარ ფართობზე განახორციელა, რომლის მიზანიც თბილისის ტყეების შენარჩუნება და განვითარება, ქალაქის ეკოლოგიური ბალანსის დაცვაა, რასაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩვენ მსგავს საქმიანობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, რათა თბილისი მომდევნო წლებში იყოს უფრო მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
აქვე, მან მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მთაწმინდის ფერდის, ასევე, კუს ტბის მიმდებარედ არსებული ტყის საფარის აღდგენის პროექტების მხარდაჭერისთვის.
„მთაწმინდის ფერდზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მათი ჩართულობით, უშუალო მონაწილეობითა და ფინანსური დახმარებით, დაიწყო აღნიშნული ფერდის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, კუს ტბის მიმართულებით. საუბარია 700 ჰექტარ ტერიტორიაზე, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დღეიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე, მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, ვიდრე შენაძენს გააკეთებენ და ფინანსურად არ დაზარალდნენ.
„უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, კეთილსინდისიერი მყიდველები და მათი უფლებები, რომლებიც უძრავი ქონების შენაძენს აკეთებენ მშენებარე თუ ახალაშენებულ ობიექტებში. ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით, ელექტრონულად, ინტერაქტიულ რუკაზე გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე, ინსპექციის მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის გაზრდას, თუმცა ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ქმედითი ნაბიჯი აქვს უკვე გადადგმული.
„წლების წინ არსებობდა სამშენებლო კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, რომლის გადასაჭრელად არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით. დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამის ფარგლებში, ათასობით დაზარალებული მოქალაქე დავაკმაყოფილეთ. მშენებლობის მაღალი ხარისხის მისაღწევად და დარღვევების პრევენციისთვის, ასევე, გავამკაცრეთ სამშენებლო კონტროლი და ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი ზომები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდილია სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაზე მომართვიანობა და შესაბამისად მიღების მაჩვენებელიც. აღნიშნული ინივიატივაც იქნება ერთგვარი მექანიზმი, რომ გაიზარდოს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება მომავალი მესაკუთრეების წინაშე, მშენებლობის პროცესში სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და დაიცვან სანებართვო პირობები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ კუნმინში მიწისძვრის დასაფიქსირებელ მოწყობილობას ამოწმებდა, როდესაც მუშებს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.