თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისნის რაიონში, ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინიტროს ერთობლივი ძალისხმევით, მეფე ერეკლე II-ის ძეგლი განთავსდა.
მისი თქმით, ნამუშევარი ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
„1975 წელს მისი ავტორობით შემუშავებული მოდელი მოცემულ მასშტაბში ქანდაკების სახით განხორციელდა. ძეგლი სამშობლოსთვის დაუღალავ მებრძოლს ეძღვნება, რათა არასდროს მიეცეს დავიწყებას ხალხისთვის საყვარელი მეფის სახელი. ნამუშევარი სივრცეს რეკრეაციის გარდა, კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობასაც ანიჭებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კულტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, თინათინ რუხაძეს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა მოქანდაკეებს, არქიტექტორს და ყველას, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.
„უახლოეს მომავალში დაიწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს როგორც უშუალოდ ამ ქუჩების რეაბილიტაციას, ისე ტერიტორიაზე არსებული შენობების მოწესრიგებას. სამუშაოების წარმოებას უკვე ძალიან მალე დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა თბილისის განვითარების ფონდის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გაიხსნა განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გუშინ კი საზოგადოებამ იხილა რეაბილიტირებული კიდევ ერთი ისტორიული შენობა, რომელიც წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარეობს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულების მხარდაჭერას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა გვაქვს თბილისში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია, განახლება და ამ მიმართულებას ყურადღება მომდევნო წლებშიც დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მეტროს პირველი ხაზი დაგრძელდება თითო სადგურით, ორივე მიმართულებით. სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დრო, დაახლოებით, 576 საათით, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა.
„როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით, ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო. კერძოდ, ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სირგძე იქნება 1,2 კმ. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, „ჰუალინგიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 000 ადამიანი, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გლდანის მიმართულებით პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება 1.1 კმ-ით. დილის პიკის საათში ახალი სადგური მიიზიდავს 5 500 მგზავრს.
„უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 1 100-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო - თითქმის 20 წუთით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და ზოგად მისაწვდომობას, მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკომომიკური აქტივობა.
„მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურებთან, ისედაც დატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას საკადრო ცვლილებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, მან მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა.
მისი თქმით, კახა აბულაძეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში აქვს წვლილი შეტანილი.
„კახა აბულაძე 2023 ოქტომბრიდან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, იქამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. დიდია მისი წვლილი დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების განვითარების, განხორციელებული წარმატებული პროექტებისა თუ პროგრამების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კახა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„წარმატებებს ვუსურვებ კახას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის და თბილისელების სამსახურში. მომდევნო წლები ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მზად ვართ, ჩვენი შრომით და ყოველდღიური საქმიანობით, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული გავხადოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.