USD 2.6085
EUR 3.0097
RUB 3.0940
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 16 სექტემბერი თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  68

თბილისის მერიაში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის შესრულებულია დაპირება, რომელიც შეეხებოდა 15 სექტებრისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის გახსნასა და სატრანსპორტო გადაადგილების აღდგენას.

 

„რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ გამზირის მოწესრიგება და განახლება. ბევრჯერ გვითქვამს, რომ პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართულია სამუშაოებში. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს. ჩვენი დაპირება იყო, რომ 15 სექტემბრამდე ერთი გარკვეული მონაკვეთი გაკეთდებოდა და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა. ცხადია, სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. ეს დაპირება შესრულდა და დღეს ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. საუბარია ჭოველიძის ქუჩიდან ყოფილ ელბაქიძის აღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, რამაც გარკვეულწილად შეამსუბუქა ის მძიმე მდგომარეობა და დისკომფორტი, რაც გაადგილების თვალსაზრისით იყო დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით ნოემბრის ბოლომდე დარჩენილი დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხვაგვარად მსგავსი მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.

 

„ნოემბრის ბოლოს უნდა დავამთავროთ ყველაფერი. მანამდე შეზღუდვები იქნება და გადაადგილების დისკომფორტიც გვექნება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. მადლობა კიდევ ერთხელ იმ ადამიანებსა და კომპანიებს, ვინც ჩართულია სამუშაოებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.

 

„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.

 

„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება რეკრეაციულ პროექტებზეც გამახვილდა. კერძოდ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩა N3-ში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 16 ჰექტარზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

 

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცე, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, მასშტაბით დედაქალაქში სიდიდით მეორეა.

 

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დარჩენილია მცირე მასშტაბის სამუშაოები, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

„ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, რითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. უახლოეს დღეებში ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ განხორციელებულ სამუშაოებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ 2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის შედეგად, თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა, ამ ეტაპისთვის კი ვაკანტურია 8 000-ზე მეტი ადგილი.

 

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს საინტერესო სიახლეებით ხვდება. კერძოდ, მერის განცხადებით, აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღო თბილისის N168 საბავშვო ბაგა-ბაღმა.

 

„ეს გახლავთ სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე. ის 12 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ამჟამად ბაღში 150-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში გასულ არდადეგებზე სხვა ინფრასტრუქტრული პროექტებიც განხორციელდა. კერძოდ, როგორც მერმა აღნიშნა, 24 საბავშვო ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაო, როგორიცაა: ინტერიერის რემონტი, ფასადების განახლება და ეზოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

 

„სამუშაოები, რიგ შემთხვევებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ასევე იმ ბაღებში, სადაც დაწყებულია ან დაგეგმილია ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ეს პროცესი 2030 წლამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N1-ში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობის ადგილზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

 

მისივე თქმით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დეველოპერთან (შპს „მეგობრობა დიდუბე“) ერთად ითხოვეს თავიანთი ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

 

„დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ავარიული საცხოვრებელი სახლები. ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც იძლევა ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ეტაპობრივად ჩანაცვლების საშუალებას. თავიდან ნდობის თვალსაზრისითაც იყო პრობლემები, დღეს კი ამ მხრივ დიდი ინტერესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობას მეოთხე ხარისხის დაზიანების სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც იქ მცხოვრები 57 ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

„კორპუსის ავარიულობიდან გამომდინარე, ჩვენ გავცემთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, რათა მოხდეს აღნიშნული 14-სართულიანი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები და თანაც გარემონტებულ მდგომარეობაში. შედეგად, 57 ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მანვე მიმართა თბილისში მცხოვრებ აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს, პროგრამით სარგებლობისთვის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ.

 

„გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მიიღეთ მონაწილეობა ამ პროგრამების განხორციელებაში. მოგვმართეთ, მზად ვართ, რომ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისთანავე ნებისმიერი ჩანაცვლების პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია დაიწყო.

 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება.

 

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუდმივად აკვირდებიან დედაქალაქში არებულ სიტუაციას, მოძრაობის ნაკადებს, პრობლემურ მონაკვეეთებს, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ის გამოწვევები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუდმივად ქაოსური მოძრაობა იყო, შეფერხებით გადაადგილდებოდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან „სითი მოლთან“ მისასვლელი ქვეითებისთვის არ იყო მოწესრიგებული, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დაიწყო სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია. სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ცვლილების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნა, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.

 

ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების მოძრაობას კვლავ დააკვირდებიან.

 

თბილისის მერის თქმით, გადაადგილების ახალი სქემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება გაეცნობა ვიდეორგოლში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მერიის გვერდზეა განთავსებული.

 

ამასთან, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება თბილისის მერიის კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე.

 

კახა კალაძის განცხადებით, კონკურსი მეცხრე წელია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 350-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და მრავალი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა.

 

„კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და მათი რეალიზებაა. კონკურსი უკვე მეცხრე წელია ტარდება და ამ დროის განმავლობაში, 350-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა. მათ შორისაა, მულტიმედია პროექტები,   კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით და ხელოვნური ინტელექტის   გამოყენებით; გამოიცა მრავალი სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, შეიქმნა თანამედროვე ხელნაკეთობები, კერამიკისა და ტექსტილის ნამუშევრები და მრავალი სხვა. შემოდგომის სეზონზე, 16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, განაცხადები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, მან მოქალაქეებს კონკურსში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

 

მისი თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე - www.culture.tbilisi.gov.ge შეუძლიათ.

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში, ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.

 

როგორც მან აღნიშნა, კონკურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნით ცხადდება კონკურსი - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტრიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, საკონკურსო არეალის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული - https://tbilisi.gov.ge/page/3353.

 

„კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს - იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა. საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს. დეტალურ ინფორმაციას და ზუსტ საკონკურსო არეალს ნახავთ მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზე - https://tbilisi.gov.ge/page/3353“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მისივე თქმით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.

 

„დღეს დაიწყო „მობილობის ევროპული კვირეული“, რომელსაც დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და დიდი დიღმის ავტობაზას, სადაც გაეცნობიან როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მუშაობის სპეციფიკას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის