USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 13 მაისის თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  793

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია, სხვა არაერთ პროგრამასთან ერთად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 000 000 ლარია გათვალისწინებული.

მისი თქმით, პროგრამის მიზანია, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„აღნიშნული მომსახურების დაფინანსება საარჩევნო დაპირება იყო. შესაბამისად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას წელსაც ვახორციელებთ და გათვალისწინებულია ბიუჯეტში. გვინდა, მოქალაქეებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, დავეხმაროთ მის მოგვარებაში, ჩვენი ფინანსური მხადრაჭერით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მომსახურების მისაღებად საგარანტიო წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს, ხოლო პაციენტის თანაგადახდა ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება.

ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს, ხოლო თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მან ან მისმა წარმომადგენელმა, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შესაბამისი ცნობა მერიაში უნდა შემოიტანოს.

„ჩვენთვის მთავარი არის ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, მოძრაობის თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება. როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, რეალურად მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ და ყველანაირად ეხმარები, რადგან ჯანმრთელობას ეს პრობლემა გადაადგილებას ხელს უშლის. ჩვენ უყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.

მერის განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.

„პროგრამა, რომელიც 2025 წელს პირველად ამოქმედდა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა — გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებითი ღირებულების შექმნას და ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე მინიმუმ ორი წელია უწყვეტად ოპერირებს.

„უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესგეგმებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა ტექნოლოგიები და დანადგარები შეიძინონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თანადაფინანსებას განსაზღვრული პირობები აქვს, დეტალური ინფორმაცია და განაცხადის პროცედურები კი ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრა: ⁠5 000 ლარამდე — 90%; ⁠5 001-დან 20 000 ლარამდე — 85%; 20 001 ლარიდან - 30 000 ლარამდე — 80%; ⁠30 001-დან 70%“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ყურადღება რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებაზეც გაამახვილა. კერძოდ, აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანში, 3 400 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება დაიწყო.

მისი განცხადებით, საუბარია ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, ჯუმბერ ლეჟავასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის სრულად განახლებაზე, სადაც ამჟამად ვითარება კრიტიკულია.  

„ყურადღების მიღმა არ გვრჩება რეკრეაციისა და მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის საკითხი. ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით უკეთესობისკენ რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ქალაქი და ჩვენი დამოკიდებულებაც - გაჩნდა ბევრი რეკრეაციული არეალი, მოწესრიგებული პარკები და სკვერები, რაშიც აქტიურად ჩართულები არიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და რაიონული გამგეობები. ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის და ეს ტენდენცია, მიდგომა და დამოკიდებულება იქნება შენარჩუნებული მომავალშიც.   გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად ვაზისუბანში, 3 400 კვ.მ ფართობზე დაიწყო. საუბარია აღნიშნული დასახლების მე-3 მიკრორაიონში, ჯუმბერ ლეჟავასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის სრულად განახლებაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული სივრცეები; შეიცვლება ამორტიზებული საბაღო ინვენტარი; დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემები და მოეწყობა ავტომატური სარწყავი ქსელი. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება ბალახი.

კახა კალაძის განცხადებით, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო სამგორის რაიონში, ე.წ. ალექსეევკის დასახლებაში, ჟვანიასა და ბარდაველიძის ქუჩებზეც, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გარკვეული სამუშაოები უკვე ჩაატარა, ახლა კი მიწის დამუშავება მიმდინარეობს.

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტერიტორიაზე უკვე ახალი აბონენტები დააერთა, რის შემდეგაც დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები, რაც წარმოადგენს პროექტის საწყის ფაზას. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება და ბორდიურის მოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაშიც, რომლის ფარგლებში წყალარინების ქსელის პრობლემა მოუგვარდება კიდევ ორი - კალაუბნისა და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს.

კახა კალაძის განცხადებით, წყალარინების ქსელის მოწყობა დაგეგმილია ამავე დასახლებაში, გომბორისა და ერთობის ქუჩებზეც.

„სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ამ დრომდე არ არსებობდა, 3 600-ზე მეტ გრძივ მეტრზე მოეწყობა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტისთვის ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თანამშრომლიბისთვის მადლობა გადაუხადა შესაბამის პროვაიდერ კომპანიებს.

„გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურა იყო მოშლილი, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არსებობდა, შესაბამისად მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ ემსახურებოდა. წლების წინ აღნიშნული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ხდება დაქსელვა - კომუნიკაციებით უზრუნველყოფა. მადლობა პროვაიდერ კომპანიებს თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას. ამჯერად, ცვლილება შეგვაქვს ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის - N304 მარშრუტში. აღნიშნულ მარშრუტზე 16 მაისიდან 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 18-მეტრიანი ავტობუსებით. შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გამოთავისუფლებულ ავტობუსებს, ინტერვალის შემცირების მიზნით, სხვა მარშრუტებზე გამოვიყენებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა და ახალი ავტობუსების მარშრუტებზე გასვლის პარალელურად, გამოთავისუფლებული რესურსი ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის