USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 12 ივნისის თბილისის მთავრობის სხდომაზე
дата:  478

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი გახდება ხელმისაწვდომი.

მისივე თქმით, ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში, მისი ექსკლუზიური ლიცენზიორი კი თბილისის მერიაა.

„სულ მალე საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება და აერთიანებს 9 მილიონამდე ახალგაზრდას. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ამისთვის ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში.

ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი და თბილისის მერია 2025 წლის შემოდგომიდან ერთად უზრუნველყოფენ, რომ ამ შესაძლებლობით, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ევროპული ახალგაზრდული ბარათი გახდება საქართველოში პირველი ფასდაკლებების/შესაძლებლობების ქარდი, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ, 30-წლამდე ახალგაზრდას მისცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნებისა და საინტერესო გამოცდილებების მიღებისთვის.

„ევროპის მასშტაბით ათასობით ფასდაკლება უკვე ელოდება ქართველ ახალგაზრდებს, ადგილობრივ ფასდაკლებათა ნუსხა კი დღითი დღე იზრდება. ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა თბილისის მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშემწყობი ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა იქნება. ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ აღდგენის, ნაპირსამაგრი და საგზაო-სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია.

მისივე თქმით, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება: გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გატარდა უსაფრთხოების პირველადი ზომები. პარალელურად, გადაუდებელი წესით დაიწყო საპრევენციო, აღდგენითი სამუშაოები.

„პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მომხდარის გამომწვევი მიზეზები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ გზის ჩანგრევა გამოწვეული იყო გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. დამატებით ზემოქმედებას ახდენდა მტკვრის ჰიდროდინამიკური გავლენა ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა. უსაფრთხოების მიზნით, კალაპოტში დროებით შეიტანეს ლოდები და ბეტონის ბლოკები, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მოეწყო ხიმინჯები, აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის საფარი.

დარჩენილია: მდინარის მხარეს მოსაპირკეთებელი სამუშაოები; რკინაბეტონის ფარდის მოწყობა; ბეტონის ბლოკების ამოღება მდინარის კალაპოტიდან; ხიდის მოაჯირების მოწყობა, რაც ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია. აღნიშნული სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ - სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის. ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება აღდგენილია და ავტოტრანსპორტისთვის სრულად უსაფრთხოა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ყურადღება მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაციაზეც გამახვილდა. პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულად იცვლება არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

„პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება საჰაერო ელექტროსადენები. მოეწყობა გარე განათების ქსელი და მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სატრანსპორტო სქემას, მერის თქმით, იგი შედგენილია თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ.

„აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ქუჩებზე გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული, როგორც ფეხით ისე ავტომობილით გადაადგილებისას. პროექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს.

მისივე ინფორმაციით, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა, რაც 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს რეგისტრირებულ აღსაზრდელთა სწრებადობის აღრიცხვას.

„დღესდღეობით დედაქალაქის საბავშვო ბაღებში აღრიცხვიანობის სტანდარტული, მანუალური სისტემა მოქმედებს, რომელიც იწარმოება მატერიალური ჟურნალების გამოყენებით და თითოეული ბავშვის აღრიცხვა ხდება სპეციალური თანამშრომლის მიერ. პროექტის განხორციელების შედეგად, თითოეულ საბავშვო ბაღში დაინერგება ელექტრონული დაშვების საბარათე სისტემა, რაც მოიცავს ბარათის წამკითხველებს ვიდეოკამერებსა და ბარათებს. აღნიშნული ბარათები დაურიგდებათ, როგორც თანამშრომლებს, ისე აღსაზრდელების მშობლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის თქმით, მეტი კომფორტისთვის, ბარათებთან ერთად შესაძლებელი იქნება QR-კოდების მეშვეობით, მობილური ტელეფონის გამოყენებით, აღსაზრდელის ბაღში შესვლისა და ბაღიდან გასვლის დაფიქსირება მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ.

„სისტემა საშუალებას მისცემს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადაამოწმოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის განხორციელება და შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე კი, ელექტრონული პროგრამის შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати